Accessibility links

logo-print

მთავრობას ანტიმონოპოლიური სამსახური გაახსენდა


საქართველოს მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ ქართულ ბაზარზე არასაკმარისი ანტიმონოპოლიური რეგულაციაა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციების აღდგენა იწყება. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო გაუქმდება და მის ნაცვლად ახალი სამსახური ჩამოყალიბდება. საქართველოში ანტიმონოპოლიური სტრუქტურის შექმნის პირობას ევროკავშირიც აყენებს.

ამ ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე გააკრიტიკა ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც მედიკამენტებს განუწყვეტლივ აძვირებენ. საზოგადოების დიდ ნაწილში დამკვიდრებული აზრის მიხედვით, ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიაა. ასეთივე შეხედულება არსებობს ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ კანონით აკრძალული არ არის რომელიმე სფეროში ბაზრის ახალი სუბიექტების გაჩენა და კონკურენცია, საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა 9 თებერვლის სხდომაზე მაინც გადაწყვიტა ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა. თუ რატომ, ამ შეკითხვით მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს მივმართე:

”როდესაც საუბარი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებაზე, დღის წესრიგში დგება იმ ტიპის რეგულაციების შემოტანა, რომელიც ეფექტურად შეძლებს მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას და იქნება საკანონმდებლო გარანტია იმისა, რომ არასოდეს არ იქნება ჩვენს ბაზარზე მონოპოლიები და ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები.”

სამწუხაროდ, ევროკავშირმა ეს პირობა დაგვიყენა იმისათვის, რომ მივიღოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან
არადა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში რამდენიმე წელია მუშაობს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, რომელიც ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციების მატარებელია. თუმცა, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ის დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა. ამ პრობლემების მიუხედავად, ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, - მათ შორისაა ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი, - ახალი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის მთავარი მიზეზი მაინც ევროკავშირის მოთხოვნებია:

”სამწუხაროდ, ევროკავშირმა ეს პირობა დაგვიყენა იმისათვის, რომ მივიღოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან. ჩემთვის გასაკვირია, ეს საკითხი ასე რომ დგას. ჯერ ერთი, რა შეიძლება ავნოს საქართველომ ევროკავშირის ეკონომიკას, რომელიც 1500-ჯერ დიდია, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა და, მეორეც, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ანტიმონოპოლიურ და ვაჭრობის ხელშეკრულებას. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა, რომელიც დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას, იძულებული იყო დასთანხმებოდა.”

საქართველოს მთავრობის წინააღმდეგობა განპირობებული იყო იმ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით, რომლის გატარებასაც ის ცდილობს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ წელს ეკონომიკური თავისუფლების აქტის იდეაც კი წამოაყენა, რომელიც ახალი მაკონტროლებელი და მარეგულირებელი ორგანოების შექმნას კრძალავდა. ამ ინიციატივას ევროკავშირის მხრიდან დიდი მოწონება არ დაუმსახურებია. ”ევრაზიის პარტნიორობის ფონდში” გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ევროკავშირის ექსპერტებმა პირად საუბარში არ დამალეს, რომ მათ შოკი მოჰგვარა ეკონომიკური თავისუფლების აქტის იდეამ.

მე მივიღე გარკვეული ახსნა, ამ გადაწყვეტილებით რატომ იქნა შეყოვნებული პრეზიდენტის თავისუფლების აქტის მიღება
ბიზნესმენთა ასოციაციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ისაკაძე, ამბობს, რომ ახლა ხვდება, თუ რატომ დაიგვიანა ეკონომიკური თავისუფლების აქტის კანონმდებლობით განმტკიცებამ:

”მე მივიღე გარკვეული ახსნა, ამ გადაწყვეტილებით რატომ იქნა შეყოვნებული პრეზიდენტის თავისუფლების აქტის მიღება: ეს აქტი რომ მიეღოთ შარშან, ამგვარი რეგულატორის შემოღება ვერ მოხერხდებოდა.”

გიორგი ისაკაძე, რომელიც წლების წინ არსებულ ანტიმონოპოლიურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, ფიქრობს, რომ ახალი სტრუქტურა გამართულად ვერ იმუშავებს და თავიდან გაუგებრობებს ვერ აიცილებს, თუ მისი ფუნქციები სწორად არ განისაზღვრა.

საქართველოში არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახურის მსგავსი ფუნქციების მატარებელი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის სფეროში, მაგრამ, ექსპერტების აზრით, ამ სტრუქტურების მუშაობის მიუხედავად, საქართველოში, მაგალითად, მობილური კავშირგაბმულობის ტარიფი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ხოლო მომხმარებელთა უფლებები სუსტადაა დაცული, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში. მთავრობაში ცდილობენ მსგავსი ვითარების თავიდან ასაცილებლად ახალი ანტიმონოპოლიური ორგანო სხვაგვარად ჩამოაყალიბონ.

ეს ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რომ, შესაბამისი დარღვევების არსებობის შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს, რომ ადგილი აქვს კონკურენციის შეზღუდვას
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, ანტიმონოპოლიური სამსახური კომპანიების საქმიანობის შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას მოაგროვებს და მონოპოლიური საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს:

”ნებისმიერი - რა სახელიც არ უნდა დავარქვათ მას - ეს ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რომ, შესაბამისი დარღვევების არსებობის შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს, რომ ადგილი აქვს კონკურენციის შეზღუდვას და რომ განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები.”

მთავრობის იდეის თანახმად, ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში. ანტიმონოპოლიური სამსახურის საკუთარი პროექტი აქვს ოპოზიციურ ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებსაც“. ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციების დეტალურად განსაზღვრა და დამტკიცება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იგეგმება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG