Accessibility links

logo-print

რუსთაველი ამომრჩევლების გადამოწმების პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია


რუსთავი

რუსთავი

ოფიციალური ცნობებით, რუსთავში 104 ათასი ამომრჩეველია, მაგრამ სიის გადამოწმების პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია რუსთავში. ზოგი პარტია დაფინანსების მოლოდინშია, ზოგიც სიის გადამოწმების მეთოდოლოგიაზე ფიქრობს, ზოგი კი ამ პროცესებში ჩარევას საერთოდ არ აპირებს.

გელა ღუნწკიძე, კონსერვატიული პარტიის ადგილობრივი აქტივისტი, რომელიც რუსთავის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ამბობს, რომ მისი თანაპარტიელები სიის გადამოწმების პროცესში მონაწილეობას გეგმავენ, თუმცა ჯერ დაფინანსება უნდა მიიღონ.

რუსთაველი ამომრჩევლების სიის გადამოწმებას პარტია „თავისუფლებაც“ აპირებს, მაგრამ ვისთან ერთად და როგორ, ეს პარტიის რუსთაველ ლიდერს მალხაზ გორგასლიძეს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს:

„სიების გადამოწმებასთან დაკავშირებით პარტიებთან პირადი ურთიერთობების მიხედვით ვითანამშრომლებთ, იმიტომ რომ „კარდაკარის“ პრინციპით სიები ადრეც შემიმოწმებია და კარგად მახსოვს სხვა პარტიები ამ მეთოდით ფულს როგორ აკეთებდნენ“, აცხადებს მალხაზ გორგასლიძე.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რუსთავის ორგანიზაცია სიის გადამოწმების პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ამ პარტიას, როგორც არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, ამომრჩეველთა გადასამოწმებელი ფული სახელმწიფომ არ მისცა. თუმცა, ესეც რომ არა, ეროვნულ-დემოკრატებს საამისოდ სხვა მიზეზებიც აქვთ:

„როცა პარტიებს ვეხვეწებოდით, მოდით საკონსტიტუციო კომისიაში და საარჩევნო კანონზე ერთად ვიმუშაოთო, ყური არავინ დაგვიგდო. როგორც კი ფული გამოიყო სიების გადასამოწმებლად, ყველა ცესკოში გაიქცა რეგისტრაციისათვის“, აცხადებს ეროვნულ-დემოკრატების ადგილობრივი ლიდერი.

როგორც რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იოსებ შველიძე ამბობს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ეს მათი საქმე არ არის. ისე კი, შველიძის თქმით, სამოქალაქო რეესტრის წყალობით, რუსთაველი ამომრჩევლების სიაში ცვლილებების შეტანა მაქსიმალური სიზუსტით ხდება - მისი გადამოწმება საჭირო არ არის.
XS
SM
MD
LG