Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში რუსეთის გაწევრიანება - ჩიხიდან გამოსავალი?


მიუნხენში დაწყებული უსაფრთხოების გლობალური კონფერენციის ფონზე სულ უფრო ხმამაღლა გაისმის რუსეთის ჩივილი ევროპის უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობის გამო. იმავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები არ იცვლიან პოზიციას და კვლავინდებურად მიიჩნევენ, რომ ნატო ევროპის უსაფრთხოების უმთავრესი საფუძველია. ამ ფონზე ბევრი სპეციალისტი სვამს კითხვას: ხომ არ იქნება შექმნილი მდგომარეობიდან ერთგვარი გამოსავალი რუსეთის ნატოში გაწევრიანება?

ევროპის უსაფრთხოების სისტემას ყველაზე მწვავედ რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აკრიტიკებს. დასავლეთში მოღვაწე ექსპერტების მცირე, მაგრამ მზარდი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ნატოს გზით რუსეთის ჩართულობა ევროპის უსაფრთხოების სისტემას ახალ იმპულსსა და საზრისს შესძენდა. მაიკლ მანდელბაუმი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე უსაფრთხოების გამართულ მექანიზმებს ხანგრძლივი მშვიდობა მოჰქონდა. ექსპერტის თქმით, ყველაზე თვალსაჩინო უარყოფითი მაგალითია პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, როცა უგულებელყოფილი იქნა გერმანიის ინტერესები, რამაც, თავის მხრივ, მეორე მსოფლიო ომის დაწყება განაპირობა. მაიკლ მანდელბაუმი შიშობს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთთან მიმართებაში მსგავს შეცდომას უშვებს. პროფესორი რიჩარდ კრიკუსიც, ავტორი ამერიკის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული შრომისა, საყურადღებოდ მიიჩნევს მოსაზრებას რუსეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე:

„ამგვარად, მანდელბაუმი ამტკიცებს, რომ ცივი ომის შემდგომ პერიოდში უნდა მოვძებნოთ რუსეთის უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციის გზა. ანუ, მისი მტკიცებით, რუსეთს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა უნდა მივცეთ. კვლევაშიც მოტანილი მაქვს არგუმენტები, რომ ეს მოსაზრება ნამდვილად იმსახურებს განხილვას. ამგვარად, რუსეთს მივცემთ ხმას, მაგრამ არა ვეტოს უფლებას, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალ სისტემაში.“

პირველად რუსეთის ნატოში გაწევრიანების მოსაზრება რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გამოთქვა 1999 წელს. მოგვიანებით იგივე გაიმეორა გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა იოშკა ფიშერმა. რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს დმიტრი მედვედევსაც აქვს ნათქვამი, 21-ე საუკუნეში რუსეთის მიზანი ნატოში გაწევრიანება უნდა იყოსო, თუმცა რუსი ექსპერტების ერთი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ნატოში რუსეთის შესვლის ალბათობა ერთიორად მაღალი იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი ამბობს, რომ სერიოზული შეთავაზების შემთხვევაში მოსკოვი აუცილებალდ იფიქრებს ამ საკითხზე:

„მე მივესალმებოდი მოვლენების ამგვარ განვითარებას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს თამაში და რუსეთის დასუსტების მცდელობა არაა. თუ ამის უკან მართლა იმალება რუსეთის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა, მაშინ მიმაჩნია, რომ ნატო სწორად აყენებს საკითხს და ეს შეთავაზება საინტერესო გამოწვევაა, რომელიც რუსეთმა აუცილებლად უნდა მიიღოს“, უთხრა კოსაჩევმა რადიო თავისუფლებას.

შედარებით სკეპტიკურადაა განწყობილი ფიოდორ ლუკიანოვი, რედაქტორი ჟურნალისა „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“. მისი თქმით, მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ნატოს დრო წავიდა და უსაფრთხოების მექანიზმიც ალიანსის გარეთ უნდა შეიქმნას.

„ნატოს რუსეთში აღიქვამენ ორგანიზაციად, რომელიც ღრმა კრიზისში იმყოფება. შესაბამისად, მასში შესვლის აუცილებლობაც, ვიდრე ალიანსი არ გამოიმუშავეს ახალი სტრატეგიის კონცეფციას და არ გაიზიარებს საერთოდ რისთვის არსებობს 21-ე საუკუნეში, ბუნდოვანია. სხვა სიტყვებით, რუსეთში ითვლება, რომ ნატო უფრო სუსტი ორგანიზაციაა, ვიდრე პირიქით.“

ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი დმიტრი რაგოზინი კი ამბობს, რომ ალიანსის რუსეთთან მიერთების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე პირიქით, რუსეთის ალიანსთან. ის ექსპერტებიც კი, რომლებიც შესაძლებლად მიიჩნევენ რუსეთის ნატოში გაწევრიანებას, აცნობიერებენ, თუ რამდენად რთული იქნება რუსეთთან კომპრომისის გამონახვა საქართველოსა და კურილიის კუნძულების საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა რიჩარდ კრიკუსი იმასაც ამბობს, რომ ამგვარი გეგმის მხარდაჭერის შემთხვევაში რუსეთში გაძლიერდებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ იზიარებენ რუსეთის იმპერიულ მიზნებსა და გეგმებს. კრიკუსის აზრით, საბოლოო ჯამში. ეს რუსეთის ინტერესშიცაა, რადგანაც საშუალება მიეცემა ააშენოს ევროპული ტიპის ძლიერი და სტაბილური ქვეყანა. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის ნატოში შესვლის შესაძლებლობის სერიოზულ განხილვას აუცილებლად მოჰყვება მასშტაბური ცვლილებები თავად ალიანსის შიგნით. ფიოდორ ლუკიანოვის თქმით, მოსკოვი არასოდეს დათანხმდება იმ ორგანიზაციის წევრობაზე, რომელშიც ვაშინგტონი დომინირებს:

„საკითხი ისაა, როგორ და რის საფუძველზე შევა რუსეთი ნატოში. თუ საერთო საწყისები იგულისხმება, ანუ თუ რუსეთს ალბანეთის ან პოლონეთის მსგავსად მიიღებენ, მაშინ ეს საინტერესო არაა. სხვა საქმეა, თუკი რუსეთის შესვლით ძირეულად შეიცვლება ნატო და მისი მართვის სისტემა. ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთი შევიდეს იმ ორგანიზაციაში, რომელშიც გადამწვეტი სიტყვა შეერთებულ შტატებს ეკუთვნის.“

ლუკიანოვი იმასაც ამბობს, რომ რუსეთის ნატოში შესვლის შემთხვევაშიც კი მსოფლიო მეტად სტაბილური მაინც ვერ იქნება. ნატოს ამგვარი გაფართოება აღმოსავლეთით გააღიზიანებს ჩინეთს, რომელიც იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც ახლა რუსეთი იმყოფება. რუსი პოლიტიკოსი კონსტანტინ კოსაჩევი კი შენიშნავს, რომ რუსეთისადმი დასავლეთის გაორებული მიდგომა ძირითადი მიზეზია იმის, თუ რატომ არ განიხილავს მოსკოვი ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას სერიოზულად.

„ბოლო დროს ხშირად მიკითხავს ჩემი ნატოელი თანამოსაუბრეებისათვის: თქვენთვის თუ გაქვთ პასუხი შეკითხვაზე: რუსეთი არ შეიძლება იყოს ნატოს წევრი პოლიტიკური სისტემის ხარვეზებისა და ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო თუ არ შეიძლება იყოს პრინციპული მოსაზრებებით. საინტერესო ისაა, რომ ჩემს თანამოსაუბრეებს ეს შეკითხვა ყოველთვის ჩიხში აქცევს“, უთხრა კონსტანტინ კოსაჩევმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG