Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 9 თებერვალი 2010


უკრაინის არჩევნების შესახებ დღეს ბევრს წერს ქართული პრესა.

”24 საათის” ავტორი ასეთი ვარაუდით იწყებს: ”უკრაინის საარჩევნო ეპოპეა 2010 დასასრულს მიუახლოვდა და უკვე სავარაუდო გამარჯვებულის სახელიც ცნობილია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის სხვაობა საკმაოდ მცირეა და უკრაინას პოსტსაარჩევნო ბატალიები და ე.წ. ”მესამე ტური” ახსოვს, საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ კიდევ ადრეა.” გაზეთი ექსპერტებს ეკითხება: ”იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის ფაქტორის გათვალისწინებით, მოსალოდნელია თუ არა დასავლეთის ინტერესის შესუსტება მთლიანად რეგიონისადმი?“ გია ნოდია პასუხობს: ”უკრაინა დიდი ქვეყანაა. მისი მნიშვნელობა დასავლეთისთვის მაინც მაღალი დარჩება. აქედან გამომდინარე, რეგიონისადმი ინტერესი ვერ შენელდება.” არჩილ გეგეშიძე: ”თუკი მოვახერხებთ და ჩვენი უახლოესი არჩევნებით ყველას დავანახვებთ, რომ ჩვენც შეგვიძლია დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად არჩევნების ჩატარება, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, მაშინ, შეიძლება, ორივე ქვეყანას ერთდროულად მეტი ყურადღება მოგვაქციონ.” კახა გოგოლაშვილი: ”უკრაინასთან ურთიერთობების შესუსტების კომპენსირებას დასავლეთი სამხრეთ კავკასიის ხარჯზე შეეცდება.”

”რეზონანსი”აქვეყნებს სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუს. ის ფიქრობს, რომ იანუკოვიჩი რუსეთთანაც და საქართველოსთანაც დაბალანსებული ურთიერთობების შენარჩუნებას შეეცდება: ”საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება არის ზოგადად უკრაინელი ხალხის სურვილი. ამიტომ ერთი პოლიტიკოსის ახირებით ეს არ შეიცვლება. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ურთიერთობის დაძაბვას,” - ამბობს ცისკარიშვილი. ”რეზონანსის” კორესპონდენტი ექსპერტ რამაზ კლიმიაშვილსაც ესაუბრა: ”დასავლეთი იანუკოვიჩს უფრო სიხარულით მიიღებს, ვიდრე ტიმოშენკოს. დასავლეთს ეშინია, რომ უკრაინა არ დაიშალოს. მაშინ, შეიძლება, არა ორად, არამედ 6 სახელმწიფოდ დაიყოს”, - ამბობს კლიმიაშვილი.
”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა მალაშხია აცხადებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობას ვერავინ გარისკავს, ”მით უმეტეს, იანუკოვიჩი”: ”ეს უშვებს თვითონ უკრაინის დაშლას, რასაც უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს. ერთია, რა განცხადება გააკეთა იანუკოვიჩმა საარჩევნო პერიოდში და მეორეა - რეალობა. რეალობა იქნება ის, რომ საქართველო და უკრაინა არიან პარტნიორი ქვეყნები და ამ პარტნიორობის მდგომარეობა არ იცვლებოდა არც კუჩმასა და იუშჩენკოს პრეზიდენტობისას და არ შეიცვლება არც მომავალი პრეზიდენტის შემთხვევაში”, - აცხადებს მალაშხია.
”ახალი თაობა” ირინა სარიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. საუბრის დიდი ნაწილი ოპოზიციის წარმომადგენელთა რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ”ოპოზიციის ამ ერთ ნაწილს რუსეთთან დიალოგის თემა სჭირდება, რომ წინ წამოიწიოს. სანამ აგვისტოს ომი მოხდებოდა, დიალოგის აუცილებლობა პირველ რიგში მაშინ უნდა დაგვენახა, რათა აგვეცილებინა ის, რაც ყველაზე დიდი დარტყმა იყო საქართველოსთვის. დღეს, როდესაც ამ დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, ისმის ლოგიკური შეკითხვა... დღევანდელ პირობებში დიალოგი რუსეთთან ისეთი მომგებიანი აღარ იქნება საქართველოსთვის, როგორიც იქნებოდა აგვისტოს ომამდე. ხომ ისმის შეკითხვა, ნაკლებად მომგებიანი ვარიანტი რატომ გახდა მომხიბლავი ოპოზიციისთვის?” - კითხულობს სარიშვილი.
”ალიამ” ახალგაზრდა ეროვნული დემოკრატების მიერ ”მოღალატეთა სიის” გამოქვეყნებაზე კომენტარი სთხოვა ამ სიაში მოხვედრილ ზოგიერთ პოლიტიკოსს. კობა დავითაშვილის პასუხი: ”როცა ბაჩუკი ქარდავას ცნობადობა მიაღწევს პლეხანოველი მარინას ცნობადობის ნახევარს მაინც, მაგისი პარტიის წევრების გამონათქვამებზე კომენტარს მერე მოგცემთ”; კახა კუკავა: ”ეს არის ადრეული საბჭოთა კავშირიდან, ანუ ბოლშევიზმიდან გადმოყოლილი სტილი და, მე მგონი, საქართველო ამას უნდა დაემშვიდობოს”; პეტრე მამრაძე: ”მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ასეთი დაქსაქსულობა ოპოზიციაში - და, მით უფრო, დაპირისპირება - კარგს არაფერს მოგვიტანს. ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილს”. ეს კომენტარები ”ალიაში” ქვეყნდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG