Accessibility links

logo-print

რატომ ეშინია ასლან მასხადოვის ყოფილ თანაშემწეს საქართველოში დეპორტაციის


ანზორ მასხადოვი (მარცხნივ) და იარომირ შტეტინა პრესკონფერენციაზე ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში

ანზორ მასხადოვი (მარცხნივ) და იარომირ შტეტინა პრესკონფერენციაზე ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში

ჩეხი პოლიტიკოსები და სამართალდამცველები მეორე დღეა მოუწოდებენ ჩეხეთის ხელისუფლებას, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს ჩეჩნეთის ყოფილი ლიდერის ასლან მასხადოვის თანაშემწეს, თემურ ბორჩაშვილს, და არ დაუშვას მისი საქართველოში დეპორტაცია. 11 თებერვალს ჩეხეთის სენატში გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ბორჩაშვილის მხარდასაჭერად ოსლოდან ასლან მასხადოვის შვილი, ანზორ მასხადოვი, ჩამოვიდა.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ, საქართველოში დეპორტაციის შემთხვევაში, ბორჩაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის წევრი იარომირ შტეტინა ფიქრობს, რომ ჩეხეთის მთავრობა დიდ შეცდომას უშვებს, როცა ასე უსაფუძვლოდ არ აძლევს პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეს, ეროვნებით ჩეჩენ თემურ ბორჩაშვილს. ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბოლოო გადაწყვეტილებაში ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ ბორჩაშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, იმის დასამტკიცებლად, რომ ის ნამდვილად ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწე იყო, სარწმუნო არ არის. თემურ ბორჩაშვილს თავდებად უდგება ჩეხეთის სენატის წევრი იარომირ შტეტინა, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მზად არის სასამართლოს წესით გაასაჩივროს ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილება.

„მიზეზი მეტისმეტად ზოგადი იყო და ამან ჩვენ ვერ დაგვარწმუნა იმაში, რომ ბორჩაშვილს თავშესაფარი სჭირდებაო. გადაწყვეტილებაში ისიც წერია, თითქოს იგი არ არის ჩეჩენი, რომ წარდგენილი მტკიცებულებები მასზე, როგორც მასხადოვის თანაშემწეზე,- იყო გაყალბებული. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩეხეთში ამგვარი მოხელეები ადამიანის ბედს კი არ წყვეტენ, არამედ ამას უყურებენ როგორ საქმეს, რომელსაც ნომერი აქვს.“


ამჟამად თემურ ბორჩაშვილი კონსპირაციულ ბინაზე იმალება - პრესკონფერენციაზე არ გამოჩენილა და არც ჟურნალისტებს ხვდება, რათა ამით, როგორც სენატორმა შტეტინამ თქვა, ჩეხეთის საიდუმლო პოლიციას არ გაუმჟღავნოს თავისი ადგილსამყოფელი. იმისათვის, რომ თემურ ბორჩაშვილის ნამდვილობა დაემტკიცებინა, 11 თებერვალს ჩეხეთში, მოწმის სახით, ნორვეგიიდან ჩამოვიდა ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ვაჟი, ანზორ მასხადოვი. ანზორ მასხადოვმა პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ 13 წლის წინ საქართველოში თავადაც ახლდა მამას და ახსოვს, თუ ვინ იყო მის ამალაში:

„დიახ შემიძლია ვთქვა, რომ აქ ჩამოვედი, რათა დავამოწმო ინფორმაცია, რაც ვიცი. დავამოწმო ის, რომ ბორჩაშვილი იყო ასლან მასახადოვის თანაშემწე და რომ მას მართლაც ემუქრება საფრთხე. რადგან ახმად კადიროვს არ უყვარს ის ჩეჩნები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და უარს ამბობენ მის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. თემურ ბროჩაშვილი კი კადიროვს დისკომფორტს იმითაც უქმნის, რომ თანამშრომლობდა ასლან მასახადოვთან, კავშირი ჰქონდა რუსლან გილაევთან და მეგობრობდა იტალიელ ჟურნალისტთან ანტონიო ბრუნოსთან, რის გამოც მას შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს.“

პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა სენატში წარმოადგინეს 1997 წელს საქართველოს პანკისის ხეობაში გადაღებული სურათი, რომელზეც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ასლან მასხადოვს გვერდს თემურ ბორჩაშვილი უმშვენებს. თემურ ბორჩაშვილის შესახებ საქართველოში ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში სამოქალაქო ინტეგრაციის მთავარი სპეციალისტი, წარმოშობით ჩეჩენი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრი ბორჩაშვილის გვარის მქონე ადამიანი იბრძოდა ჩეჩნეთის თავისუფლებისათვის, მათ შორის, საქართველოში, პანკისის ხეობაში, მცხოვრები დიასპორიდან:

„ ბორჩაშვილები ძალიან ბევრნი ცხოვრობენ სერნავოდსკსა და ასინოვკაში. ესენი არიან დედაჩემის დედეულები, მაგრამ ჩეჩნეთის მოქალაქეები. ამ ომში ძალინ ბევრი დაიღუპა. ვაჟკაცები მასხადოვის გვერდით იდგნენ. მაგრამ, მე რამდენადაც მითხრეს, ეს არის საქართველოს მოქალაქე.“

ჩეხი სენატორის იარომირ შტეტინას განცხადებით, თემურ ბორჩაშვილს საქართველოში დაბრუნების ეშინია იმის გამო, რომ ურთიერთობა ჰქონდა ჩეჩნეთის სეპარატისტულ ლიდერებსა და იტალიელ ჟურნალისტ ანტონიო ბრუნოსთან, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის ფედერალური ჯარების მოქმედებას ჩეჩნეთში. მექა ხანგოშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში მართლაც იმყოფებოდა იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო ბრუნო, რომელიც მისი სკანდალური პრეს-კონფერენციის შემდეგ,7 წლის წინ, კახეთში მოკლული იპოვეს.

„ალბათ, ეს იყო 2002-20003 წელი, ზუსტად არ მახსოვს. მაშინ კავკასიურ სახლში ჩატარდა „მწვანეთა“ მსოფლიო კონგრესი. ამ კონგრესზე პირველად გამოვიდა ანტონიო ბრუნო და განაცხადა, თუ როგორ იყენებდნენ რუსი სამხედროები აკრძალულ ქიმიურ იარაღს ჩეჩნეთში. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ანტონიო ბრუნო მკვდარი იპოვეს გომბორის გადასახვევთან.“
მე ვკითხე მექა ხანგოშვილს, რომელიც სახელმწიფო მოხელეა ამჟამად, თუ რატომ უნდა ეშინოდეს საქართველოს მოქალაქე თემურ ბორჩაშვილს საქართველოში დეპორტაციისა იმ ფონზე, როდესაც თბილისში ცხოვრობს და მუშაობს ალა დუდაევა, ყოფილი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის, ქვრივი.

„ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, რომ აქ ვინმე მოეკლათ. მაგრამ იმავე ავსტრიაში მოკლეს 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც რამზან კადიროვმა შეუთვალა, რომ მოკლავდა, თუკი უკან არ დაბრუნდებოდა და არ შეურიგდებოდა მის მთავრობას. თუკი ასეთი ძლიერი ევროპული ქვეყნები ვერ იცავენ თავიანთ მოქალაქეებს, მე ვფიქრობ, რომ არც ჩვენთან არის მაინცდამაინც გარანტირებული ნებისმიერი ჩეჩნის სიცოცხლე.“

მაგრამ ჯერჯერობით თემურ ბორჩაშვილს ჩეხეთიდან საქართველოში დაუყოვნებლივი დეპორტაცია არ ემუქრება. ჩეხი სენატორებისა და უფლებადამცველების მიერ ატეხილმა ხმაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყურამდე მიაღწია. როგორც ჩეხი სენატორი იარომირ შტეტინა ამბობს, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა მისცეს ბორჩაშვილს ვიზა იმ ვადით, რამდენიც დასჭირდება სასამართლოს იმის დასადგენად, იმსახურებს თუ არა ბორჩაშვილი პოლიტიკურ თავშესაფარს.
XS
SM
MD
LG