Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები და მედია


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი მოსახლეობაში ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებთან კონსულტაციებს იწყებს. ამ რიგის ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან გაიმართა. მრგვალი მაგიდა, პირობითი სახელწოდებით ”არჩევნები და მედია”, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის მისაღწევად მედიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ურთიერთთანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას მიეძღვნა.

საარჩევნო პროცესებში მედიის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის, ჩართულობა, როგორც წესი, არჩევნების დასრულების შემდეგ ყოველთვის ხდება დამკვირვებელთა შეფასების საგანი. უკვე არსებული საარჩევნო პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები რამდენიმე ჯგუფში იყრის თავს.

”მაგალითად, პრეტენზიები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სარეკლამო დროის ღირებულება საარჩევნო პერიოდში გაიზარდა გაცილებით, ვიდრე ეს არის არასაარჩევნო პერიოდში. ტენდენცია იყო, რომ გაცილებით დიდი დრო ეთმობოდა მმართველი პარტიის კანდიდატების მიერ მოწყობილ ღონისძიებებს და ამ ღონისძიებების გაშუქებას, ვიდრე, ვთქვათ, ოპოზიციური კანდიდატების მიერ მოწყობილი საარჩევნო ღონისძიებების გაშუქებას. ასევე პოლიტიკური დებატების ნაკლებობა, რა თქმა უნდა“, - განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ნინო ლომჯარია.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მედიის მისამართით დაჯგუფებულ ხარვეზებს, თავის მხრივ, ემატება ის პრეტენზიებიც, რომლებზეც უშუალოდ მედიის წარმომადგენლები ამახვილებენ ყურადღებას. ესენია, მაგალითად, ცალკეულ შემთხვევებში, საარჩევნო უბნებზე დაშვების პრობლემები, როდესაც ჟურნალისტები ადმინისტრაციის მხრიდან მათი უფლებების შეზღუდვაზე, თავად ადმინისტრაცია კი ჟურნალისტების მიერ პროფესიული უფლებების გადამეტებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებობს მოსაზრება, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების დღეს ჟურნალისტთა ქცევის წესების განმსაზღვრელი პროცედურა შეიქმნას. ამ მოსაზრებას, თავის მხრივ, იზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მედიამონიტორინგის ჯგუფების ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა. მიმართულებები კი, რომლებზეც ლევან გახელაძემ გაამახვილა ყურადღება, ერთი მხრივ, სიების მონიტორინგის პროცესში ჟურნალისტების ლეგიტიმური წესით ჩართვას გულისხმობს, მეორე მხრივ კი - მედიის მონიტორინგს თავად მედიის მიერ:

”უნდა იყოს მედია არჩევნების პროცესში მაქსიმალურად კრიტიკული, მაქსიმალურად ჯანსაღი თვალით უნდა უყურებდეს იმას, რაც ხდება - განსაკუთრებით, არჩევნების დღეს და, განსაკუთრებით, საარჩევნო უბნებზე. მაგრამ თავისუფალმა შეფასებებმა შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს რაღაც ისეთს, რამაც შეიძლება საზოგადოებრივი მშვიდობა ქვეყანაში დაუსაბუთებლად ააფეთქოს. ამიტომ, ბუნებრივია, ჯობია ჟურნალისტების საქმიანობაზე თავად ჟურნალისტებმა განახორციელონ მონიტორინგი და არავითარ შემთხვევაში ვიღაც სახელმწიფო ჩინოვნიკებმა.”

მედიამონიტორინგის ჯგუფების შექმნის ინიციატივა ქვემოდან, თავად ჟურნალისტების მიერ უნდა განხორციელდეს. ინიციატივა მისაღებია, თუმცა არსებობს გამოცდილებაც, რომელსაც გაზეთ ”24 საათის” რედაქტორ-გამომცემელი პაატა ვეშაპიძე ითვალისწინებს:

”ამის პრაქტიკა გვაქვს. იყო მიხნიკის ჯგუფი. მედიასაბჭოსთან შეიქმნა ჯგუფი, რომლის წევრი მეც ვიყავი. მათი ეფექტურობა იყო ძალიან დაბალი. რამდენიმე ჯგუფის შექმნა ჩემთვის უკვე ძალიან კარგი ინიციატივაა. მე ვფიქრობ, რომ თვითონ მედია თუ დატოვებს ჩასაფრებულის პოზიციას და დაინტერესდება, რომ ნამდვილად მიიღოს მონაწილეობა გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში, მედია შექმნის თვითონ ამ ჯგუფებს. შეიძლება შეიქმნას ცალკე რეგიონული მედიის, ცალკე ბეჭდური მედიის, შერეული, ოღონდ რამდენიმე.”

პაატა ვეშაპიძის აზრით, მედია, შესაძლოა, ისეთი სპეციფიკური საკითხის მონიტორინგის პროცესშიც ჩაერთოს, როგორიც, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხის შესწავლაა. ანუ ის, რაც არჩევნების შემდეგ ყოველთვის ხდება აზრთა სხვადასხვაობისა თუ პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი. თუმცა ერთია ინიციატივები, მეორე კი მათი განხორციელების შესაძლებლობები. ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიას თანამშრომლობას სთავაზობს, თუმცა ვინ აიტაცებს ინიციატივას და როგორ, ჯერ უცნობია.

”მართალი გითხრათ, ჩემთვის რომელიმე მედიაჯგუფის არსებობის შესახებ არაა ცნობილი.თუმცა მაგალითად, გუშინ მე შევხვდი ქალბატონ ელერტეს,ლატვიელ ჟურნალისტს, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს და რომლებიც მუშაობენ სატელევიზიო მონიტორინგის ჯგუფის შექმნაზე. ამას მივესალმები და ვუთხარი, რომ ყველანაირი მხარდაჭერა ექნება ცესკოდან.”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ, ტელევიზიის გარდა, მონიტორინგის არეალი უნდა გახდეს ასევე რადიო, ბეჭდური მედია და, განსაკუთრებით, რეგიონალური მედია.
XS
SM
MD
LG