Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი არჩევნები 30 მაისს გაიმართება


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნები 30 მაისს გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტების თანახმად, იმისათვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას და, მათ შორის, პირველ რიგში, ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ არჩევნებისთვის უკეთ მომზადებისა და საარჩევნო კამპანიის სათანადოდ დაგეგმვის საშუალება, პრეზიდენტი მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს, დროულად იქნეს მიღებული კანონი, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება, რომ ადგილობრივი არჩევნები - და, მათ შორის, თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები - 30 მაისს ჩატარდება.

”ასევე, პრეზიდენტი მიესალმება ოპოზიციის ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესში. როგორც თქვენთვის ცნობილია, რამდენიმე ოპოზიციურმა სუბიექტმა სურვილი გამოთქვა და მათ მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო სიების გადამოწმებაში. ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში, რაც თავისთავად მაჩვენებელია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა. ეს კი საზოგადოების მთავარი მოთხოვნა და დაკვეთაა,“ - ამბობს მანანა მანჯგალაძე.

დაკვეთა, კერძოდ კი, საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარების დაკვეთა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტმაც მიიღო. ”საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ” კონსტიტუციური კანონი, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რიგგარეშე არჩევნები არაუგვიანეს 2010 წლის 1 ივნისს გაიმართება, მეორე მოსმენით განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გავა. კონსტიტუციური ცვლილება, თავის მხრივ, იწვევს ცვლილებას მიმდინარე კანონმდებლობაში, კერძოდ, საარჩევნო კოდექსში, თბილისის შესახებ კანონში და ასე შემდეგ. კანონით, საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღის განმავლობაში ნიშნავს. შესაბამისად, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები ჯერ არ დამტკიცებულა, შეიძლება ითქვას, რომ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად გამოცხადება პრეზიდენტის მხრიდან ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დაზუსტებაა, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები მოსალოდნელი აღარ არის.

”პრეზიდენტს აქამდეც რამდენჯერმე უთქვამს, ამ არჩევნებს 30 მაისს ჩავატარებთო. მაგრამ მე არა მგონია, რომ ეს იყოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტი. სავარაუდოდ, არჩევნები, ალბათ, 30 მაისს დაინიშნება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიიღებს შესწორებას კონსტიტუციაში. დამატებაა ეს 104-3 მუხლი. პრეზიდენტი ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს ამ კონსტიტუციურ კანონს, რომელიც ამის შემდეგ შევა ძალაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას დანიშნოს არჩევნების კონკრეტული თარიღი”, - გვითხრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა. თუმცა, ამ საკანონმდებლო და პროცედურული ნიუანსების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო ადმინისტრაციებმა პრეზიდენტისგან უკვე მიიღეს სათანადო გზავნილი იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანია გახსნილად ცხადდება.
XS
SM
MD
LG