Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლენა ბეზრუჩკო - პედაგოგი


17 იანვარი, კვირა
დილიდან ვემზადები ბოლნისში წასასვლელად. მეგობრებმა დამპატიჟეს, ბოლნისის სიონი ვნახოთო. ძალიან მინდოდა ბოლნისის ნახვა. ჯერ საკმარისად არ ვიცნობ საქართველოს ყველა კუთხეს და არაჩვეულებრივ ისტორიულ ძეგლებს. საქართველოში 17 წლის წინათ ჩამოვედი. ჩემი მეუღლე კიევში გავიცანი. ორივენი სტუდენტები ვიყავით. ასე დაიწყო ეს ამბავი... უფროსი ვაჟი, დავითი, კიევში გაჩნდა. ვიცინით ხოლმე: ის ნამდვილი კიეველია! მერე თბილისში წამოვედით და ასე დაიყო ჩემი „ქართველობა“.
ჰო, მოკლედ ბოლნისში მივდივართ... ორი მოწაფე მყავდა ბილნისიდან. რამდენიმე წლის წინ მაჩვენეს ბოლნისის სიონის ფოტოები და მას შემდეგ ვოცნებობდი, ჩემი თვალით მენახა.
საოცრება ვნახე, არაჩვეულებრივი დღე იყო!
მერე ნებართვა ავიღეთ, რომ ტაძრის ეზოდან ბზის ტოტი წამომეღო. ახლა ეს ტოტი ჩემს სახლში იქნება.
ბოლნისიდან ჩამოსულები ტელევიზორს მივუსხედით. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია. მთელი საღამო ერთმანეთს ვურეკავდით და ვუზიარებდით ჩვენს ფიქრებს, ვეკითხებოდით, ახალი ამბები თუ იცით, ვინ არის წინ, ვის რამდენი ხმა აქვს, ეგზიტპოლები რას უჩვენებს... გვიკვირდა, რომ ტიგიპკო მესამე ადგილზე იყო ეგზიტპოლების მიხედვით. არ ველოდით, რომ ამდენ ხმას მიიღებდა. ის, გარკვეულად, მესამე ძალაა - არც ერთ მხარეს არ არის. და კარგია, რომ ხალხის რაღაც ნაწილი უკრაინაში ახალ გზას ეძებს. მობეზრდათ ეს გაუთავებელი დაპირისპირება და რაღაც ახალი უნდათ. უკრაინიდან მირეკავდნენ და აზრს მეკითხებოდნენ, ისიც აინტერესებდათ მე ვის მივეცი ხმა. არ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე აღარ ვარ. უკრაინაში ყველა ღელავს, რომ რაიმე გართულება და დაპირისპირება არ მოხდეს - დაიღალა ხალხი. მშვიდობა უნდათ. მთავარი სადღეგრძელო ახლა უკრაინაშიც მშვიდობის სადღეგრძელოა.
თავისუფლების დღიურები - ოლენა ბეზრუჩკო
please wait

No media source currently available

0:00 0:12:21 0:00

18 იანვარი, ორშაბათი
ვაშა! – დღეს ვნახე ჩვენი ფილმის ბოლო ვერსია. ეს ფილმი ფესტივალის დროს გადავიღეთ – სახელწოდებით „შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ!“ ეს საბავშვო ფესტივალი საქართველოში უკრაინელ პედაგოგთა კავშირმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა. პროექტის განხორციელებისათვის გრანტი მოვიგეთ უმცირესობათა საკითხებში ევროპული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. მოეწონათ ჩვენი იდეა. როცა ამ ფილმს ვუყურებდი, თავი იმაზე დავიჭირე, რომ სულ მეღიმებოდა.
დიდხანს ვემზადებოდით ამისათვის, საქართველოში სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები თავიანთი ეთნიკური უმცირესობების კუთხეებს აფორმებდნენ. ბავშვები პლაკატებს ხატავდნენ ტოლერანტობის შესახებ.
მერე დიდი კონცერტი იყო და ქართულ, სომხურ, უკრაინულ თუ ქურთულ ცეკვებს ყველა ერთად ცეკვავდა. ასირიელებს კი, რომლებიც იესო ქრისტეს ენაზე მღეროდნენ, ყველა ცდილობდა, აჰყოლოდა სიმღერაში.
ერთი მომენტი იყო ძალიან სასაცილო. ფესტივალის ფარგლებში ეროვნული სამზარეულოების კონკურსიც იყო გათვალისწინებული. ყველას თავისი კერძი უნდა მოემზადებინა და მერე ერთად უნდა გაეწყო „მეგობრობის სუფრა“. მაგრამ სომხური ქადა ყველას ისე მოეწონა, რომ ჯერ კიდევ საკონცერტო პროგრამის დროს მთლიანად შეიჭამა და „მეგობრობის სუფრა“ სომხური კერძის გარეშე დარჩა.
სამაგიეროდ ესტონელები ისე ფხიზლად დარაჯობდნენ თავიანთ არაჩვეულებრივ ნამცხვარს, რომ მან არათუ ჩვენი სუფრა დაამშვენა, ერთი ნაჭრის გადანახვა, ესტონეთის ელჩის თხოვნით, მისთვისაც კი შევძელით.
სხვათა შორის, ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილე, ესტონეთის კონსულის წლინახევრის ქალიშვილი, მთელი საღამო ცეკვავდა. ჯერ ესტონურ სიმღერაზე, მერე ასირიულ მელოდიაზე და ბოლოს სომხურ საცეკვაოზე.
ვფიქრობ, სწორედ ასეთ დროს იბადება ტოლერანტობის გრძნობა – ის ადრეული ბავშვობიდან უნდა აღზარდო.
ამ ფილმში ჩემი ტელეინტერვიუც არის, რომელშიც ვამბობ, რომ საქართველოზე მეტად ტოლერანტულ ქვეყანას არ ვიცნობ. და კიდევ იმას ვამბობ, რომ აქ არასოდეს მიგრძვნია თავი „უმცირესობად“. დიდი მადლობა ამისათვის ქართველებს და საქართველოს!
და კიდევ: მაშინ ვიფიქრე ჩემთვის, რომ უკრაინაში უკვე ვეღარ შევძლებდი ცხოვრებას.
როცა უკრაინაში ჩავდივარ, მეგობრები და ახლობლები ამბობენ: „აი, ჩვენი ქართველი ჩამოვდა!“. საქართველოში როცა ვბრუნდები, ამ სიტყვებით მხვდებიან: „აი, ჩვენი უკრაინელიც დაბრუნდა!“ ხანდახან მეჩვენება, რომ უკვე აღარც ვიცი, ვინ ვარ სინამდვილეში – უკრაინელი თუ ქართველი.
ფილმი ჩემმა შვილებმაც ნახეს და შემაქეს: „ყოჩაღ დედა, ეს შენ გაკეთე?“ დარწმუნებული ვარ, რომ მარტო მშობლები კი არ უნდა ამაყობდნენ შვილებით. შვილებსაც უნდა ეამაყებოდეთ თავიანთი მშობლები...

19 იანვარი, სამშაბათი
დღეს დიდი დღესასწაულია – ნათლისღება. ამ დღეს ყოველთვის ეკლესიაში მივდივართ. მერე ბავშვები თავიანთ ნათლიებთან მიდიან, ულოცავენ მათ და ასაჩუქრებენ.
როცა პატარა ვიყავი, მეც დავდიოდი ჩემს ნათლიასთან. მაშინ ჩვენ პატარა ქალაქში ვცხოვრობდით ზაპოროჟიესთან. მახსოვს, როგორ ველოდებოდი ამ დღეს...
დედა საჩუქრებს ამზადებდა, გამომიკრავდა თავსაფარში ტკბილეულს და მე ისინი ჩემს ნათლიებთან მიმქონდა, სანაცვლოდ კი ყოველთვის ვიღებდი ლამაზ თოჯინას ან ახალ კაბას. სამუდამოდ დამრჩა ზეიმის სასიამოვნო შეგრძნება ამ დღეს.
თუმცა, კომუნისტების დროს, საეკლესიო დღესასწაულები აკრძალული იყო. შეიძლებოდა ინსტიტუტიდან ან სამსახურიდან გამოეგდეთ იმისათვის, რომ შვილებს ნათლავდი. მაგრამ ჩვენმა მშობლებმა მაინც მოგვნათლეს მე და ჩემი და; საეკლესიო დღესასწაულებსაც ყოველთვის აღნიშნავდნენ.
სამების დღესასწაულზე, მაგალითად, სახლი ყოველთვის მორთული იყო ყვავილებითა და ხის ტოტებით. შობის წინ, მაგიდაზე, ყოველთვის უნდა ყოფილიყო აუცილებელი 12 კერძი, ფანჯრებთან კი სანთლებს ანთებდნენ. და როცა საღამოს ნათლიებისთვის ძღვენი მიმქონდა, მთელი პატარა ქალაქი ამ სანთლების ციმციმში იყო ჩაძირული. ზეიმისა და სიხარულის საოცარი გრძნობა მეუფლებოდა.
მაგრამ წლევანდელი 19 იანვარი სევდიანი გამოდგა. დღეს ჩემი უახლოესი მეგობრის 25 წლის ნათესავს ვკრძალავთ, რომელიც „ღორის გრიპით“ გარდაიცვალა. იგი ფეხმძიმედ იყო და გამოდის, რომ გარდაცვლილ ბავშვთან ერთად დავკრძალეთ. არც ვიცი, როგორ უნდა გადაიტანოს ადამიანმა ასეთი უბედურება. და არ ვიცი, როგორ უნდა გადაიტანოს ასეთი ტკივილი დედამ.
ვისხედით უკრაინელები და ჩემს მეგობართან ერთად იმაზე ვსაუბრობდით, რომ ჩვენ აქ მხოლოდ შეძენილი ნათესავები გვყავს. ყველა ჩვენი ახლობელი კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში თუ ზაპოროჟიეში დარჩა... და რომ აქ, საქართველოში, რა ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ნათესავები. და როცა ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ყველა ერთმანეთს უდგას მხარში. გუშინაც ყველა მოვიდა: მასწავლებლები, მოსწავლეების მშობლები, უკრაინელები, ქართველები, სომხები, რუსები. სიხარულსაც და სატკივარსაც მთელი ოჯახი იზიარებს, ანუ მთელი სკოლა.

20 იანვარი, ოთხშაბათი
დღეს, ზამთრის გრძელი არდადეგების შემდეგ, ყველა დაბრუნდა ჩვენს ქართულ-უკრაინულ სკოლაში. ძალიან თბილად შევხვდით ერთმანეთს, და მთელი დღე ასეთი პატარა აჟიოტაჟი იყო სახელწოდებით „ჩვენ ისევ ერთად ვართ!“
ჩვენი სკოლა პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს. უფროსები უმცროსებს პატრონობენ, აგვარებენ „გაუგებრობებს“, თუ ასეთი მოხდა. რამდენიმე ახალი მოსწავლე გვყავს. ერთი ახლა ჩამოვიდა უკრაინიდან და საერთოდ არ იცის ქართული. ასეთებისთვის საგანგებო გაკვეთილები გვაქვს, სადაც მეორე პედაგოგი ინდივიდუალური პროგრამით ასწავლის ენას.
ამ ბავშვმა, შესვენებაზე დედას დაურეკა (ვაღიარებ, რომ ვუსმენდი) და, როგორც მომეჩვენა, კმაყოფილებით ეუბნებოდა რაღაცებს სკოლაზე. გამეღიმა და გავიფიქრე, რომ ყველაფერი კარგად იქნება - იგორიც ჩვენი მრავალეროვანი ოჯახის წევრი გახდება.

21 იანვარი, ხუთშაბათი
დილის 3 საათია. უფროს ვაჟს, დავითს, კიევში ვაცილებთ. ფრენა 5 საათზეა და ამიტომ მივდივართ ასე ადრე აეროპორტში. კიევის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობს და, ბუნებრივია, იშვიათად ვხედავ. ყოველთვის სხვას ვარიგებდი ჭკუას, არასოდეს გაუშვათ შორს თქვენი შვილები-მეთქი. არადა, მე თვითონ გავუშვი. მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ მეუბნება ხოლმე: „დედა, დიდი მადლობა გამოცდილებისთვის!“
გაფრინდა... და ისევ ავფორიაქდი. როგორ არის და რას შვრება? კიევში ახლაც არ არის მთლად მშვიდი ვითარება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და რა იქნება მეორე ტურის შემდეგ?
მოკლედ, ისევ განშორება... რა არის ჩვენი ცხოვრება? შეხვედრები და განშორებები.
ბიშკეკიდან დამირეკა მეგობარმა. კიევში ვსწავლობდით ერთად. ალბათ, 17 წელია არ მინახავს, მაგრამ მიპოვნა. იმდენი ვილაპარაკეთ, გავიხსენეთ, ვიტირეთ... თითქოს არც ყოფილა ეს წლები.
ახლა მაგარი „ბიზნესვუმენია“, მაგრამ ისეთივე დარჩა, როგორიც 17 წლის ყირგიზი გოგო იყო, უცნობ და უცხო კიევში რომ ჩამოვიდა და ჩვენთან ცხოვრობდა. მუსულმანია, მაგრამ ქმარი კორეელი ჰყავს და ბუდიზმით დაინტერესდა. აი, ტოლერანტობის მაგალითი ერთ ოჯახში! ზაფხულში ჩამოდიო, დამპატიჟა.
სკოლაში ვიწყებთ ვლადიმირ იაცეკის სახელობის უკრაინული ენის ცოდნის საერთაშორისო კონკურსს. ბავშვების შერჩევის პროცესში ვართ. როცა კომისია გამარჯვებულს გამოავლენს, ისეთი სიამაყით გადავცემთ ხოლმე უკრაინის განათლების სამინისტროს გვარებს: მანჩხაშვილი, მარჯანიშვილი, ანჯაფარიძე, კურტანიძე... უბრალოდ, ჩუმად ვამაყობ.
ამ საღამოს კიდევ ერთი ამბავი მოხდა. როგორც იქნა, ისევ დავუკავშირდი ნინო კახიძეს, ჩემი მოძღვრის – მამა ალექსანდრეს მეუღლეს, 12 შვილის დედას. რამდენიმე წლის წინათ შევხვდით ერთმანეთს. მაგრამ შემთხვევით არაფერი ხდება. ჩვენს სკოლაში გადმოჰყავდა თავისი ქალიშვილი, ეკა. როცა გავიგე, რომ მოძღვრის ცოლი იყო, ვუთხარი, რომ ღმერთმა გამომიგზავნა და რომ დიდი ხანია, ვეძებ მოძღვარს. ნინომ თავისი შვილების გაკეთებული სანთლები მომცა. ისეთი სუნი აქვთ!.. მას შემდეგ მამა ალექსანდრე ჩემი მოძღვარი გახდა.
მერე ნინოსთან კავშირი გამიწყდა და როგორ მიხარია, რომ ისევ ვიპოვნე, რომ ისევ შემეძლება დავურეკო და ვეურთიერთო. 12 შვილი ჰყავთ და ხუმრობით ნომრებით მიმართავენ: პირველი ნომერი, მეორე, მეათე - იმის მიხედვით, ვინ როდის დაიბადა.
ჰო, მართლა, მამა ალექსანდრეს დავპირდი, რომ წიგნს ვაჩუქებ. ამ წიგნის შემდგენლები მე და ჩემი მეგობარი, ვალენტინა მარჯანიშვილი-ელნიჩენკო ვართ. მამა ალექსანდრეს უკრაინის ისტორია აინტერესებს, ეს წიგნი კი ისტორიულ თემაზეა და იმიტომ დავპირდი.

