Accessibility links

logo-print

რუსეთის სამხედროებმა აფხაზეთში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს


ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა რუსმა სამხედროებმა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ნაბაკევი-ხურჩის გადასასვლელთან საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდში მიკროავტობუსებით გადმოდიოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა დაკავებული მოქალაქეები სოფლის ცენტრში არსებულ საგუშაგოზე გადაიყვანეს და ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან. ამ უწყების ხელმძღვანელის თორნიკე კილანავასთვის უცნობია დატყვევებული ადამიანების ამჟამინდელი მდგომარეობა, თუმცა ფიქრობს, რომ მათ გალის აფხაზური სასამართლო ბრალად ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას წაუყენებს და ჯარიმით გაათავისუფლებს.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში დევნილი მთავრობის ეს ინფორმაცია დაადასტურა ნაბაკეველმა ქალბატონმა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით. რესპონდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც დღეს, ასევე ხვალ ე.წ. საზღვარზე განსაკუთრებული კონტროლი იქნება. ”ხვალ ბაღაფშის ინაუგურაციაა და ეს ფაქტი მოსალოდნელიც იყო, რადგან ე.წ. საზღვარი მკაცრად კონტროლდება”, - ამბობს ნაბაკევის მკვიდრი.

ამ ქალბატონის მსგავსად, დევნილი მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავაც, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების ფაქტს 12 თებერვალს დაგეგმილ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას უკავშირებს და აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებული რუსული სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა ადმინისტრაციული საზღვრის მთელი პერიმეტრი განსაკუთრებულად იყოს დაცული.
XS
SM
MD
LG