Accessibility links

logo-print

ჯაზის გამოჩენილი გიტარისტის, ჯანგო რეინჰარდტის იუბილე


ჯაზის გიტარისტი ჯანგო რეინჰარდტი

ჯაზის გიტარისტი ჯანგო რეინჰარდტი

მეოცე საუკუნის ჯაზის ყველაზე საოცარ გიტარისტ ჯანგო რეინჰარდტს 23 იანვარს ასი წელი შეუსრულდებოდა. საფრანგეთში იუბილეს აღნიშნვა ამ თარიღზე ბევრად ადრე დაიწყო: გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჟურნალმა ”ჯაზ მეგეზინ-ჯაზმენმა” ბოშათა სტილის, ე.წ. ”მანუშის”, მუსიკოსების მონაწილეობით სამი კონცერტი გამართა. ერთი მათგანი საკონცერტო დარბაზ ”ოლიმპიაში”, ხოლო დანარჩენი თვით ჟურნალისა და ”რადიო ლიბერტის” რედაქციებში შედგა.

საფრანგეთის პროვინცია ბრაბანტის პატარა ქალაქ ლივერშიში 1910 წლის 23 იანვარს ბოშა ქალს, მეტსახელად ”ნეგროს”, ვაჟი შეეძინა. თვით ”ნეგროს” მტკიცებით, მან იოლად და ”უპრობლემოდ” იმშობიარა. სწორედ ამიტომ უკვე მეორე დღეს ის თავის მორიგ მეუღლესთან ერთად, რომელიც ბავშვს მამად არ ეკუთვნოდა, ახალშობილის რეგისტრაციის თაობაზე ადგილობრივ მერიას მიაკითხა.

მერსა და ”ნეგროს” შორის შემდეგი დიალოგი შედგა:
– გვარი?
– რეინჰარდტი...
– სახელი?
– ჟანი...
– დედის სახელი?
– ლორანს რეინჰარდტი, მეტსახელად ”ნეგრო”...
– მამის სახელი?
– უცნობია...
მოგვიანებით, როცა ”უცნობი მამა” შეხვდა ”ნეგროს”, ქალს ჰკითხა:
– შენ დაარქვი ბავშვს ჟანი?
– კი, შენ ხომ თვითონ გინდოდა.
– ”ჟანი” ძალიან ბანალურია. ჩვენს შვილს არაჩვეულებრივი სახელი უნდა ერქვას. მოდი, ჯანგო დავარქვათ.
ასე მოევლინა ქვეყანას ჯანგო რეინჰარდტი.

ბავშვობაში ის დაჟანგულსიმებიან ბანჯოზე დაკვრას ცდილობდა, რის გამოც თითებიდან სისხლი მოსდიოდა. ამიტომ დედამისი ვანვის ბაზრობაზე გაემგზავრა, იქ ყალბი მარგალიტის ასხმულა გაასაღა და შვილს გიტარა უყიდა. საკრავი ბიჭუნას მისმა დეიდაშვილმა გაბრიელმა აუწყო, რის შემდეგაც ჯანგომ, გაბრიელსა და საკუთარ ძმა ჟოზეფთან ერთად, თავისი პირველი ტრიო დააარსა. ახალგაზრდა მუსიკოსები პარიზის გარეუბნის პატარა კაფეებში უკრავდნენ. ტრიოს რეპერტუარს ამერიკელი ჯარისკაცების მიერ საფრანგეთის დედაქალაქში ჩამოტანილი რეგტაიმის მელოდიები შეადგენდა.

ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა მუსიკოსებს პარიზის აკორდეონისტთა მეფემ, იტალიელმა გუერინომ, მოუსმინა. მისი რჩევით, ჯანგო გიტარიდან ისევ ბანჯოზე გადავიდა - ახალი ინსტრუმენტი მას გუერინომ უყიდა. იმავე დღეს შედგა რეინჰარდტის დებიუტი პარიზის ლათინური კვარტალის საცეკვაო დარბაზ ”ბალ-მიუზეტში”. ორსეტიან გამოსვლაში ჯანგოს დღეში ოც ფრანკს უხდიდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ სიგარეტის კოლოფი მაშინ 95 სანტიმი ღირდა, ჰონორარი ურიგო არ იყო. იმხანად ჯანგომ არ იცოდა, თუ რა მძიმე განსაცდელი ელოდა წინ.

ერთხელ კლუბში, სადაც ჯანგო გიტარასა და ბანჯოზე უკრავდა, ტანმაღალი, ლამაზად ჩაცმული მამაკაცი შემოვიდა. ”მე ვეძებ ვინმე რეინჰარდტს”, - უთხრა მან კლუბის ერთ-ერთ მესვეურს. ეს იყო დიდი ბრიტანეთის წამყვანი ბენდ-ლიდერი ჯეკომ ჰილტონი. ”ინგლისში არ გვყავს თქვენისთანა გიტარისტი, - მიმართა მან ჯანგოს, - წამოდით ჩემთან ერთად ლონდონშიო.” ჰილტონმა მუსიკოსს ასტრონომიული ჰონორარი შესთავაზა. 23 წლის ჯანგოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მეორე დღეს კი მოხდა ტრაგედია: რეინჰარდტის ცოლის დაუდევრობით, ბოშათა ფურგონს, სადაც წყვილი ცხოვრობდა, ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, ჯანგომ მარცხენა ხელის მაღალი ხარისხის დამწვრობა მიიღო. მთელი ორი წლის მანძილზე იბრძოდნენ ექიმები კიდურის გადასარჩენად და სასწაულიც მოახდინეს: ყველაფერი მხოლოდ ორი თითის ამპუტაციით შემოიფარგლა.

ჯაზის სამყარომ შეინარჩუნა გამოჩენილი გიტარისტი, ლექსიკონებში კი რეინჰარდტის სახელს ეპიტეტი ”საოცარი” დაემატა. ცნობილმა ამერიკელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ჯონ ლუისმა ჯანგოს შესანიშნავი ჯაზური რეკვიემი მიუძღვნა.
XS
SM
MD
LG