Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია საქართველოში ფასების მკვეთრი ცვლილება?


თბილისის ბაზრობა
თბილისის ბაზრობა
საქართველოში სამომხმარებლო ფასების მატება შეიმჩნევა. გაძვირდა როგორც საწვავი, ასევე სასურსათო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი. წამლების გაძვირებას მოელიან ფარმაცევტული კომპანიებიც. გაძვირების ძირითად მიზეზად არა დეფიციტი, არამედ ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის ვარდნა სახელდება. ფინანსთა მინისტრის აზრით, ლარის კურსის ვარდნამ მხოლოდ ფსიქოლოგიური ზღვარი დაარღვია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით კი, ლარის კურსის სტაბილურობას აღარაფერი ემუქრება.

იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას თან მოჰყვა როგორც საწვავის ფასების ზრდა, ასევე სამომხმარებლო პროდუქტების არცთუ უმნიშვნელო ნაწილის გაძვირება.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი ყოველთვიურად იკვლევს სამომხმარებლო ფასების დინამიკას და მას გასული თვის ან წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ადარებს. დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარის, ზაზა ჭელიძის, განცხადებით, სამომხმარებლო კალათაში, რომელშიც 266 დასახელების საქონელი შედის, სულ რამდენიმე დასახელების პროდუქციის ღირებულება გაიზარდა. მათ შორის არის არასეზონური სასურსათო პროდუქცია - ადგილობრივი წარმოების სიგარეტი და ნავთობპროდუქტები:

”ძირითადად, იანვრის თვეში გაძვირება განიცადა: პომიდორმა - 15 პროცენტით, მწვანილმა - 16 პროცენტით, ადგილობრივი წარმოების სიგარეტმა - 12 პროცენტით, ბენზინის ფასის ცვლილება არის 0.8 პროცენტი და დიზელის საწვავი - 1.8 პროცენტით.”

თბილისის ბაზარი
ეკონომიკის ექსპერტთა აზრით, - მათ შორისაა დავით ნარმანიაც, - ფასების ზრდაზე ლარის კურსის ზეგავლენა ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების შედეგია.

”ძალიან მაღალი დამოკიდებულება არის იმპორტზე და სულ უფრო მეტად იმპორტი ენაცვლება ადგილობრივ წარმოებას, ანუ გაუარესებულია საგადამხდელო ბალანსი და სულ უფრო მეტი მოთხოვნაა დოლარზე, იმიტომ რომ იმპორტიორებს, ძირითადად, სჭირდებათ სულ უფრო მეტი დოლარის შეძენა, რათა განახორციელონ იმპორტი.”

იმპორტირებული პროდუქტებიდან ფასების ზრდა, ძირითადად, ნავთობპროდუქტებმა განიცადა. საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა დასახელდა, თუმცა ლარის კურსის ვარდნაც ერთ-ერთი ფაქტორია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის კომენტარი:

”აღიარებული პრაქტიკაა მსოფლიოში - ნავთობზე ვაჭრობა ხორციელდება დოლარებით. რა თქმა უნდა, როდესაც დოლარი მყარია და მასთან მიმართებაში დაცული არის ლარის სტაბილურობა, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად განსაზღვრავს ფასის სტაბილურობას.”

კიდევ ერთი იმპორტირებული პროდუქტი, რომლის ფასიც ზრდის ტენდენციით ხასიათდება, არის შაქარი. თუმცა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, შაქარი მთელი გასული წლის მანძილზე ძვირდებოდა და ამის მიზეზი მსოფლიო ბაზარია.

მაგრამ ლარის კურსის ბოლოდროინდელი ვარდნა რომ გაძვირებული პროდუქციის ჩამონათვალის გაზრდის საშიშროებას შეიცავს, ამის შესახებ წამლების რეალიზატორებმაც განაცხადეს. ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ პრეზიდენტის პაატა კურტანიძის განცხადებით, თუ ეროვნული ვალუტის ვარდნა გაგრძელდა, გაძვირების თავიდან აცილება გაუჭირდება. ამჯერად ფასის შენარჩუნება მოგების შემცირების ხარჯზე მოხდა.

მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ფიქრობს, რომ ლარის კურსის ცვლილება საგანგაშო არ არის.

”ჩვენ უფრო ფსიქოლოგიურ ბარიერს გადავაბიჯეთ. იყო 1.67, ახლა გახდა გახდა 1.72. ანუ 1.7 არის ფსიქოლოგიური ზღვარი, რომელზეც გადაბიჯება მოხდა.”

კახა ბაინდურაშვილის მსგავსად, ოპტიმისტურადაა განწყობილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მისი განცხადებით, აჟიოტაჟი ლარის გარშემო ჩაცხრა და მისი კურსის სტაბილურობას აღარაფერი ემუქრება. საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლარის კურსის სტაბილიზაციასთან ერთად, იმპორტიორებმა პროდუქციის ფასი ოდნავ შეამცირეს და ის გაძვირებამდელ დონეს უახლოვდება.
XS
SM
MD
LG