Accessibility links

ბოლო დრომდე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ვიქტორ იანუკოვიჩს ყველა პრორუსულ კანდიდატად იცნობდა, მაგრამ მომავალში მას შეეძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის სტაბილიზებასა და დაახლოებაში როგორც ევროპასთან, ისე ქვეყნის დასავლეთ რეგიონებთანო, - ვკითხულობთ რამდენიმე დასავლურ გამოცემაში.

გერმანიის წამყვანი მემარცხენე-ლიბერალური გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ 9 თებერვლის ნომერში წერს, რომ პოლიტიკური მღელვარების ფონზე ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინისთვის სტაბილურობის მოტანა შეუძლია. „ამას იანუკოვიჩი დასავლეთ ევროპის პოლიტიკოსებთან თანამშრობლობით შეძლებდაო“, - წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ უკრაინის სტაბილურობაში ევროკავშირიც ძალიან დაინტერესებულია. სტატიაში ასევე აღნიშნულია: „ შიდა სტაბილურობა ნებისმიერი რეფორმის წინაპირობას წარმოადგენს და ამას ქვეყნის გავლენიანი ოლიგარქებიც გრძნობენ - მათაც იციან, რომ ევროკავშირისგან პოლიტიკური მხარდაჭერის კვლავ მისაღებად ქვეყანა უფრო დემოკრატიული უნდა გახდეს. ეს მხარდაჭერა კი კიევს ძალიან დასჭირდება, როგორც კი მოსკოვთან მორიგი კონფლიქტი შეექმნებაო.“

უნგრეთში გამომავალი კონსერვატორული ორიენტაციის „მადიარ ნემზეტის“ აზრით, ვიქტორ იანუკოვიჩმა ახლა უკრაინის გაერთიანებაზე უნდა იზრუნოს. „ვიქტორ იუშჩენკოს სახლში გაშვებით უკრაინელებმა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირველ კენჭისყრაზევე მიიღეს. იუშჩენკოს მმართველობას, ერთი მხრივ, დილეტანტიზმი და ნაციონალიზმი გამოარჩევდა, მეორე მხრივ კი, დემოკრატიის პრინციპების გაგება და ძალაუფლებისთვის გაუთავებელი ბრძოლა. ამან ქვეყანა ძალიან არასტაბილური გახადა“, -წერს უნგრული გამოცემა და დასძენს: „ეჭვგარეშეა, რომ ახალი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინას ყველა პრობლემას ვერ მოუხსნის, მაგრამ პოლიტიკური და რეგიონალური კონფლიქტებით დასუსტებული ქვეყნის გაერთიანებას თუ შეძლებს, ამოცანა უკვე შესრულებული იქნებაო.“

სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივაზე წერს ირლანდიური „აირიშ ტაიმსიც“: „ორივე კანდიდატს ზოგადად მსგავსი პროგრამა ჰქონდა - ორივე უპირატესობას ანიჭებდა ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას, განსაკუთრებით კი ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების შეთანხმების გაფორმებას. ნატოში გაწევრიანება ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოიხსნა, მაგრამ [იანუკოვიჩის] გამარჯვება პოლიტიკურ განსხვავებებზე მეტად უკავშირდება მისი მხრიდან ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთ რეგიონებად დაყოფისა და [ტიმოშენკოს] ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილების ეფექტიანად გამოყენებას“, - წერს აირიშ ტაიმსი და დასძენს: „თუკი ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სტაბილურობის დამკვიდრებას შეძლებს, ეს არჩევნები ცვლილებებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ეტაპი გახდებაო.“

ლატვიაში გამომავალი „ლატვიას ავიზე“ პოლიტიკური მეტოქეების - იანუკოვიჩის და ტიმოშენკოს - საგარეო ორიენტაციაზე ამახვილებს ყურადღებას და კრიტიკულად აანალიზებს გავრცელებულ შეხედულებას, რომ იანუკოვიჩი როგორც ტიმოშენკოზე, ისე თავის წინამორბედ იუშჩენკოზე უფრო პრორუსულ ორიენტაციას ატარებს. „უკრაინა არ არის რუსეთი, სადაც უკვე არჩევნებამდე ცხადი იყო, რომ პუტინს მედვედევი შეცვლიდა, საპარლამენტო არჩევნებს კი მათი „ერთიანი რუსეთის“ პარტია მოიგებდა. იუშჩენკომ დაკარგა პოპულარობა, რომლითაც ის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს სარგებლობდა. ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსულმა გაზმა, რაზეც უკრაინა დამოკიდებული რჩება. იუშჩენკოს ყოფილ მეტოქეს, იანუკოვიჩს, ახლა, როგორც იქნა, შეუძლია დაიკავოს პრეზიდენტის სავარძელი, რასაც ის უკვე დიდი ხანია ესწრაფვის, მაგრამ მას ასევე ძალუძს იმ იმიჯის გამოსწორება, რომელიც წარსულში შეექმნაო“, - ვკითხულობთ ლატვიურ გაზეთში. იქვე აღნიშნულია: „იანუკოვიჩი დასავლეთ უკრაინაში კვლავ ძალიან არაპოპულარულია და სრულიად შესაძლებელია მას კომპრომისებზე წასვლა მოუხდესო“.

