Accessibility links

logo-print
იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიურომ 59-ე სესიაზე, ჟენევაში, საქართველო 2 წლით ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აირჩია, რაც ნიშნავს ქვეყნის ჩართვას ორგანიზაციის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების პროცესში. საქართველოს განათლების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ექსპერტებთან მუშაობით, საჭირო გამოცდილებას მიიღებენ ქართველი ექსპერტებიც. რით დაიმსახურა საქართველომ იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტობა, რასაც თბილისში ”დიდ პატივად” აფასებენ?

ვიდრე უშუალოდ საქართველოს ვიცე-პრეზიდენტად არჩევის ფაქტზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ ვთქვათ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს განათლების საერთაშორისო ბიურო. ისტორია სათავეს იღებს 1925 წლიდან, როდესაც განათლების საერთაშორისო ბიურო ჟენევაში არასამთავრობო ორგანიზაციის სახით დაარსდა და აქტიურ მუშაობას შეუდგა. ერთგვარი თვითმყოფადობა ორგანიზაციამ მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც ის 1969 წელს იუნესკოს განუყოფელ ნაწილად იქცა და სათავეში ჩაუდგა განათლების სფეროს სტრატეგიული გეგმებისა და პროგრამების შემუშავება-განხორციელებას. მისი საქმიანობა ეფუძნება იუნესკოს ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, რის მიხედვითაც განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის. განათლების საერთაშორისო ბიუროს პრეზიდენტის პოსტზე ამ ეტაპზე ნორვეგია გახლავთ, თუმცა პრეზიდენტისა და 5 ვიცე-პრეზიდენტის პოსტებზე ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლების მუშაობა როტაციის პრინციპს ეფუძნება. მათ 28 წევრისგან შემდგარი საბჭო ირჩევს.

27 იანვრის ფაქტი, რომ საქართველო იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს 5-დან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს, 10 თებერვალს საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ამცნო. დიმიტრი შაშკინი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ მნიშვნელოვანი პოსტისთვის ბრძოლა საკმაოდ დაძაბული იყო და რომ საქართველოს ეს ”დიდი პატივი” დამსახურებულად ერგო:

”ჩვენ დავამარცხეთ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის რუსეთი, უნგრეთი, ჩეხეთი... 28 ქვეყანამ, რომელთა შორის იყო გერმანია, იაპონია, აშშ და ჩეხეთი, დაგვიჭირა მხარი ჩვენ და აგვირჩიეს იონესკოს IBE-ის ვიცე-პრეზიდენტ ქვეყნად. ეს არის პირდაპირი აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ და მიმდინარეობს ჩვენს განათლების სისტემაში.”

არგუმენტი, რომ საქართველო იუნესკოს განათლების ორგანოში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარმატებული რეფორმის საზომით აირჩიეს, არასარწმუნოდ მიაჩნია საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარეს მანანა ნიკოლაიშვილს:

”რომელი რეფორმა წავიდა წარმატებით - რომელსაც პრეზიდენტი აკრიტიკებს და რომელმაც ბავშვებს წერა-კითხვა დაავიწყა? საერთაშორისო კვლევა რომ ჩატარდა, აფრიკის ქვეყნებთან ერთად ბოლო ადგილებზე აღმოვჩნდით... მე კითხვა მაქვს იუნესკოს ბიუროსთან: როდესაც თითონ ქვეყნის პრეზიდენტი აცამტვერებს ამ თავის რეფორმას და უვარგისს უწოდებს, მაშინ ისინი საქართველოს ვიცე-პრეზიდენტად რის საფუძველზე ირჩევენ?”

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე იხსენებს პრეზიდენტის ბოლო შეხვედრებს პედაგოგებთან. მიხეილ სააკაშვილმა მართლაც მკაცრად გააკრიტიკა განათლების სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობა და საგანგაშოდ შეაფასა ის ფაქტი, რომ, საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ”საქართველოში განათლების ხარისხი მკვეთრად დაეცა”. მართალია, ყველაფერი ბოლო წლების რეფორმისთვის არ დაუბრალებია, მაგრამ პრეზიდენტმა რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ზოგიერთ ნაბიჯს ”უმეცრებაც” კი უწოდა. ითქვა, რომ სკოლებში, ზოგიერთი თვალსაზრისით, საკმაოდ სავალალო სიტუაციაა შექმნილი - მაგალითად, იმ კუთხით, რომ მოსწავლე სწავლას სავალდებულოდ აღარ თვლის, რომ ფასი დაეკარგა ”სკოლის ატესტატსა და საგნებს” :

”პირველ რიგში, ჩვენ სკოლაში უნდა დავაბრუნოთ დისციპლინა, სკოლაში უნდა დავაბრუნოთ ბავშვი... სირაქლემის პოზიციაში უნდა ჩავდგეთ, რომ ვთქვათ, ყველაფერი კარგად არისო; რომ, აი, ერთიანი ეროვნული გამოცდა შემოვიღეთ, მთავარი პრინციპი - სოციალური სამართლიანობისა - დაცულია და ახლა ყველაფერი თავისით კარგად წავა. თავისით არაფერი კარგად არ წავა და ბევრი რამე წავიდა ძალიან ცუდად... მე-11-12 კლასებში (დიდი ამბით შემოვიღეთ მე-12 კლასი), განსაკუთრებით მე-12 კლასში, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, ბავშვები მთელ საქართველოში სკოლაში არ დადიან... თბილისის ცენტრში, მაგალითად, მე-9 კლასიდან უკვე აღარ დადიან ზოგან... ”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 იანვრის ამ გამოსვლაში, ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში, ისიც თქვა, რომ განათლების სისტემაში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და რომ ეს პრეზიდენტის, მთავრობისა და მთელი სახელმწიფოს უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. ამ მიმართებით, ექსპერტებისთვის საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება ის პერსპექტივა, რომ იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას საქართველოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების უკეთ შესწავლის საშუალება მიეცემა.
XS
SM
MD
LG