Accessibility links

logo-print

ახალგორელების ყველა გზა თბილისისკენ მიდის


ახალგორის ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო

ახალგორის ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო

თითქმის ერთი თვეა ახალგორში მიმოსვლისთვის ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოზე ახალი რეჟიმი ამოქმედდა - ნებისმიერმა მოქალაქემ პირადობის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული რუსული თარგმანი უნდა წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში - გადაადგილებას ვერ შეძლებს. ახალგორელების უმრავლესობამ დოკუმენტაცია უკვე მოაწესრიგა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საზღვარი მთლიანად ვერ ჩაკეტა, რადგან ამ შემთხვევაში დაბა გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი აღმოჩნდებოდა. ამჟამად, ახალგორიდან მიმოსვლა მხოლოდ თბილისისკენ არის შესაძლებელი. ცხინვალისკენ და რაიონის სხვა სოფლებისკენ გადაადგილება თითქმის მთლიანად შეწყვეტილია.

ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაცია რუსი მესაზღვრეების სამხედრო, მაღალი გამავლობის მანქანებს სოფლებში საკვები პროდუქტის ჩასატანად იყენებს. ახალგორის მაცხოვრებლის თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, თბილისთან კავშირი რომ არ იყოს, დაბა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგებოდა, რადგან რაიონში პროდუქტის შეტანა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

ახალგორში გათბობის პრობლემაც დგას. რაიონს ქართული მხრიდან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ოსურმა ადმინისტრაციამ დაბის სამი სკოლა ერთ შენობაში განათავსა. თამარ მეარაყიშვილის თქმით, ახალგორის ქართული სკოლის შენობაში ამჟამად რუსული და ქართული სკოლებია განთავსებული, კლასები ფარდით არის გადატიხრული. შესაბამისად, სწავლის ხარისხი დაბალია.

ახალგორის პრობლემებზე საუბრობს დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაბაში ჩასულ რუს ჟურნალისტებს ახალგორის მდგომარეობა ნათელ ფერებში დაუხატა, მაგრამ ადგილზე რომ უამრავი პრობლემა აქვს, ამის შესახებ მხოლოდ ადგილობრივი ტელევიზიით ისაუბრა.

ყოველდღიურად ასობით მოქალაქე ახალგორის ე.წ. საზღვარს გადადის. როგორც ქართველები, ისე ოსები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პროდუქტების საყიდლად მიდიან. ახალგორელების განცხადებით, მოწესრიგებული საბუთებით გადაადგილებისას ე.წ. რუსი მესაზღვრეები მათ პრობლემებს არ უქმნიან.
XS
SM
MD
LG