უკრაინის არჩევნებს გამოეხმაურა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობილი პუბლიცისტი, ენ ეპლბაუმი. 9 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ის წერს, რომ ნარინჯისფერი რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობას დიდწილად გაუცრუა იმედი - ქვეყანაში რჩება ეკონომიკური პრობლემები, ისევე როგორც დაძაბულობა აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს შორის. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სტაბილურობა მხოლოდ დემოკრატიულმა პროცესმა შეინარჩუნაო, წერს ეპლბაუმი და დასძენს: „ახლა მთავარი გამოცდა ის იქნება, რამდენად სცემს პატივს იანუკოვიჩი თავის ამომრჩეველს და მომავალშიც შეინარჩუნებს თუ არა არჩევნების დემოკრატიულობას. ეს ადვილი გასაზომი იქნება, თუკი მას პოსტს თავის დროზე დაატოვებინებენ ისე, როგორც ყველა სხვა პოლიტიკოსს - მაშინ იგი შეინარჩუნებს ნარინჯისფერი რევოლუციის სულისკვეთებას. მაგრამ თუკი ხელისუფლებაში დარჩენას ვადაზე მეტხანს შეეცდება არჩევნების გაყალბების, ოპოზიციაზე ზეწოლის და ჟურნალისტების მკვლელობის გზით, როგორც ამას უკრაინის აღმოსავლელი მეზობლები აკეთებენ, მაშინ მივხვდებით, რომ საქმე კონტრრევოლუციასთან გვაქვსო“, - წერს ენ ეპლბაუმი „ვაშინგტონ პოსტის“ 9 თებერვლის ნომერში.

არჩევნებს ეხმაურება კიდევ ერთი ცნობილი პუბლიცისტი, გიდეონ რახმანი, „ფაინენშლ ტაიმსის“ 9 თებერვლის ნომერში. ანალიტიკოსი ზოგადად მიმოიხილავს ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ შედეგებს: „ტიტების რევოლუციიდან 5 წლის გასვლის შემდეგ ყირგიზეთში ავტოკრატია დაბრუნდა და ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ ამ ქვეყანას კვლავ „არათავისუფლად“ აფასებს. საქართველოს, ქარიზმატული პროდასავლელი პრეზიდენტის მიუხედავად (ან იქნებ სწორედ ამის გამო), „ნაწილობრივ თავისუფლად“ აფასებენ და ამ ქვეყანას გაბრაზებული რუსეთიც ემუქრება. გამონაკლისი უკრაინაა - მას „ფრიდომ ჰაუსი“ „თავისუფალ“ ქვეყანას უწოდებსო“, წერს რახმანი და დასძენს, რომ იანუკოვიჩის გამარჯვებამ უკრაინა თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების სიიდან ავტომატურად არ უნდა ამოაგდოს. „შესაძლებელია, იანუკოვიჩმა რუსეთის მხრიდან მანიპულაციის ან გაყალბების გზით კი არა, რეალურად გაიმარჯვაო“, - წერს ის და დასძენს: „იანუკოვიჩის გამარჯვების შესახებ ჩუმი უკმაყოფილების გამოთქმის ნაცვლად, უკეთესი იქნება ევროკავშირმა ისტორიული შეცდომა გამოასწოროს და, ბოლოს და ბოლოს, განაცხადოს, რომ უკრაინას და საქართველოს შეუძლიათ კავშირში გაწევრიანებას ესწრაფოდნენ. ეს საუკეთესო გზა იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის მიღწევები არსებულ ვითარებაშიც არ დაიკარგოსო“, - წერს გიდეონ რახმანი, „ფაინენშლ ტაიმსის“ 9 თებერვლის ნომერში.
XS
SM
MD
LG