Accessibility links

logo-print

ამერიკელი სტუმრებისა და ოპოზიციური მზადების კვირა


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და ჯეიმს სტაინბერგი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და ჯეიმს სტაინბერგი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

მიმდინარე კვირის მოვლენების მიმოხილვა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების თბილისში სტუმრობით დავიწყოთ. 5 თებერვალს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი თბილისში დაახლოებით 5 საათით ჩამოფრინდნენ და მხოლოდ 2 შეხვედრა გამართეს, ჯერ - ოპოზიციური სპექტრის ლიდერებთან, ხოლო შემდეგ - საქართველოს პრეზიდენტთან.

ამერიკელი სტუმრები არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის 4 წარმომადგენელს შეხვდნენ. ესენი გახლავთ: „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, გაერთიანების „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით გამყრელიძე; საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. საკითხები, რომლებზეც მათ დახურულ კარს მიღმა ილაპარაკეს, ძირითადად შეეხებოდა ადამიანის უფლებებს, არჩევნებს, მედიას, სასამართლოს თუ პოლიტპატიმრებს. შეხვედრის მონაწილეებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ შეერთებული შტატები საქართველოში დემოკრატიული პროცესებისათვის მეტი ყურადღების დათმობას გეგმავს. აი, რას ამბობს დავით გამყრელიძე:

”მივიღეთ სერიოზული დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია - პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია - ძალიან სერიოზულად, პრინციპულად დააყენებს სწორედ დემოკრატიის პრიორიტეტს, დემოკრატიის განვითარების, ინსტიტუციონალიზაციის პრიორიტეტს საქართველოსთან ურთიერთობაში.”

დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარების აუცილებლობას ხაზი თავად ჯეიმს სტაინბერგმაც გაუსვა თბილისიდან გამგზავრების წინ აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე, როდესაც მან კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს:

ჯეიმს სტაინბერგი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
”...ჩვენი შემდგომი დახმარებით გვეძლევა საშუალება ვიმუშაოთ საქართველოსთან მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით, ვიმუშაოთ ეკონომიკურ აღმშენებლობაზე და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებაზე. ასევე დავეხმაროთ მას სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში. ეს არის ჩვენი დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი.”

ჯეიმს სტაინბერგმა ამავე ბრიფინგზე გააკეთა განცხადება ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის გამიზნული მილიარდდოლარიანი დახმარების ბოლო ტრანშის გამოყოფასთან დაკავშირებით. ამ და სხვა არაერთი სახის მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს ამერიკის მხრიდან, სტუმრებმა 5 თებერვალს გულითადი მადლობა პრეზიდენტისგანაც მიიღეს. მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში ამერიკის მტკიცე მხარდაჭერის მორიგ ღია გამოვლინებად შეაფასა. პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილებოდა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. სტაინბერგის განცხადებით, ”უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშის მოსახსნელად შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებასთან სერიოზულ მუშაობას აპირებს... თუმცა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა საკითხი პოლიტიკური დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს, რათა ახალი სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად არავითარი შესაძლებლობა აღარ დარჩეს.”

საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსაკუთრებული ყურაღება არ გამახვილებულა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც მიმდინარე კვირაში გერმანიის ქალაქი მიუნხენი მასპინძლობდა. თუმცა, მაგალითად, საქართველო 6 თებერვალს ტრიბუნაზე ახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, როდესაც ის ნატოსთან დაპირისპირებას ცდილობდა:

სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
„როცა გვეუბნებიან, რომ ნატოს გაფართოება ჩვენს უსაფრთხოებას გაზრდის - ღრმა პატივისცემით უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ არ გვესმის, ეს როგორ მოხდება. როგორ გაზრდის ჩვენს უსაფრთხოებას რუმინეთსა და ბულგარეთში სამხედრო ბაზების არსებობა? ან ნატოს ყოფნა შავ ზღვაზე? როგორ გაზარდა ჩვენი უსაფრთხოება საქართველომ, რომელმაც ბუქარესტის სამიტზე შეიტყო, რომ საქართველოს ნატოში მიიღებენ, რამდენიმე თვეში კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო პირებსა და რუს მშვიდობის დამცველებზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა.“

სერგეი ლავროვმა, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, კიდევ ბევრი ილაპარაკა საქართველოზე და ის სასტიკ აგრესორად მოიხსენია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრაიან უიტმორი იუწყებოდა მიუნხენიდან, ლავროვის საუბარში შეკითხვის ფორმით ჩაერთო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ”რომელმაც ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთა, ძალიან გააკრიტიკა რუსეთი. მან ილაპარაკა რუსეთის მხრიდან მეზობლების მიმართ და საქართველოს მიმართ აგრესიული ქმედებების ისტორიაზე. ასევე ბრაიან უიტმორის ინფორმაციით, ვაშაძის მწვავე განცხადებებს ლავროვის საპასუხო რეაქციები აღარ მოჰყოლია, რამაც აუდიტორია საკმაოდ გაკვირვებული დატოვა.

აქვე ვთქვათ, რომ მიუნხენში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს მართავდა გაერთიანების „ალიანსი საქართველოსათვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია. ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით, ალასანია ხუთშაბათ საღამოს სიტყვით გამოვიდა ახალგაზრდა ევროპელი ლიდერების წინაშე. მიუნხენში ასევე იმყოფებოდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

დავუბრუნდეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. მიმდინარე კვირაში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო ს მიდგომა ევროსაბჭოში წარადგინა. საუბარია დოკუმენტზე, სახელწოდებით ”ჩართულობა თანამშრომლობის გზით” - იგივე „ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სტრატეგია“ . იაკობაშვილი ამბობს, რომ ინტერესი ”უზარმაზარი” იყო და დოკუმენტს ღიად დაუჭირეს მხარი 22 სახელმწიფოს ელჩებმა:

თემურ იაკობაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
”ერთადერთი, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი შეეცადა მნიშვნელობა შეემცირებინა ყველაფრისა. ჩვენ მოვუწოდეთ გენერალურ მდივანს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ევროსაბჭომ არა მხოლოდ სტრატეგიის გეგმის შემუშავებაში, არამედ მის განხორციელებაში.”

ევროსაბჭოში საქართველოს მიერ სტრატეგიის წარდგენის პარალელურად, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა სტრატეგია საქართველოს მიერ აფხაზეთის დაბრუნების გეგმად შეაფასა და თქვა, რომ აფხაზეთი ამ სტრატეგიის განხილვას არ აპირებს.

თუკი ევროსაბჭოს თემას გავაგრძელებთ, უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოში შეხვედრებს მართავდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია. კომისიის ხელმძღვანელის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუცია, რომელშიც ხელისუფლების შტოთა ბალანსი სერიოზულადაა დარღვეული, თანამედროვე და დასავლურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ბუკიკიოს განცხადებით, ეს მდგომარეობა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების კონსენსუსის შედეგად უნდა გამოსწორდეს.

ახლა გადავხედოთ მიმდინარე კვირაში ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სარბიელზე განვითარებულ მოვლენებს.

მანანა მანჯგალაძე, საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი
უკვე ცნობილია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონკრეტული თარიღი. შაბათს, პრეს-სპიკერის საშუალებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს, ”დროულად იქნეს მიღებული კანონი და პირდაპირ ჩაიწეროს, რომ ადგილობრივი არჩევნები და, მათ შორის, თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები ჩატარდეს 30 მაისს”. დასაჩქარებელი ცვლილება, რომელისკენაც პრეზიდენტი პარლამენტს მიუთითებს, საკონსტიტუციო ცვლილება გახლავთ, რომლის პროექტსაც საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ არჩევნების კონკრეტული თარიღის ოფიციალურად გამოცხადება პრეზიდენტს მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც ცვლილებების პროექტი დაკანონდება და ძალაში შევა.

შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 30 მაისის დასახელების თაობაზე გაკეთებული განცხადება შესაძლებელია განვიხილოთ იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ თარიღი აღარ შეიცვლება და რომ პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ადმინისტრაციები არჩევნებისთვის მზადებას უნდა შეუდგნენ.

სწორედ მაისის არჩევნებთან არის დაკავშირებული ოპოზიციის სამომავლო გეგმების, იდეებისა და შესაძლებლობების ძირითადი ნაწილი, რომელიც ამ კვირაში გამოიკვეთა.

1 თებერვალს საბოლოოდ გაირკვა, თუ რომელი პოლიტიკური ძალები აპირებენ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში ჩართვას. მმართველი პარტიის - ნაციონალური მოძრაობის - გარდა, სიების გადამოწმებას აპირებს 11 საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალა. ეს პარტიებია: რესპუბლიკური პარტია, „ახალი მემარჯვენეები“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „საქართველოს გზა“, კონსერვატიული პარტია, „ქართული დასი“, პარტია „ჩვენ თვითონ“, „ხალხის პარტია“, პარტია „თავისუფლება“, მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. ამ პოლიტიკურ ძალებს თანაბრად დაუნაწილდებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონ 200 ათასი ლარი და, შესაბამისად, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარი ერგება.

აქვე გავიხსენოთ, რომ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების უფლებას კანონი მხოლოდ იმ 14 პოლიტიკურ ძალას აძლევს, რომლებსაც საბიუჯეტო სახსრების გამოყენების უფლება აქვთ. ამ 14-დან, როგორც ვთქვით, თანახმაა 12, ხოლო დანარჩენი 2 - ლეიბორისტული პარტია და ეროვნული ფორუმი - უარს აცხადებს. მაგალითად, ლეიბორისტებმა ამ პროცესს ”წინასწარ დაგეგმილი გაყალბებული არჩევნების კარგად შეფუთული მენეჯმენტი” უწოდეს და არ აიღეს სამომავლო პასუხისმგებლობა საარჩევნო სიების სიზუსტეზე, რის მიღწევაც შეუძლებელია, თუნდაც, ვთქვათ, დროის სიმცირის გამო.

ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად პოლიტიკურ პარტიებს მიეცათ 38 დღიანი ვადა, 5 თებერვლიდან 15 მარტამდე. თუმცა არ არსებობს ერთობლივი მუშაობისთვის აუცილებელი კოორდინაციის მექანიზმი, საერთო მეთოდოლოგია თუ გეგმები.

5 თებერვალს ქრისტიან-დემოკრატებმა წარმოაყენეს ინიციატივა ძალებისა და ფინანსების გაერთიანებასთან და სწორად, შედეგიანად ხარჯვასთან დაკავშირებით. საარჩევნო უბნების სიმრავლის გამო, ქრისტიან-დემოკრატები ამომრჩეველთა „კარდაკარ“ აღრიცხვის განსახორციელებლად პარტიებს საგანგებო წილისყრას სთავაზობენ.

თუმცა, როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ ასევე 5 თებერვალს რადიო თავისუფლებაში სტუმრობისას აღნიშნა, ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში პრაქტიკულად წარმოუდგენელია ყველას მუშაობა ყველასთან. საერთო ენის გამონახვა მხოლოდ მოკავშირეებსა და თანამოაზრეებს შორის არის შესაძლებელი:

”ახალი მემარჯვენეები რესპუბლიკელებთან და თავისუფალ დემოკრატებთან ერთად გავაერთიანებთ ჩვენს ფინანსურ და ადამიანურ რესურსს და ერთობლივად ვაწარმოებთ ამ სამუშაოებს. ალბათ, ანალოგიური მოხდება კონსერვატორებსა და „ხალხის პარტიას“ შორის. იქ არიან კიდევ ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც შეიძლება ჩვენ დავაამხანაგოთ ამ პროცესში.”

მამუკა კაციტაძის მიერ ნახსენები „ხალხის პარტია“ და კონსერვატორები ძალების გაერთიანებას გეგმავენ სხვა პროცესებშიც, სადაც მათთან ერთად არის ზურაბ ნოღაიდელის პარტია ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”. საუბარია ძალების გაერთიანებაზე ორი მიმართულებით, ესენია: წინასწარი არჩევნების, პრაიმერის ჩატარება და გაზაფხულის საპროტესტო აქციების ახალი ტალღა. აქციები მაისის არჩევნების გაყალბების პრევენციას ისახავს მიზნად.

პრაიმერის ინიციატორი პარტიების მიერ 1 თებერვალს წარმოდგენლი გეგმის - ”საქართველოს გამარჯვების გეგმის” - თანახმად, პირველი საპროტესტო აქცია 9 აპრილს გაიმართება, რასაც 18 აპრილს თბილისის პრაიმერი მოჰყვება, 26 მაისს კი - გამაფრთხილებელი აქცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო გაყალბების წინააღმდეგ. ხოლო მას შემდეგ, რაც 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, საპროტესტო აქციები მაინც გაგრძელდება - ამჯერად უკვე მოპოვებული ხმების დაცვისა და სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟისთვის შემდგომი ბრძოლის მიზნით. ასეთია პრაიმერის ინიციატორი 6 პარტიისა თუ მოძრაობის განაცხადი. თუმცა მათგან ერთს - „მომავლის პარტიას“ - ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას გამოცხადებულ საპროტესტო აქციებში.

პრაიმერის ორგანიზატორმა პარტიებმა ხსენებულ პროცესებში ჩართვის მიწვევა კიდევ 13 პოლიტიკურ პარტიასა და მოძრაობას გაუგზავნეს - მათ შორის, გაერთიანებაში „ალიანსი საქართველოსთვის“ შემავალ პოლიტიკურ პარტიებს. თუმცა, როგორც ახალი მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძის კომენტარიდან ირკვევა, „ალიანსი“ არ აპირებს ითანამშრომლოს ჯგუფთან, რომელმაც ”ზურაბ ნოღაიდელთან ერთად მკაფიოდ გამოკვეთა თავისი პრორუსული საგარეო ორიენტირი და იქცა ერთგვარ იდეოლოგიურ ჯგუფად - ჯგუფად, რომელმაც პრაიმერი სტრატეგიულ ხაზად გაიხადა და არა ინსტრუმენტად, რომელიც ოპოზიციას რაიმეში დაეხმარებოდა.” ამასთან, განსხვავებულია მიდგომა აქციებთან მიმართებითაც. „ალიანსი საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ გარკვეული სახის აქციებს თავადაც გეგმავს, თუმცა ის ”მთელი შეგნებით ეწინააღმდეგება დაანონსებულ აჯანყებებსა და იდე ფიქსად ქცეულ თარიღებს.”
XS
SM
MD
LG