Accessibility links

logo-print

ცხინვალი ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმებას ამზადებს


რუსეთის ფედერაციის პასპორტის დამზადება, მოსკოვი

რუსეთის ფედერაციის პასპორტის დამზადება, მოსკოვი

ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააფორმეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შიდა მოხმარების პასპორტებით მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ისარგებლონ. აქამდე, სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტს რუსი სამართალდამცავები არ სცნობდნენ, ახალი შეთანხმებით კი სამხრეთ ოსეთის პასპორტით მხოლოდ ფედერაციის ტერიტორიაზე იქნება გადაადგილება შესაძლებელი. გარდა ამისა, საგარეო უწყებები ახლა ამუშავებენ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტს.

დე ფაქტო რესპუბლიკის იმ მოქალაქეებს, ვისაც რუსეთთან ურთიერთობა ჰქონდა, რუსეთის მოქალაქეობა თავიდანვე მიიღეს. როგორც ცნობილია, რუსებმა ოსების პასპორტიზაცია აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლა ისედაც რუსეთის მოქალაქეა, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა კი მხოლოდ იმ მოხუცებს აქვთ, ვინც გასვლას არსად აპირებს.

გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ სეპარატისტული ხელისუფლება ამ შეთანხმებით სახელმწიფოებრიობანას თამაშს აგრძელებს, რუსეთი კი - დე ფაქტო რესპუბლიკის გარუსების პოლიტიკას. მისი აზრით, ცოტა ხანში ცხინვალში სამხრეთ ოსეთის მოქალაქის მოძებნა შეუძლებელი გახდება, რადგან ყველა ახალგაზრდა პირდაპირ რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ მოსალოდნელი შეთანხმება კი მხოლოდ ფარსი იქნება.

ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა 95%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი თავიდანვე რუსულ პასპორტს იღებს და ბედის საძებნელად რუსეთის ქალაქებში მიემგზავრება, რადგან ადგილზე არც განათლების და არც სხვაგვარი განვითარების პერსპექტივა არ არსებობს. დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველაზე მეტი ახალგაზრდა ან ჯარშია ან სხვა ძალოვან უწყებებშია დასაქმებული, ამიტომ რუსეთში წამსვლელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. უკან დაბრუნება კი აღარავის უნდა. მიგრაციის მასშტაბები დიდია, რაც ადგილზე დემოგრაფიულ პრობლემას აღრმავებს.
XS
SM
MD
LG