Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი და ცხინვალი ჟენევისთვის ემზადებიან


წითელი ჯვრის მისია საქართველოში
წითელი ჯვრის მისია საქართველოში
თებერვლის ბოლოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით, ჟენევაში ქართული, რუსული და ოსური მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმებზე იმსჯელებენ. ოსური მხარე ამ შეხვედრაზე საკუთარი მოთხოვნებით მიემგზავრება. დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველი დავით სანაკოევი, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომის და შემდგომ პერიოდში დაკარგული 7 ოსი ეროვნების მოქალაქის მოძიების საკითხს დააყენებს; ამავე დროს, მისი მოთხოვნა 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დაკარგულთა მოძიებაც იქნება. სანაკოევს იმედი აქვს, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო გამოცდილება დაკარგულთა მოძიების მიმართულებით სამხრეთ ოსეთისთვისაც სასარგებლო იქნება.

თებერვლის ბოლოს საქართველოში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ვიზიტიც იგეგმება - იგი ცხინვალშიც ჩავა და კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება. დავით სანაკოევის თქმით, ჰამარბერგი საერთაშორისო ექსპერტებთან ჩამოვა, რომლებსაც დაკარგულების მოძიების დიდი გამოცდილება აქვთ. კოკოითის ხელისუფლება ჰამარბერგთან საქართველოს ციხეებში მყოფი ოსი ეროვნების მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს. წინა ვიზიტისას ადამიანის უფლებათა კომისარს კოკოითიმ იმ მსჯავრდებულთა სია გადასცა, რომლებიც ამჟამად სასჯელს ქართულ ციხეებში იხდიან. ოსური მხარე 40-მდე მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვს. აგვისტოს ომამდე დაკავებულთა გათავისუფლების საკითხს ქართული მხარე არ განიხილავს. სანაკოევი ვარაუდობს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს დაკავებულთა გათავისუფლების საკითხში წინსვლა იქნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით ჟენევაში გასამართი შეხვედრის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია ამავე ორგანიზაციის მიერ გასაიდუმლოებულია. რაც შეეხება თომას ჰამარბერგის მიერ საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანას, ქართული მხარე მხარს უჭერს და მათთან თანამშრომლობას აპირებს.

ამჟამად ცხინვალის ციხეში 10-მდე საქართველოს მოქალაქე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იხდის სასჯელს. ქართული მხარე ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე მათი უპირობო გათავისუფლების საკითხს აყენებს. ოსური მხარე კი ორივე მხარეს დაკავებულთა გაცვლას პრინციპით ყველა–ყველაზე მოითხოვს.
XS
SM
MD
LG