Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაიმერის ჩატარების 4 თარიღი ცნობილია


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა გამოვლენის მიზნით დაგეგმილი პრაიმერი რეგიონებსა და დედაქალაქში ერთდროულად არ გაიმართება. პრაიმერის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა გრაფიკი, რომლის თანახმადაც, პრაიმერი 4 ეტაპად ჩატარდება, 21 მარტს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება.

წინასწარი არჩევნების მთავარი კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი პრაიმერი 21 მარტს საქართველოს რეგიონალურ ცენტრებში გაიმართება, 27 მარტს პრაიმერი აღმოსავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებში ჩატარდება, 11 აპრილს დასავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებში, 18 აპრილს კი დასკვნით პრაიმერს თბილისი უმასპინძლებს.

პრაიმერის საარჩევნო კომისიას, წინასწარი არჩევნების გრაფიკის გარდა, უკვე დამტკიცებული აქვს კანდიდატთა რეგისტრაციის ბლანკი. კანდიდატთა რეგისტრაცია თბილისში, მაგალითად, 11 თებერვალს დაიწყება და თითქმის 2 თვეს გასტანს. პრაიმერის თარიღების შესაბამისად გაიწერა რეგისტრაციის ვადებიც:

”21 მარტისთვის ბოლო რეგისტრაციის ვადა გახლავთ 7 მარტი, 27 მარტისთვის გახლავთ 14 მარტი, 11 აპრილისთვის გახლავთ 21 მარტი და თბილისისთვის ბოლო ვადა, ალბათ, იქნება 11 აპრილი. ყველა შესაბამის პრაიმერს თავისი რეგისტრაციის დასაწყისი და დამთავრების ვადა აქვს. თანხებზეც მოგახსენებთ. ჩვენ პრაქტიკულად დათვლილი გვაქვს, შეჯამებული გვაქვს ერთ საარჩევნო უბანზე ხარჯი. თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში - ჩვენ დაახლოებით უკვე გვეცოდინება სად ტარდება პრაიმერი, რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება და რამდენი თანხა იქნება, შესაბამისად, იმისათვის საჭირო, რომ პრაიმერი ჩატარდეს.”

ლადო ბოჟაძე, პრაიმერის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
პრაიმერის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ლადო ბოჟაძის განმარტებით, თბილისის საოლქო კომისია ტექნიკურად უკვე მზადაა რეგისტრაციაში გაატაროს ნებისმიერი კანდიდატი. მთლიანობაში კი, მთავარი კომისიის გარდა, რეგიონების მიხედვით 8 საოლქო კომისიაა შექმნილი. კომისიები დაკომპლექტებულია. უახლოეს დღეებში დაინტერესებულ პირებს მათი კონკრეტული მისამართების შესახებაც ეცნობებათ.

” ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად საზოგადოებას მივცეთ საშუალება მოახდინოს შეფასება კანდიდატებისა არა იმით, თუ რას ჰპირდება იგი საზოგადოებას, არამედ იმით, თუ რა გზა გაიარა მან”, - განაცხადა პრაიმერის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იურისტმა ბიძინა სავანელმა, მისი თავმჯდომარედ არჩევის დღეს, 4 თებერვალს.

ბიძინა სავანელი, პრაიმერის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
კომისიის 9 წევრიდან 3 - მათ შორის, თავმჯდომარე - უპარტიოა. სწორედ კომისიის ამ უპარტიო წევრების ხელმოწერით, ამჯერად უკვე პრაიმერის საარჩევნო კომისიის სახელით, ოპოზიციური სპექტრის ყველა პარტიას კიდევ ერთხელ გაეგზავნება სპეციალური წერილი, რომელიც მათი გააქტიურებისა და პრაიმერის პროცესში ჩართულობისაკენ იქნება მოწოდებული. პრაიმერში მონაწილეობაზე ამ ეტაპზე თანხმობას 6 პარტია აცხადებს; ”კონსერვატიული პარტია”, ”მამულიშვილი”, ”მომავლის პარტია”, ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის”, ”ქრისტიანული საქართველო” და ”ხალხის პარტია.” ამ ექვსი პარტიიდან პრაიმერში თბილისის მერის პოსტზე ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად კანდიდატები ჯერჯერობით მხოლოდ 2-მა პარტიამ წარადგინა: ზვიად ძიძიგური - კონსერვატორებმა, კობა დავითაშვილი - ”ხალხის პარტიამ.”გაიზრდება თუ არა თბილისის მერის პრაიმერში კანდიდატთა რიცხვი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა კონსერვატორმა კახა კუკავამ დაადასტურა, რომ კონსულტაციები გაერთიანებული ოპოზიციის ძველ ლიდერად მიჩნეულ ლევან გაჩეჩილაძესთანაც მიმდინარეობს.

კახა კუკავა, კონსერვატიული პარტიის ლიდერი
”კონსულტაციები ჩვენ გვაქვს მუდმივად. გარდა იმისა, რომ ლევანი არის პოლიტიკოსი და არის ჩემი მეგობარი, ჩვენი მეგობარი ყველასი, ეს კონსულტაციები მუდმივად გვაქვს და, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ ასე მოხდა, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია”, - ამბობს კონსერვატორი კახა კუკავა და აზუსტებს იმასაც, რომ პრაიმერის ერთ-ერთი სუბიექტის, ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” მიერ რუსეთის მმართველ პარტიასთან 9 თებერვალს მემორანდუმის გაფორმების ფაქტს არანაირი გავლენა არ მოუხდენია პრაიმერის პარტიების ერთობლივ მიზნებსა და გეგმებზე. ამ გეგმებში კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევის გარდა, 9 აპრილიდან დედაქალაქში საპროტესტო აქციების განახლებაც შედის.
XS
SM
MD
LG