Accessibility links

logo-print

ევროპაში რაკეტების განთავსების საკითხი არ აბრკოლებს რუსეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას


მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოება არ არის?

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოება არ არის?

თეთრი სახლი უარყოფს, რომ შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემის ევროპაში განთავსების საკითხი აბრკოლებს რუსეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ. თუმცა ვაშინგტონის ამ განცხადებამდე რუსეთის სამხედრო ძალების შტაბის უფროსმა თქვა, ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკება შეჩერებულიაო, და ამის მიზეზად დაასახელა ევროპის სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვის ვაშინგტონისეული გეგმა.
შეერთებული შტატები უარყოფს, რომ რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ვადაგასული დოკუმენტის - START-ის - შესაცვლელად მიმდინარე მოლაპარაკება შეჩერებულია და ამის მიზეზი რუსეთის უკმაყოფილებაა იმ გეგმის გამო, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას.

ეს უარყოფა პასუხია იმ განცხადებაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა, როცა პირდაპირ თქვა, ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკება შეჩერებულია ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ ვაშინგტონის გეგმის გამოო.

თეთრი სახლის წარმომადგენლის, რობერტ გიბსის თქმით, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება:

„ვფიქრობ, მოსაზრება, რომ ეს რაიმე ფორმით დაბრკოლებას უქმნის START-თან დაკავშირებულ პროცესს, უბრალოდ, არ შეესაბამება სინამდვილეს. [რუსეთის] პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ეს ნამდვილად არ უთქვამს [შეერთებული შტატების] პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის“, - თქვა მან.

გიბსის თქმით, ვაშინგტონის გეგმა ევროპისთვის ანტისარაკეტო სისტემის აგების თაობაზე რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ცნობილი, თუმცა ბოლო დრომდე მოსკოვს კონკრეტული პროტესტი არ გამოუთქვამს:

„როცა რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტი ობამა პრეზიდენტ მედვედევს ესაუბრა, პრეზიდენტ მედვედევს არ უთქვამს, რომ ეს დაბრკოლებას წარმოადგენს“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა და დასძინა: „ევროპის და ამ ქვეყნის დასაცავი ანტისარაკეტო სისტემის გეგმის არქიტექტურაში ჩვენ მიერ შეტანილი ცვლილებები სექტემბერში გამოვაცხადეთ და მას შემდეგ უკვე რამდენიმე თვეა სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.“

1991 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას - START-ს - ვადა 5 დეკემბერს გაუვიდა. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ დროულად შეძლებდა რუსეთთან ახალი ხელშეკრულების დადებას. ამ ახალ დოკუმენტს კიდევ უფრო მეტად უნდა შეემცირებინა ორი ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული არსენალები.

შეერთებული შტატები ცდილობს ერთმანეთისგან განაცალკევოს START-ის შემცვლელი ხელშეკრულებისა და ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების საკითხები. მით უფრო, რომ ანტისარაკეტო სისტემა თავდაცვით მიზნებს ატარებს და მასში სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება არ არის ჩართული.

მაგრამ გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა - რუსეთის სამხედრო ძალების შტაბის უფროსმა - სამშაბათს ეს ორი საკითხი ერთმანეთს პირდაპირ დაუკავშირა. მისი განცხადებით, მოსკოვი ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმას „ძალიან უარყოფითად“ აფასებს, იმიტომ რომ ამან შეიძლება რუსეთის სარაკეტო ძალების მოქმედებას შეუშალოს ხელი.
ამასთან, გენერალმა მაკაროვმა უნდობლობა გამოხატა იმ თვალსაზრისის მიმართ, რომლის თანახმადაც, ეს ანტისარაკეტო სისტემა მხოლოდ საფრთხის მატარებელი ქვეყნების - მაგალითად, ირანის ან ჩრდილოეთ კორეის - პოტენციური თავდასხმის მოგერიებას ისახავს მიზნად: „[რუსეთის ბირთვული] დოქტრინის დასკვნით, [შეერთებული შტატების] ანტისარაკეტო სისტემის განვითარება და დაარსება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არის მიმართული, მიუხედავად იმ სახელმწიფო მოღვაწეების განცხადებებისა, რომლებიც ამბობენ, რომ ამით ჩვენი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. ეს ასე ნამდვილად არ არის“, - აცხადებს მაკაროვი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პი ჯეი კროულიმ, კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ ანტისარაკეტო სისტემა ირანიდან მომავალ შესაძლო საფრთხეზე რეაგირებას ითვალისწინებს და „არანაირად არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული.“

მისი თქმით, ამერიკის მხარე ამ სისტემის შესახებ ღიად საუბრობს, მათ შორის, რუსეთის წარმომადგენლებთანაც.
ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ თავდაპირველი გეგმა ბუშის ადმინისტრაციის დროს შემუშავდა. ის გეგმა ითვალისწინებდა ჩეხეთის რესპუბლიკაში რადარის, პოლონეთში კი ინტერცეპტორი რაკეტების განთავსებას, შემომავალი საკონტინენტთაშორისო რაკეტების შეჩერების მიზნით.

ეს გეგმა, რომელსაც მოსკოვი მწვავედ ეწინააღმდეგებოდა, ობამას ადმინისტრაციამ ჩაანაცვლა ახლით, რომელიც საზღვაო და სახმელეთო რაკეტების განთავსებას ითვალისწინებს. ამ ახალ სისტემას რუსეთისთვის ნაკლებად სახიფათოდ მიიჩნევენ, ვინაიდან პირველ ეტაპზე ამ სისტემას, უბრალოდ, არ ექნება რუსეთის საკონტინენტთაშორისო რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა.

რუსეთის წარმომადგენლები თავიდან მშვიდად შეხვდნენ შეერთებული შტატების გეგმას პოლონეთში მოკლე მანძილის, „პეტრიოტის“ სარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათი დამოკიდებულება სულ უფრო მეტად კრიტიკული გახდა. ამასთან, გასულ კვირაში რუმინეთმა თანხმობა განაცხადა მის ტერიტორიაზე განთავსდეს ეს, ახალი ამერიკული გეგმით გათვალისწინებული, გადამტაცები.
XS
SM
MD
LG