Accessibility links

logo-print

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს


ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, რეგიონების პარტიის ლიდერს ვიქტორ იანუკოვიჩს ხმების 48,23% აქვს, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს კი - 46,14%. ცსკ-ის მიერ ამ დროისთვის დამუშავებულია ოქმების 95,25%.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი მაგერამ დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს რეზერვი აქვს, რადგან უკრაინის ზოგიერთ დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქში შედეგების დათვლა ჯერ არ დასრულებულა. მეორე ტურის წინასწარი შედეგების ამსახველ მეტ-ნაკლებად სრულ სურათს ცსკ დღის ბოლოსთვის ელის.

კიევში, ცსკ-ის შენობასთან ”რეგიონების პარტიის” ლიდერის რამდენიმე ათასი მხარდამჭერია შეკრებილი. ისინი იანუკოვიჩის გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან და აცხადებენ, რომ ხალხის არჩევანს დაიცავენ.

ტიმოშენკოს პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში არჩევნების შედეგები იანუკოვიჩის სასარგებლოდ გაყალბდა, ამიტომ, ტიმოშენკოს გუნდი საკუთარ ხმებს დაიცავს.

თავის მხრივ, ვიქტორ იანუკოვიჩმა ჯერ კიდევ გასულ ღამით განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, იულია ტიმოშენკო ძლიერ ოპონენტად მოიხსენია და მოუწოდა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომისთვის მოემზადოს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა საჭირო შეიქნა მას შემდეგ, რაც იანვარში შემდგარმა პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ორივე კანდიდატი აცხადებდა, რომ გააუმჯობესებს ქვეყნის ურთიერთობას მოსკოვთან. ეს ურთიერთობა პროდასავლელი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მმართველობის პერიოდში დაიძაბა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 59 წლის იანუკოვიჩი პროფესიით მექანიკოსია. მას მომხრეები ძირითადად რუსულენოვან, ინდუსტრიულ აღმოსავლეთსა და სამხრეთში ჰყავს.

მისი მეტოქე, მოქმედი პრემიერი ტიმოშენკო 49 წლის არის. მისი მომხრეები ძირითადად კიევში და ნაციონალისტური განწყობით გამორჩეულ დასავლეთ რეგიონებში ცხოვრობენ.

ორ კანდიდატს შორის დაყოფას ანალიტიკოსები აღიქვამენ ქვეყნის რუსულენოვან აღმოსავლეთსა და უფრო ნაციონალისტურ დასავლეთს შორის დაპირისპირების გამოხატულებად.
XS
SM
MD
LG