Accessibility links

კოკოითიმ ცხინვალში ომონი და სნაიპერები განათავსა


საცხოვრებელი და დამწვარი კორპუსები, ცხინვალი (ნიქოზის მიმდებარე ტერიტორია)

საცხოვრებელი და დამწვარი კორპუსები, ცხინვალი (ნიქოზის მიმდებარე ტერიტორია)

ედუარდ კოკოითიმ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების რაზმს დისლოკაციის ადგილი შეუცვალა და ცხინვალის გარეუბანში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შეიყვანა. ამ კორპუსიდან მოსახლეობა წინასწარ გაიყვანეს. ომონის მიერ დაკავებული კორპუსი ქართულ სოფელ ნიქოზთან ყველაზე ახლოსაა და იქიდან თითქმის მთელი სოფელი ჩანს.

ცხინვალში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციას რუსული სამშენებლო კომპანიები აწარმოებენ. ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა ვლადიმერ კოჟაევმა განაცხადა, რომ ომონის მიერ დაკავებული კორპუსის გარდა მეზობლად არსებული სამი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, გასარემონტებელ ომონის კორპუსში კი მუშებს ჯერ-ჯერობით არ უშვებენ.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, ამჟამად ომონს კორპუსში 30 ბინა აქვს დაკავებული. მაშინ, როდესაც ცხინვალელები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ისევ კარვებში ელოდებიან. რუსი მშენებლები ახლა იმაზე სწუხან, რომ დათქმულ ვადაში ყველა კორპუსის ჩაბარებას ვერ მოასწრებენ, რადგან კოკოითის ხელისუფლებას ომონის განთავსებასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილება აქვს მიღებული. კიდევ ერთი მშენებელი, ვლადიმერ შეკოჩიხინი აცხადებს, რომ ომონელთა კორპუსი ვერც ერთიან გათბობის სისტემაში ჩაერთვება.

სნაიპერის სამალავი სოფელ ერგნეთთან ახლოს
აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის ყველა შესასვლელს ეგრეთწოდებულ რუს მესაზღვრეებთან ერთად ოსური შეიარაღებული ძალებიც აკონტროლებენ. არაერთ ადგილას მოწყობილია სპეციალური ბლოკ-საგუშაგო. სტრატეგიულ სიმაღლეებზე კი სნაიპერები არიან ჩასაფრებულნი. გარდა ამისა, საგუშაგოებთან ახლოს მძიმე ტექნიკაც არის თავმოყრილი. ამ დროს, დე ფაქტო ლიდერს, ომონის სრული შემადგენლობა იმ კორპუსში შეჰყავს, რომელიც ქართულ სოფელს ესაზღვრება.

შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის გიორგი ავალიანის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებები მხოლოდ ახალი პროვოკაციების მოწყობის მცდელობად უნდა შეფასდეს.

მთავარი გზების გარდა ცხინვალიდან ნიქოზისკენ სამეურნეო ბაღებზე უამრავი შემოვლითი გზა გადადის. სუსტი კონტროლის პირობებში, ამ გზების საშუალებით ნიქოზში შესვლა და უკან დაბრუნება 10 წუთშია შესაძლებელი. ყოველდღიურად ერგნეთიდან და ნიქოზიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ცხინვალის ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების ობიექტებს და იქ მიმდინარე პროცესებს სპეცტექნიკით აკვირდებიან, ამიტომ ნიქოზში ვარაუდობენ, რომ ომონის სრული დანაყოფის განთავსება საცხოვრებელ კორპუსში მათ შენიღბვას და ახალი პროვოკაციების მოწყობას ემსახურება.
XS
SM
MD
LG