Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები თბილისში


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი სომხეთიდან საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ და თბილისი დღესვე დატოვეს. დაახლოებით 5 საათიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა 2 შეხვედრა, ჯერ - ოპოზიციური სპექტრის ლიდერებთან, ხოლო შემდეგ - საქართველოს პრეზიდენტთან. რა იყო საუბრის მთავარი თემები და რით დარჩა კმაყოფილი ხელისუფლება თუ ოპოზიცია?

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტაინბერგმა თბილისში ვიზიტს წარმატებული უწოდა და თბილისიდან გამგზავრებამდე, აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე, კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და შემდგომ განვითარებასთან მიმართებით:

”...ჩვენი შემდგომი დახმარებით გვეძლევა საშუალება ვიმუშაოთ საქართველოსთან მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით, ვიმუშაოთ ეკონომიკურ აღმშენებლობაზე და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებაზე. ასევე დავეხმაროთ მას სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში. ეს არის ჩვენი დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი.”

სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს სტაინბერგის მხრიდან ასევე გაკეთდა განცხადება ამერიკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდ-დოლარიანი დახმარების ბოლო ტრანშის გამოყოფასთან დაკავშირებით, რისთვისაც ამერიკელმა სტუმრებმა კიდევ ერთი მადლობა 5 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტისგანაც მიიღეს. მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში ამერიკის მტკიცე მხარდაჭერის მორიგ ღია გამოვლინებად შეაფასა. პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილებოდა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. და როგორც სტაინბერგმა ოდნავ მოგვიანებით ბრიფინგზე დააზუსტა, ”უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშის მოსახსნელად შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებასთან სერიოზულ მუშაობას აპირებს... თუმცა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა საკითხი პოლიტიკური დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს, რათა ახალი სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად არავითარი შესაძლებლობა აღარ დარჩეს.” აქვე საქართველომ მიიღო კიდევ ერთი მადლობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე ამერიკელი სტუმრები არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის 4 წარმომადგენელს შეხვდნენ, ესენი გახლავან: „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, გაერთიანების „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით გამყრელიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. საუბრის ძირითად თემად დასახელდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რაც, ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისითაც. პრობლემები, რომლებზეც მათ დახურულ კარს მიღმა ილაპარაკეს, ძირითადად შეეხებოდა ადამიანის უფლებებს, არჩევნებს, მედიას, სასამართლოს თუ პოლიტპატიმრებს. დავით გამყრელიძემ შეხვედრა ოპტიმისტური განწყობით დატოვა:

”მივიღეთ სერიოზული დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია - პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია - ძალიან სერიოზულად, პრინციპულად დააყენებს სწორედ დემოკრატიის პრიორიტეტს, დემოკრატიის განვითარების, ინსტიტუციონალიზაციის პრიორიტეტს საქართველოსთან ურთიერთობაში.”

დავით გამყრელიძისგან განსხვავებით, ოპტიმიზმის გამოხატვისგან თავი შეიკავა ლევან გაჩეჩილაძემ, რომლის აზრითაც, ”მიუხედავად ხშირი შეხვედრებისა და ძალიან დიდი მეგობრობისა, ჯერჯერობით არ დამდგარა არც ერთი კონკრეტული შედეგი - არც ქვეყნის უშიშროების და არც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.”

”ქართველი ხალხი ელოდება იმ კულუარული მუშაობისა და ზეწოლის შედეგებს, რომელსაც ნამდვილად აქვს ადგილი, რომ ადამიანებმა რეალურად იგრძნონ დემოკრატიული გარემოსა და ქვეყნის სტაბილურობის გაუმჯობესების რაიმე ნიშნები”, - ეს უკვე ნინო ბურჯანაძის განცხადებაა, გაკეთებული 5 თებერვალს, ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ. ოდნავ მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა განმარტა, რომ ”კულუარული ზეწოლა” არა ამერიკისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნებისთვის, არამედ რუსეთისთვის დამახასიათებელი სტილია.

ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე - გიორგი თარგამაძე - მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამერიკის დაპირებას, საქართველოში დემოკრატიული პროცესების დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით:

”სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გვითხრა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით საკმაოდ სერიოზული პრობლემებია, მათ მიიღეს გადაწყვეტილება დაფინანსების ზრდასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და გაძლიერებას აშშ-ის მხრიდან გამოყოფილ დახმარებაში მოხმარდება 11%-ით მეტი, ვიდრე ეს იყო აქამდე. კონკრეტულად ციფრებში როგორ გამოიხატება ეს, მე ვერ გეტყვით ამ ეტაპზე, თუმცა მოგვიანებით დაზუსტების საშუალება იქნება. ”

რადიო თავისუფლება შეეცადა ეს ინფორმაცია თბილისში შეერთებული შტატების საელჩოში გადაემოწმებინა. გაირკვა, რომ საქართველოსთვის ყოველწლიურად გამოსაყოფი დახმარების 11%-ით გაზრდის წინადადება საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის და ის გადაგზავნილია კონგრესში, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიური დახმარება დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მატება დაახლოებით 6 მილიონი დოლარი იქნება.
XS
SM
MD
LG