Accessibility links

ახალი მონღოლეთის ძველი ხატება - ჩინგის ყაენი


ულან ბატორი, მონღოლეთის დედაქალაქი

ულან ბატორი, მონღოლეთის დედაქალაქი

1990 წლიდან საბჭოთა კავშირი დაიშალა და მისი თანამგზავრები სხვადასხვა გზას დაადგნენ. მონღოლეთი ის ქვეყანაა, რომელიც მას მერე ცდილობს ორი დიდი მეზობლის, რუსეთის და ჩინეთის, და ასევე ახლო წარსულის გავლენას დააღწიოს თავი. მონღოლეთის მოქალაქეებმა წარსულში მოიძიეს თავიანთი ხატება, მე-12 - მე-13 საუკუნეების პოლიტიკოსის და მხედართმთავრის, ყველაზე ცნობილი მონღოლის, ჩინგის ყაენის სახით. ისინი ასევე უბრუნდებიან ბუდიზმს, ნაწილობრივი - შამანიზმს, თავიანთ ძველ რწმენას.

სახელგანთქმულ დამპყრობელს იმოდენა ძეგლი დაუდგეს მემკვიდრეებმა, რომ მის სანახავად მისულთ ლიფტი და კიბე სჭირდებათ ახლოს მისასვლელად. საკუთრივ ქანდაკება, ფოლადის კონსტრუქცია, 50 მეტრის სიმაღლისაა. ის მსოფლიოში მხედრის უდიდეს ქანდაკებაზე ორჯერ დიდია. მონღოლები ამტკიცებენ, რომ ის, როგორც მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, ასევე ორჯერ დიდი იყო ყველაზე.

კომპლექსი, რომელიც სუვერინების მაღაზიებსა და რესტორნებს მოიცავს, - იქვეა 200-მდე იურტა, მომთაბარეთა კარვები, - ოთხი მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ერთ-ერთი მცდელობაა მონღოლებისა, საბჭოთა მმართველობის პერიოდში დაკარგული იდენტიფიკაცია დაიბრუნონ. ჩინგის ყაენი ამ მცდელობის ერთი ნაწილია. მონღოლები ცდილობენ ააღორძინონ თავიანთი ფოლკლორი და ტრადიციები. მონღოლეთის ძველი იმპერიის მემკვიდრეები, დღევანდელ მკვლევართა გამოთვლით, 32 მილიონი ადამიანია. ისინი ცხოვრობენ ჩინეთიდან შუა აზიამდე სივრცეში, რუსეთის ჩათვლით, და ჩინგის ყაენი თავიანთ გმირად მიაჩნიათ.

„მონღოლებისთვის ის ღმერთია. მე არ მადარდებს, რომ სხვა ქვეყნებშიც თავისად მიაჩნიათ ჩინგის ყაენი. რაც მე მაინტერესებს, ისაა, თუ როგორ გვიყვარს მისი სახელი და როგორ გვიყვარს ის ჩვენ“, ამბობს ხუგულბუ ლხაგვასურენი, ჩინგის ყაენის უნივერსიტეტის დამაარსებელი, არქეოლოგი.

ამ უმაღლეს სკოლაში ასწავლიან არქეოლოგიას, ტურიზმს და შეისწავლიან ჩინგის ყაენს. ლხაგვასურენი ამბობს, რომ უნივერსიტეტის მიზანი მონღოლეთის უდიდესი ლიდერის რეაბილიტაცია, მისი სწორად გაგებაა. ჩინგის ყაენს, მისი თქმით, საბჭოთა ისტორიოგრაფია - ასევე დასავლეთი - ნაკლებად განათლებულ, სისხლისმსმელ მხედართმთავრად წარმოსახავს. ჩინგის ყაენის სახელობის უნივერსიტეტში კი სტუდენტებს ასწავლიან, რომ მათმა ეროვნულმა გმირმა გააერთიანა დაპირისპირებული ტომები, პატივს სცემდა სხვადასხვა ენებს, რელიგიებს და განავითარა ვაჭრობა და კავშირები მსოფლიოს უდიდეს იმპერიაში.

ხუგულბუ ლხაგვასურენი ჩინგის ყაენზე ამბობს, მან შეიძლება გლობალიზაციის პირველი ფაზა დაიწყოო.
ზემოხსენებული კომპლექსის სტუმარი, უბრალო მოქალაქე, ასე ხედავს ჩინგის ყაენს:

„ჩემი აზრით, ის მისაბაძია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან იყო ჭკვიანი და მამაცი, მისი სახელი ისტორიაში ჩაიწერა. მე დღესაც ვხედავ მონღოლებში ჩინგის ყაენის თვისებებს. მონღოლები ყველგან ერგებიან გარემოს, სადაც უნდა იყვნენ. მათ მთელ მსოფლიოში შეხვდებით. ისინი ჭკვიანები და ნებისყოფიანი ხალხია.“

ჩინგის ყაენს ყველგან შეხვდებით, მისი გამოსახულება ამკობს ყველაფერს ულან ბატორში, მას იხილავთ აეროპორტში, კაფეებსა და ბარებში, ლუდის და არყის ბოთლებზე, ის დედაქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს, მთის ფერდზე გამოსახული.

23 მეტრიანი ბუდის ოქროს ქანდაკება ულან ბატორში
მაგრამ ჩინგის ყაენი ერთადერთი ფენომენი არაა, რაც ამ ხალხს წარსულისკენ აბრუნებს. მონღოლეთი დაკავებულია საკუთარი ფოლკლორის აღორძინებითაც, მაგალითად, მუსიკით, სხვათა შორის - ბუდისტური საცეკვაო მუსიკით.

ახლა მონღოლეთში პოპულარულ, ამ რეგიონში გავრცელებულ ხორხისმიერ სიმღერას უსმენენ. ესეც მონღოლების, ისევე როგორც მათი მოდგმის სხვა ხალხების, ტრადიციულ სიამაყეს წარმოადგენს.

არაფერს გეტყვით ცხენზე, როგორც ასეთზე, რადგან ეს ცალკე და დიდი თემაა - მონღოლი და ცხენი განსაკუთრებული წყვილია და უკავშირდება ამ ხალხის წარსულსა და აწმყოს. მოკლედ მინდა გითხრათ ბუდიზმის აღორძინებაზე.

30-იან წლებში, როცა მონღოლეთი განვითარების სოციალისტურ გზას დაადგა, უამრავი რელიგიური პირი, ბუდისტი ლამა დახოცეს, განადგურდა მონასტრები. ერთ-ერთი ძეგლი ბუდისტური ღვთაებისა, ბოდისატვასი, საბჭოთა ჯარმა დაშალა და ნაწილ-ნაწილ გაიტანა მოსკოვში. ულან ბატორის განდანის მონასტრის ბუდისტი ბერი, ყვითელ სამოსში გამოწყობილი, იხსენებს, რომ ის 1911 წელს აიგო, 1937-ში კი დაშალეს და მოსკოვში გაიტანეს. ბერი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, განდანის მონასტერში 11 წლისა მიიყვანეს 1989 წელს, როცა კომუნისტური წყობის საწინააღმდეგო მოძრაობა დაიწყო. მისივე თქმით, მათ ქვეყანაში კომუნისტებამდე რელიგია ფართოდ იყო გავრცელებული. 1990-იან წლებში, როცა სოციალისტური ეპოქა დასრულდა, ამბობს ის, „ბედნიერი ვიყავი, რომ თავისუფლება მოვიდა კომუნისტური რეპრესიების შემდეგო.“

ულან ბატორში მუშაობს პოლიტოლოგი ტუმურსუხ უნდარია, რომელიც თვლის, რომ ბუდიზმის აღდგენა, ისევე როგორც ჩინგის ყაენისა, დაიწყო მაშინ, როცა, 20 წლის წინ, მონღოლეთის სხვაგვარად მოაზროვნეები მიხვდნენ, რომ ხალხს საკუთარ ქვეყანაში ასე არ უნდა ექცეოდნენ, რომ ისინი არ უნდა შეგუებოდნენ მოსკოვის მხრიდან ასეთ კონტროლს:

„1930-იანი წლების რეპრესიებმა სტალინისტური რეჟიმის დროს გაანადგურა დამოუკიდებელი ინტელიგენცია, ინტელექტუალთა კლასი. უამრავი ლამა დახოცეს, მოსპეს განათლებული ხალხი. ნაციონალიზმი ანტიიმპერიალისტური გახდა და იმპერიალისტები კომუნისტები იყვნენ. ახლანდელმა პრეზიდენტმა, ელბეგბორჟმა, ადრეული დემოკრატიული მოძრაობის პერიოდში დაწერა პამფლეტი, სადაც ამბობს: ‘არ დაივიწყოთ. თუ დაივიწყებთ, დედამიწაზე, როგორც მონღოლები, აღარ იარსებებთ.’ “
XS
SM
MD
LG