Accessibility links

logo-print

მიუნხენის კონფერენციის მთავარ საკითხად ირანის ბირთვული პროგრამა რჩება


გერმანიის ქალაქ მიუნხენში გრძელდება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. დღეს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველე, რომელმაც თქვა, რომ ირანის დაპირება გამდიდრების მიზნით ბირთვული საწვავის უცხოეთში გაგზავნის თაობაზე "კარგი დასაწყისია" - მაგრამ თეირანმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ვესტერველეს განცხადებით, გერმანია ირანს კვლავაც უწვდის ხელს - მაგრამ ჯერჯერობით ამას შედეგი არ მოჰყოლია. ერთი დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოთაქიმ თქვა, რომ ირანი უახლოვდება საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას მისი მცირედ გამდიდრებული ურანის ნაწილის უცხოეთში გაგზავნის თაობაზე, უფრო მაღალგანვითარებული საწვავის სანაცვლოდ. მაგრამ გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელმა, იუკია ამანომ დღეს განმარტა, რომ მიუნხენში მიმდინარე შეხვედრაზე მისთვის მოთაქის რაიმე ახალი წინადადებით არ მიუმართავს. მიუნხენის კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარ თემებს ეძღვნება. საქართველოდან მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია.
XS
SM
MD
LG