Accessibility links

logo-print

რას ნიშნავს საფრანგეთისა და რუსეთის სამხედრო გარიგება და რას ემსახურება ”მისტრალით” ვაჭრობა


ფრანგული სამხედრო ხომალდი ”მისტრალი”

ფრანგული სამხედრო ხომალდი ”მისტრალი”

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, საფრანგეთი მზად არის გახდეს ნატოს წევრი პირველი სახელმწიფო, რომელიც რუსეთს თანამედროვე საბრძოლო ტექნიკას მიჰყიდის. საუბარია დაახლოებით ნახევარ მილიარდ ევროდ შეფასებულ სადესანტო ვერტმფრენმზიდ ”მისტრალზე”, რომელიც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაახლოებით 450 მედესანტეს, 16 მძიმე ვერტმფრენს, ჯავშანტექნიკასა და არმიის სხვადასხვა სახის აღჭურვილობას იტევს. რას ნიშნავს ნატოს წევრი სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რა გავლენას მოახდენს რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო გარიგება საქართველოს უსაფრთხოებაზე?

”არ შეიძლება მოველოდეთ, რომ რუსეთი იმოქმედებს, როგორც პარტნიორი, თუკი ჩვენ თავად არ მოვექცევით მას პარტნიორივით”, - ასეთია საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განმარტება, თუ რატომ გადაწყვიტა მისმა სახელმწიფომ რუსეთს უპრობლემოდ მიჰყიდოს სუპერთანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საბრძოლო ხომალდი. სარკოზი დარწმუნებულია, რომ ამ გარიგების უკან არავითარი სამხედრო საფრთხე არ იმალება.

ცხადია, რუსეთის ჯარის შესაძლებლობები გაუმჯობესდება... და ”მისტრალის” ყიდვისკენ ერთ-ერთ მთავარ ბიძგად ისიც იქცა, რომ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემებმა ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება რუსეთ-საქართველოს ომში
უცხოელი ანალიტიკოსები რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო გარიგებას საკმაოდ უსიამოვნო სიგნალად მიიჩნევენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ხომ მხოლოდ წელიწად-ნახევარი გავიდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში სწორედ პრეზიდენტ სარკოზის აქტიური შუამავლობით დაიდო. სხვა საკითხია, რომ ანალიტიკოსების გარკვეულ წრეებში სულაც არ თვლიან, რომ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში იმხანად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ - საფრანგეთმა - და მისმა პრეზიდენტმა შეაჩერა. მაგალითად, ასე ფიქრობს სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი, რომელიც თვლის, რომ ”სარკოზიმ, ასე ვთქვათ, ლამაზად გააფორმა ის, რაც, პირველ რიგში, ამერიკის დამსახურება იყო. თუმცა მან შემდგომში ეს ”ლამაზი გაფორმებაც” ვეღარ დაიცვა და აღარ დაიცვა.”

სჭირდება თუ არა რუსეთს „მისტრალი“ ძალების მოსაკრებად საქართველოს წინააღმდეგ? ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს რუსეთში მოღვაწე პოლიტოლოგს, სამხედრო ექსპერტს ალექსანდრ გოლცს, რომელიც რუსეთისთვის დამატებითი ძალების მობილიზების საჭიროებას ვერ ხედავს:

”ცხადია, რუსეთის ჯარის შესაძლებლობები გაუმჯობესდება... და ”მისტრალის” ყიდვისკენ ერთ-ერთ მთავარ ბიძგად ისიც იქცა, რომ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემებმა ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება რუსეთ-საქართველოს ომში იმ მიზეზით, რომ ჯარის განთავსება მასზე დიდ დროს მოითხოვს. თუმცა, მეორე მხრივ, ძნელია რაიმე შეადარო ნულს. იმდენად უზარმაზარია განსხვავება რუსეთისა და საქართველოს სამხედრო პოტენციალებს შორის, რომ ”მისტრალი”, ამ გაგებით, არ შემატებს სიმძლავრეს რუსეთის არმიას.”

ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს „მისტრალის“ ყიდვა ნატოს შიგნით დაპირისპირების გამოწვევისთვის სჭირდება. მაგალითად, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს უჩნდება შეკითხვა - ხომ არ ხდება შეერთებული შტატების პოზიციების იგნორირება იმავე ევროპული ქვეყნების მიერ?

რა ამოძრავებს საფრანგეთს? რატომ გადაწყვიტა პარიზმა სამხედრო გარიგებაზე წასვლა მოსკოვთან?

სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი არ გამორიცხავს, რომ პარიზის გადაწყვეტილების უკან მხოლოდ კომერციული ინტერესები იდგეს, რაც გრძელვადიანი, შორსმჭვრეტელი გათვლების არარსებობაზე მიუთითებს:

ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი
”სამწუხაროდ, პოლიტიკა გადაიქცა მოკლევადიანი ინტერესებით ჟონგლიორობის არენად და ეს აისახება ყველაფერზე... მაგალითად, არის ძალიან სერიოზული ბიზნესინტერესი, როდესაც ერთი გემი, ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო ღირს და ლაპარაკია 4 ასეთ გემზე. ანუ სერიოზულ ბიზნესინტერესზეა ლაპარაკი და კიდევ ბევრი რამის ვარაუდი შეიძლება ამის უკან - ეს არის ფული თუ კონკრეტული ბიზნესწრეების მხარდაჭერა... ”

ჩვენ ვერ შევეჯიბრებით რუსეთს შეიარაღებაში, ვერ შევეჯიბრებით „მისტრალებისა“ და მსგავსი გემების შესყიდვაში... ამიტომ ჩვენთვის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიად ისევ რჩება ნატოში გაწევრიანება
თბილისი პარიზის გადაწყვეტილების მკაცრი შეფასებისგან თავს იკავებს. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი თვლის, რომ ” ‘მისტრალის’ მიყიდვის ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას.” იაკობაშვილი იმედოვნებს, რომ საჭირო დროს საფრანგეთი საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებასაც მიიღებს:

”...ჩვენ ვერ შევეჯიბრებით რუსეთს შეიარაღებაში, ვერ შევეჯიბრებით „მისტრალებისა“ და მსგავსი გემების შესყიდვაში... ამიტომ ჩვენთვის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიად ისევ რჩება ნატოში გაწევრიანება. მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთის ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება ასევე ხელს შეუწყობს, როცა დრო მოვა, საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ხელი არ შეუშალოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.”

გააჩნია, როდის მოვა ”დრო”, რომელზეც თემურ იაკობაშვილი საუბრობს. მაგალითად, ”დღევანდელი საფრანგეთისგან” მსგავს მხარდაჭერას არ მოელის ანდრო ბარნოვი. სხვა ექსპერტებიც, რომლებიც იმავე მოსაზრებას იზიარებენ, შეგვახსენებენ, რომ სწორედ საფრანგეთისა და გერმანიის აქტიური წინააღმდეგობით უთხრეს უარი საქართველოსა და უკრაინას ”მეპზე” (გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე), 2007 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე. ასეთ პრინციპულ პოზიციას იმხანად ბევრი ექსპერტი მიაწერდა საფრანგეთის მხრიდან შეერთებული შტატებისთვის ძალისა და შესაძლებლობების დემონსტრირების მიზანს. ამ თეორიის მიხედვით, ევროპა ეუბნებოდა ამერიკას, რომ მისი ზეგავლენა შესუსტდა ნატოს შიგნით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

თუ მოსკოვის ოფიციალური პირების განმარტებებს მოვუსმენთ, რუსეთს ბოლომდე არც კი აქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი, იყიდის თუ არა საფრანგეთისგან „მისტრალს“. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადება გვამცნობს, რომ კრემლში ჯერ ისევ განიხილება საკითხი - ხომ არ აჯობებდა, რუსეთს თავისით აეშენებინა მსგავსი ტიპის სამხედრო ხომალდი. სხვა საკითხია, რამდენად შესწევს მას ამ ეტაპზე ამის ძალა.

რუსეთის სამხედრო ხომალდი აფხაზეთში, 24 აგვისტო, 2008 წ.
რუსი ექსპერტის ალექსანდრ გოლცის ინფორმაციით, ”ბოლო 30 წლის მანძილზე რუსეთში პირველად ჩნდება საჯარო კონფლიქტი შეიარაღების მწარმოებლებსა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის.” ამავე წყაროს ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ პოპოვკინმა, რომელიც შესყიდვების პროცესს კურირებს, სახალხოდ განაცხადა: ”მე ვარსებობ იმისთვის, რომ რუსეთის არმიისთვის ხარისხიანი იარაღი ვიყიდო და არა იმისთვის, რომ შევინარჩუნო სამხედრო სამრეწველო კომპლექსის (ВПК) არაეფექტური საწარმოები.”

იმას, რომ რუსეთი ჯერ ღიად არ ლაპარაკობს ”მისტრალის” შეძენის საბოლოო გადაწყვეტილებაზე და მხარეების მიერ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც კეთდება, ექსპერტები განიხილავენ ნიადაგის მოსინჯვის მცდელობად როგორც საფრანგეთის, ასევე რუსეთის მხრიდან. ამ ლოგიკით, მხარეები აკვირდებიან, თუ როგორ აღიქვამს საერთაშორისო საზოგადოება და, კერძოდ, ნატო, მათ მიერ ჩაფიქრებულ გარიგებას. აქვე ვთქვათ, რომ შეკითხვები ამ თემაზე ჯერ მხოლოდ ესტონეთს, ლიტვასა და შეერთებულ შტატებს გაუჩნდათ. თუმცა მწვავე კრიტიკისგან თავს ჯერჯერობით ეს ქვეყნებიც იკავებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG