Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 10 თებერვალი 2010


საკმაოდ ბევრს წერს დღევანდელი ქართული პრესა მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მიერ რუსეთის მმართველი პარტიის ”ედინაია როსიასთან” გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ამ ნაბიჯს ”მოღალატის” მიერ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, ოპოზიცია დუმს, ექსპერტები კი პიარსვლას უწოდებენ, წერს გაზეთი ”რეზონანსი”. საექსპერტო წრეებში ამ ხელშეკრულებისაგან განსაკუთრებულს არაფერს ელიან და მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ყოფილმა პრემიერმა მხოლოდ იმისთვის გადადგა, რომ მეტი ყურდღება მიექცია. ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ დოკუმენტს ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი ნოღაიდელი ხელისუფლებაში მოვა. ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ ნოღაიდელი ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ გუნდთან საქართველოს წინააღმდეგ ითანამშრომლებს.

”ნოღაიდელმა პუტინთან გვიღალატა”, - ამ სათარით აქვეყნებს პუბლიკაციას გაზეთი ”ახალი თაობა”. როგორც სტატიაში ვკითხუობთ, ნოღაიდელმა ღია გახადა ის პროცესი, რასაც ზაგიერთი პოლიტიკოსი ჩუმად აკეთებდა რუსეთთან მიმართებაში. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი მთელ საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური ძალის მეშვეობით საქართველოსი დასაყრდენს ეძებს.

გაზეთი ”საქართველოს რესპუბიკა” ბეჭდავს ინტერვიუს ზურაბ ნოღაიდელთან, რომელიც მან გაზეთ ”ნოვიე იზვესტიის” ჟურნალისტს მისცა. როგორც ნოღაიდელი ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნავს, დამოკიდებულება მის ვიზიტებთან პოლიტიკურ ლიდერებს ანერვიულებთ, მოსახლეობა კი ერთმნიშვნელოვნად კეთილად უმზერს მას. ზურაბ ნოღაიდელი ინტერვიუში აღნიშნული ვიზიტების შედეგებზე საუბრობს. სწორედ ბოლოდროინდელი ვიზიტების დამსახურებად მიიჩნევს ის სამი ქართველი მოზარდის გათავისუფლებას ცხინვალის ციხიდან. ასევე მოსკოვსა და თბილისს შორის სამი ჩარტერული რეისის განხორციელებას: ”ეს რასაკვირველია, ბევრი არ არის, მაგრამ სამი ხომ მეტია ნულზე”, - არითმეტიკულ უტოლობაზე საუბრობს ნოღაიდელი.

”რა მისიას დაუკვეთენ ნოღაიდელს?” - კითხულობს დღევანდელი ”24 საათი”. ”სამართლიანი საქართველოსთვის” პოლიტიკურ პარტნიორად ოკუპანტს ირჩევს, წერს პუბლიკაციის ავტორი: ”ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც გუშინდელ შეთანხმებას ”ისტორიულ დოკუმენტს” უწოდებს, თავმომწონედ აცხადებს,რომ მის გზას ბევრი ქართველი პოლიტიკოსი გაჰყვა. ნოღაიდელს მხედველობაში ჰყავს კონსერვატორები და კობა დავითაშვილი, რომლებმაც რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ბოლო პერიოდში საჯარო განცხადებები გააკეთეს. ექს-პრემიერის შეფასებით, ბევრი პოლიტიკური ლიდერი რუსეთთან სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად მზად არის.

”გივის პრეზიდენტი გაუწყრაო, ამბობენ დეპუტატები”, წერს გაზეთი ”რეზონანსი”. როგორც ჩანს, გივი თარგამაძე უკრაინული არჩევნების გამო ყურადღების ცენტრში მაინც მოხვდება. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო კულუარებში უკვე იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ სააკაშვილი თავის წარუმატებლობას რატომღაც, მთლიანად თარგამაძის უკრაინული მისიის ჩავარდნას აბრალებს.

”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს სამხედრო ექსპერტთან ირაკლი სესიაშვილთან. როგორც ის ინტერვიუში აცხადებს, უკრაინაში დემოკრატია შედგა, მაგრამ ყველაზე სერიოზული პარტნიორი დავკარგეთ: ”დავკარგეთ მეთქი, არ ვგულისხმობ, რომ ურთიერთობები შეწყდება. ეს არამც და არამც არ მოხდება. ჩვეულებრივად დიპლომატიურ ჩარჩოებში ეს ურთიერთობები გაგრძელდება, თუმცა, გარკვეულ საკითხებში ჩვენი ურთიერთობა შეიძლება მთლიანად შეწყდეს”, - აცხადებს სესიაშვილი ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG