Accessibility links

საქართველო-უკრაინის ურთიერთობა იანუკოვიჩის დროს


ვიქტორ იანუკოვიჩი, პარტია ”რეგიონების” ლიდერი

ვიქტორ იანუკოვიჩი, პარტია ”რეგიონების” ლიდერი

უკრაინაში პარტია ”რეგიონების” ლიდერის ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებას მისი მომხრეები უკვე ზეიმობენ და აცხადებენ, რომ ”უკრაინაში ახალი ცხოვრება იწყება”, თბილისში კი იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც, შესაძლოა, მოჰყვეს პრორუსულიად განწყობილი იანუკოვიჩის უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოსვლას.

იმოქმედებს თუ არა ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე? შესაძლოა თუ არა ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის ბზარი გაუჩნდეს - დაწესდეს სავიზო რეჟიმი და ა.შ.? - ეს კითხვები საქართველოში ჯერ კიდევ იანვარში, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, გაჩნდა, როდესაც არჩევნების შედეგებმა იანუკოვიჩის უპირატესობა აჩვენა. სურათი უკრაინაში არც მეორე ტურის შემდეგ შეცვლილა - მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც გამარჯვება კვლავ იანუკოვიჩს ერგო. საქართველოს საგარეო უწყების შეფასების თანახმად, უკრაინაში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, რაც იმედს იძლევა, - განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, - რომ საქართველო უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება.

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი ფიქრობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაბალანსდება, თუმცა ის ვეღარ იქნება ისეთი მეგობრული, როგორიც ძველი ხელისუფლების პირობებში იყო:

„იარაღის შესყიდვაზე ლაპარაკიც აღარ იქნება. საბორნე მიმოსვლა, - ნიკოლაევი-ფოთის მარშრუტი, - ალბათ, გაგრძელდება, რადგან უკრაინის ინტერესებშიც არის. სავიზო რეჟიმი, ჩემი პროგნოზით, ალბათ, არ შემოვა. უკრაინის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ცნობა გამორიცხულია, რადგან იანუკოვიჩს ყირიმის პრობლემაც აქვს - მოსკოვში უკვე გაკეთდა განცხადებები, იანუკოვიჩთან შესაძლოა საუბარი ყირიმის დაბრუნებაზეო...“

ცინცაძის პროგნოზით, ცვლილებებს უფრო გეოპოლიტიკური მიმართულებით უნდა ველოდოთ:

”ნატოსთან უკრაინის სამომავლო ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია. ასევე გადაიწია ევროკავშირში შესვლის პერსპექტივამ 20-25 წლით.”

ანდრო ბარნოვი, პოლიტოლოგი
კარდინალურ ცვლილებებს ჯერჯერობით არ ელის არც პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი, თუმცა, მისი აზრით, გამორიცხული არ არის იანუკოვიჩმა მიიღოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება:

”სიმართლე გითხრათ, მე ველი სავიზო რეჟიმის დაწესებას, რადგან ეს არის საკითხი, რასაც იანუკოვიჩი ადვილად მოაწერს ხელს, რომ რუსეთს ასიამოვნოს და თავისი პრორუსული იმიჯი ამით შეინარჩუნოს. თუმცა ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ უკრაინას უცებ საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულება გაუჩნდება. ასეთი განწყობა არც ქვეყანაშია და ვერც ერთი ლიდერი ასე უცებ ვერ შეძლებს შეცვალოს დამოკიდებულება.”

ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკრაინაში პრეზიდენტი არ არის ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიმღები ფიგურა. რუსეთის მხრიდან ზეწოლის შემთხვევაშიც კი, თავის სიტყვას იტყვის ოპოზიცია. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეს თენგიზ ფხალაძეს ოპტიმიზმის საფუძველს სწორედ უკრაინის სახელისუფლებო იერარქიაში ძალთა გადანაწილების ბალანსი აძლევს:

თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე
”ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინის უმაღლეს რადაში ძალთა თანაფარდობაზე და, ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში, პირადი ურთიერთობების გარდა, არსებობს კიდევ ვალდებულებები, რომლებზე პასუხისმგებლობაც უწევს ნებისმიერ მხარეს. უკრაინა კი ჩართულია უამრავ საერთაშორისო პროექტში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოც.”

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ნიკა ჩიტაძეც გამორიცხავს, რომ პრორუსული ორიენტაციის იანუკოვიჩი ყველა გადაწყვეტილების მიღებისას რუსული ინტერესებით იხელმძღვანელებს. ის არ დაემსგავსება ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს. ჩიტაძის პროგნოზით, უკრაინის ახალ პრეზიდენტს აუცილებლად მოუწევს ოპოზიციის აზრის გათვალისწინებაც. ეს აჩვენა არჩევნების შედეგებში მინიმალურმა სხვაობამ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამომრჩევლებში იანუკოვიჩის ლეგიტიმურობა, ჩიტაძის აზრით, არცთუ ისე მაღალია. რაც შეეხება საქართველო-უკრაინის მომავალ ურთიერთობებს, ჩიტაძის პროგნოზი ასეთია:

ნიკა ჩიტაძე, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში
”რუსეთის მხრიდან გარკვეული ზეწოლა იქნება უკრაინაზე. მაგალითად, ის, რომ უკრაინამ გაზარდოს ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები, მაგრამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული მოლოდინები უსაფუძვლო მგონია.”

ჩიტაძე ასევე არ გამორიცხავს აქტუალური გახდეს უკრაინის მხრიდან რუსეთთან, ბელორუსიასა და ყაზახეთთან თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონის შექმნის საკითხიც, მაგრამ ეს ქართულ პროდუქციას უკრაინულ ბაზარზე საფრთხეს არ შეუქმნის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG