Accessibility links

კაცი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ავღანეთში წითელი არმიის დამარცხებაში


ჩარლი უილსონი 2008 წლის 26 აპრილს

ჩარლი უილსონი 2008 წლის 26 აპრილს

აშშ-ში გარდაიცვალა ყოფილი კონგრესმენი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის საკუთარი ქვეყნისა და ავღანეთის ისტორიაში: ის, ჩარლი უილსონი, იყო ინიციატორი ფართომასშტაბიანი და წარმატებული გასაიდუმლოებული ოპერაციისა, რომელიც ავღანელ მეამბოხეებს საბჭოთა კავშირის არმიის დამარცხებაში დაეხმარა.

უილსონის მოქმედებას კომუნიზმისადმი მისი უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება ასაზრდოებდა. ის დაუღალავად ეხმარებოდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ძალისხმევას, მიმართულს თანამედროვე შეიარაღების ავღანელი მოჯაჰედებისთვის მიწოდებისაკენ.

„მძულს საბჭოთა კავშირი და მძულს კომუნიზმი, მძულს მჩაგვრელები და როცა საბჭოთა კავშირმა მე-40 არმია შეასია ავღანელ ხალხს, რომელიც უმწეო ეგონა - ისტორიაში დიდად არ იყვნენ გარკვეული - ამან უბრალოდ სრულიად აღმაშფოთა და ამას მივუძღვენი ჩემი ცხოვრების ათი წელიწადი“, - ჩარლი უილსონმა ეს სიტყვები 2008 წელს წარმოთქვა, შეერთებული შტატების ტელევიზიაში. მანამდე 29 წლით ადრე, ავღანეთში წითელი არმიის შეჭრისას, ის წარმომადგენელთა პალატაში თავდაცვის დაფინანსების ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობდა - ზედმეტი ხმაურის გარეშე ზრუნავდა ავღანეთში დაზვერვის ცენტრალური სამმართვლოს კამპანიისთვის განკუთვნილი ფულის მკვეთრად გაზრდაზე.

ომში საბჭოთა არმიის დამარცხება მოხერხდა, თუმცა, მშვიდობამ ავღანეთში დიდხანს ვერ გასტანა - დიდწილად იმის გამოც, რომ ვაშინგტონმა ავღანეთისადმი ინტერესი დაკარგა, რასაც უილსონი მკაცრად აკრიტიკებდა.

როგორც ჩარლი უილსონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეიტსი, „მისმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო ოკუპანტის უკუგდებას, ხალხის განთავისუფლებასა და ცივი ომისთვის ბოლოს მოღებას“.

ბედის ირონიით, ახლა თვით აშშ და მისი მოკავშირეები არიან გახვეული ომში ავღანეთის ტერიტორიაზე, ებრძვიან იმ ხალხსაც, რომელთა შეიარაღებაზეც თავის დროზე წარმატებით ზრუნავდა ჩარლი უილსონი. ექსტრემისტები, რომლებმაც ძალა მოიკრიბეს გასული საუკუნის 80-იან წლებში, დღეს შეერთებული შტატების მოსისხლე მტრები არიან.

ყოფილ კონგრესმენ ჩარლი უილსონზე მხატვრული ფილმიც არის გადაღებული: „ჩარლი უილსონის ომი“- ასე ეწოდება 2007 წელს გადაღებულ სურათს, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ტომ ჰენკსი ასრულებს.
XS
SM
MD
LG