Accessibility links

logo-print

პოლიტიკური თავშესაფარი - ფილმის გადასარჩენად


ვახტანგ კომახიძე, სტუდია ”რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი

ვახტანგ კომახიძე, სტუდია ”რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი

სტუდია ”რეპორტიორის” ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ის ახლა ჟენევაში, ლტოლვილთა თავშესაფარში, იმყოფება. ცნობილია, რომ კომახიძე მუშაობდა და კვლავ განაგრძობს მუშაობას ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებზე არის საუბარი.

ვახტანგ კომახიძის წერილში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ვკითხულობთ, რომ დოკუმენტური ფილმი, რომლის გამოც განხორციელდა ჟურნალისტზე მუქარა, საქართველოს საზოგადოებისათვის ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებს ასახავს. კომახიძისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო განსაკუთრებულად მტკივნეული საქართველოს ხელისუფლებისთვის, თუმცა ვარაუდს ჟურნალისტი მაინც გამოთქვამს:

”მაგალითად ის, რომ ომამდე ორი დღით ადრე, 6 აგვისტოს, სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის ხელისუფლებას უთანხმებდა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის საკითხს, როცა, სრულიად დაუცველი ქართული მოსახლეობა ხელში შეატოვა რუსეთის არმიას, თუ ჩემს ხელთ არსებულმა რაიმე სხვა ინფორმაციამ აღძრა ხელისუფლების აგრესია ჩემი მისამართით. თავშესაფრის მოთხოვნა ერთადერთი გარანტირებული გზა იყო, რომ ფილმი დასრულებულიყო იმ სახით, რა სახითაც მას საზოგადოება აუცილებლად ნახავს.”

ჟურნალისტსა და მის ოჯახზე ზეწოლის, მუქარის ფაქტს ადასტურებს კომახიძის მეუღლე ქეთი ფოფხაძეც, რომელიც საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან აცხადებს, რომ მისი მეუღლე იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან ტელეფონით მას ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ. მუქარა კომახიძის მისამართით განსაკუთრებით გააქტიურდა პაატა ზაქარეიშვილსა და მანანა მებუკესთან ერთად ცხინვალში ვიზიტის შემდეგ, სადაც კომახიძემ, მისივე სიტყვებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მასალა მოიპოვა. პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ცხინვალში გამართული შეხვედრების დროს მათ მართლაც მიიღეს საქართველოს ხელისუფლებისათვის უსიამოვნო ინფორმაცია:

”იქ ჩვენ ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. იყო საუბარი, როგორ იქცეოდა ქართული ხელისუფლება ომის დროს და ჩანდა, რომ ქართველები ემზადებოდნენ ომისათვის. მაშინ, როდესაც ალანა გაგლოევას ბებიის ევაკუაციაზე იყო საუბარი, ქართული მოსახლეობა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში და ხალხი თავისით გამოდიოდა და არც იცოდნენ რა გაეკეთებინათ. ეს კი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადებოდა რუსულ პროვოკაციაში ჩასართველად.”

ამ ინფორმაციას ფლობს თავად ზაქარეიშვილიც, მაგრამ, კომახიძისგან განსხვავებით, მას არა აქვს ჩანაწერები, რაც ამ ინფორმაციას დაადასტურებდა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტმა, როგორც ჩანს, სწორედ ის მასალა მოიპოვა, რომელიც ზემოთ აღნიშნულ პოზიციას გაამყარებდა. ვახტანგ კომახიძის მეგობარი, ასევე ჟურნალისტი ბესო კურტანიძე, გვეუბნება, რომ ეს ფილმი კომახიძეს განსაკუთრებულად მოსწონდა:

”ვიცი, რომ ცხინვალში კიდევ იყო წასული. ხან საჩხერიდან შევიდა და ჰქონდა შეხვედრები. ჟენევაშიც შეხვდა ჩოჩიევს. ფილმზე მუშაობას განაგრძობდა და ახლაც განაგრძობს. ოპერატორიც თავად იყო და, საერთოდაც, მარტო მუშაობდა ამ ფილმზე. და ამბობდა, რაც კი გამიკეთებია, ყველაზე მაგარი ფილმი გამოვაო.”

რაც შეეხება მუქარას, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ცხინვალში ვიზიტის შემდეგ მსგავსი შინაარსის სატელეფონო ზარები მასთანაც გახშირდა. მისი ვარაუდით, კიდევ უფრო მწვავე იქნებოდა ზეწოლა ვახტანგ კომახიძეზე.

ხელისუფლებას ეშინოდა იმ ფაქტების გახმაურების, რომელთა ამსახველ ვიდეომასალას კომახიძე ფლობდა, ამბობს ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი, რომელსაც კომახიძესთან ლტოლვილთა თვშესაფარში გადაყვანამდე ჰქონდა კონტაქტი. ნანუაშვილი იმეორებს კომახიძის სიტყვებს, რომ მასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები რეკავდნენ, ხოლო თბილისიდან წასვლისას აეროპორტში ერთგვარი ”გაცილებაც” მოუწყვეს. თუმცა ფილმის მასალები კომახიძემ საქართველოდან მაინც გაიტანა:

”საინტერესოა, რომ 27 იანვარს, როდესაც ის საქართველოს ტოვებდა, მთელი უშიშროების სამსახური აეროპორტში იყო - შსს-ს ისეთი მაღალჩინოსნები, როგორებიც არიან დათა ახალაია, ვასილ სანოძე, ”მასტერა” და სხვები. ვახოს აზრით, ხელისუფლება გეგმავდა მისთვის ამ მასალის წართმევას და ამიტომაც ფილმზე მუშაობის გაგრძელება მან საზღვარგარეთ გადაწყვიტა.”

პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელთა გამოქვეყნების შემთხვევაში, კომახიძის პოლიტიკური დევნილობა მარტივად დამტკიცდება. ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ლტოლვილთა თავშესაფარს შვეიცარიის საკონსულოს დახმარებით, სადაც გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, რადგან დეტალები ზუსტდება. ვახტანგ კომახიძეს ოფიციალურად არც სახალხო დამცველის ოფისისთვის მიუმართავს. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ შეეცდებიან გაარკვიონ რატომ მიიღო ჟურნალისტმა ეს გადაწყვეტილება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG