Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირუსების ენერგია ინფიცირების პროცესში


ვირუსის გარსი ფეთქდება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, როცა ის სხვა უჯრედის ინფიცირებას ახდენს. ვირუსს დიდი წნევით შეჰყავს თავისი გენეტიკური ინფორმაცია მასპინძელ უჯრედში, რომელიც შემდეგ პარაზიტს ამრავლებს და ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს. ევროპელმა მეცნიერებმა პირველად შეძლეს იმ ენერგიის უშუალოდ გაზომვა, რომელიც ვირუსს სჭირდება ამ ოპერაციის ჩასატარებლად. გაზომვები არა მხოლოდ აქამდე არსებულ სიმულაციებს ადასტურებს. ისინი დიდ დახმარებას გაუწევს მედიცინას. თუკი შესაძლებელი გახდება ვირუსში შიდა წნევის შემცირება, ეს ვირუსის ტიპისა და მუტაციებისგან დამოუკიდებლად გახდიდა შესაძლებელს ინფექციის თავიდან აცილებას.

შვეციის ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტის პროეფოსორმა, ბიოქიმიკოსმა აქსელ ევილევიჩმა ჯერ კიდევ თავის ძველ გამოკვლევებში აჩვენა, რომ ვირუსის გარსზე წნევა შეესაბამება წყლის წნევას 500 მეტრის სიღრმეზე. ეს დაახლოებით ათჯერ მეტია, ვიდრე წნევა შამპანურის დახურულ ბოთლში.

ახალ გამოკვლევაში ევილევიჩმა და მისმა გუნდმა ინფექციის პროცესის პირდაპირ გაზომვა შეძლეს. აქამდე გაზომვა არაპირდაპირი მეთოდის ხდებოდა.

ასევე დადგინდა, რომ ენერგია, რომელსაც გამოყოფს ვირუსი, დამოკიდებულია მის გარსში არსებული წყლის მასაზე. შესაბამისად, მეცნიერები ეძებენ მეთოდებს, რომლებიც მათ წლის ამ მასის კონტროლის საშუალებას მისცემდა.

ვირუსს მოეპოვება ცილის თხელი გარსი, რომელშიც კაფსულასავით არის მოქცეული მისი გენეტიკური მემკვიდრეობა. მას არც უჯრედი მოეპოვება და არც ნივთიერებათა ცვლას განიცდის. ამიტომაც ახდენს ის სხვა, მასპინძელი უჯრედების ინფიცირებას, რათა მათ ვირუსის მაგივრად გაამრავლონ მისი გენები. ახალწარმოქმნილი ვირუსები ტოვებენ მასპინძელ უჯრედს და შეიძლება სხვა უჯრედის ინფიცირება მოახდინონ. ვინაიდან ვირუსის ღეროვანი უჯრედები სწაფად განიცდიან მუტაციას, ძალზე ძნელია მათ წინააღმდეგ ხანგრძლივი მოქმედების საშუალებების პოვნა.


ეჭვიანობა დაქორწინებულთათვის უფრო სახიფათოა, ვიდრე დაუქორწინებელი პარტნიორებისთვის


როგორც ამერიკულ-კანადური სამეცნიერო ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, ქორწინებაში მყოფი ადამიანების სამი მეოთხედი უკიდურესად ბედნიერია. მაგრამ როგორც კი ცოლ-ქმრობაში ეჭვიანობის ფაქტორი ჩნდება, კმაყოფილება დაახლოებით ნახევრდება. სხვაგვარი ვითარებაა პარტნიორების შემთხვევაში, რომლებიც არ იმყოფებიან საქორწინო კავშირში. მათ შორის კმაყოფილების ხარისხიც უფრო დაბალია და ეჭვიანობის უარყოფითი შედეგებიც უფრო ნაკლებად დრამატული.

„ქორწინებას გარკვეულ ჯილდოს ვუკავშირებთ, მაგრამ ის რისკებთანაც არის დაკავშირებული“, ამბობს ენტონი პაიკი აიოვის უნივერსიტეტიდან. ენტონი პაიკმა და მისმა კოლეგამ მარიანა გაცევამ ცოლ-ქმრულ ან არასაქორწინო ურთიერთობაში მყოფი 681 ჰეტეროსექსუალი მამაკაცი და ქალი შეისწავლეს. საცდელ პირებს ეკითხებოდნენ მათი პარტნიორული ურთიერთობით კმაყოფილებისა და ეჭვიანობის ფაქტორის შესახებ. დაუქორწინებელ წყვილთაგან დაახლოებით ნახევარი იტყობინებოდა ეჭვიანობის შესახებ, დაქორწინებულთაგან კი - მხოლოდ 18 პროცენტი. მაგრამ დაქორწინებულთა ამ 18 პროცენტში ეჭვიანობა ბევრად უფრო დიდ ბზარებს აჩენდა, ვიდრე დაუქორწინებელ წყვილთა ნახევარში.

„ახლო პარტნიორებს შორის ეჭვიანობის ფენომენის გაგებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს“, ხსნის პაიკი გამოკვლევის დასკვნაში. „ეჭვიანობა ძალიან მძლავრი გრძნობაა. ზოგიერთ შემთხვევაში ეჭვიანობა ან სასიყვარულო სამკუთხედი შეიძლება პარტნიორთა შორის მკვლელობის ან სხვა ძალადობის მოტივად იქცეს.“
XS
SM
MD
LG