22 იანვარი, პარასკევი
დღეს მნიშვნელოვანი დღეა. დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოცდას აბარებენ. მე ამ უნივერსიტეტშიც ვმუშაობ.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ამბავი? ნამდვილად არის! რადგან იურიდიული ფაკულტეტის მეორეკურსელები უკრაინული ენის გამოცდას აბარებენ. ყველა მათგანი ქართველია და მათ შორის უმეტესობა, როგორც ხუმრობით ვამბობ, “ღრმა ქართველი“, ანუ ისინი, ვინც რუსულიც კი საერთოდ არ იცის. ძნელია მათთან მუშაობა, მაგრამ ძალიან საინტერესო.
შემიძლია ვიამაყო: უმრავლესობამ „ბი“ და „სი“ შეფასება მიიღო, ანუ მაღალი ქულები. რა სასიამოვნოა მათი უკრაინულის მოსმენა, რომელიც კოლორიტული ქართული გამოთქმით არის შემკული. ზოგიერთის პასუხი დიქტოფონზეც კი ჩავიწერე, რომ შემდეგაც ვისიამოვნო ქართული ყაიდის უკრაინული მეტყველებით.
მეამაყება მათი უკრაინული საუბარი, წერა და კითხვა. დიდი მადლობა უნივრსიტეტს, რომ აქ ყველა სტუდენტი, მეტად თუ ნაკლებად, სწავლობს უკრაინულს.
ერთი სტუდენტია – ლიკა, საერთოდ არ აქვს ენების ნიჭი. როცა კითხვას ცდილობდა, ყველას გვეღიმებოდა, რადგან შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, რას ლაპარაკობს. მაგრამ ლიკა ძალიან ცდილობდა, მოინდომა და ჩააბარა ეს გამოცდა. ძალიან გამახარა!
სტუდენტებს რომ ვუსმენდი, ჩემი შვილის სიტყვები მახსენდებოდა. ის ქართულს ასწავლის კიევის ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში. თუმცა, კიევში დიდი ქართული დიასპორაა, ის იქ ისეთივე „ნაციონალური უმცირესობაა“, როგორიც მე აქ. მოკლედ, ამ ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ის უსაზღვროდ ამაყია და თავს საქართველოს პატრიოტად გრძნობს, რადგან უკრაინელებს, როგორც ამბობს, „დიდ ქართულ ენას ასწავლის“. მე გადავეხვიე და ვუთხარი, ახლა ხომ გესმის, მე როგორ უკრაინელ პატრიოტად გვგრძნობ თავს-მეთქი?

23 იანვარი, შაბათი
დილიდან გაკვეთილები მქონდა. თამუნამ დამირეკა, ჩემმა ქალიშვილმა. ნიკუშა და თამუნა ტყუპები არიან. ნიკუშა ფეხბურთელია, თამუნა კი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობს. მოკლედ, თამუნამ დამირეკა, მალე საქველმოქმედო კონცერტში მივიღებთ მონაწილეობას, მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის უნდა ვიცეკვოთო. გახარებულები იყვნენ პატარა ბალერინები.
ახლა გაკვეთილებს გავაგრძელებ, მერე კი რადიო თავისუფლებაში მელოდებიან.
XS
SM
MD
LG