Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავინახე შიშველი (ჩაცმული ჯობდა)


აი, ვის აქვს ”რეალ ტივიში” მომუშავეებზე მეტი სინდისი:

- მევახშეებს და ქორვაჭრებს
- მატერაცის
- ყოფილი საგზაო ინსპექციის თანამშრომლებს
- კატა ბაზილიოს და მელა ალისას
- უსინდისო რამაზს (ჩემი მოგონილი ტიპია, რომელიც უსინდისობით არის ცნობილი)

***

რამდენი უნამუსო სიუჟეტი გაუკეთებიათ და სტატია დაუწერიათ საქართველოში, მაგრამ ”რეალ ტივისებურად” ამაზრზენის ნახვა ამაზრზენი სიუჟეტების მკვლევარ პროფესორებსაც კი გაუჭირდებათ. მეცნიერული ფაქტია, რომ ”რეალ ტივი” ხელს უწყობს გლობალურ დათბობას - თითოეული სიუჟეტის ეთერში გასვლისას 12 ანგელოზი კვდება და თოთო ბავშვების უმანკო სიცილს 6 ერთეულით აკლდება უმანკოება. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ”რეალ ტივის” სიუჟეტების ყურება ორსულობის დროს საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას. ბოროტი ამერიკული კორპორაცია მომავალში ”რეალ ტივის” გამოიყენებს პლანეტა პანდორაზე იმ მანათობელი ხის გასახმობად.

***

ორიოდე სიტყვა მათთვის, ვინც ბედნიერ, ვარდისფერ სამყაროში ცხოვრობს, ბაბუაწვერებს უვლის და ამ არხის შესახებ არაფერი გაუგია. ქალაქში რომ ბილბორდები იყო, რომელსაც ტიტველი კაცი ეხატა და ”დაინახე შიშველიო”ეწერა, სწორედ ”რეალ ტივის” რეკლამა იყო. არხს გურამ დონაძე ხელმძღვანელობს და, როგორც ამბობენ, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და ან კიდევ სარუმანს. ”რეალ ტივის” საინფორმაციო გამოშვებას ჰქვია ”ტაიმ ნიუსი”, რაც ქართულად ითარგმნება როგორც „დრო ახალი ამბები“, ან, უკეთეს შემთხვევაში - „დროის ახალი ამბები“. ეს შესაფერისი სახელი იქნებოდა მომავლის რომელიმე საინფორმაციო გამოშვებისათვის, როდესაც ადამიანებს უკვე შეეძლებათ დროში მოგზაურობა და ეს გადაცემაც სწორედ დროში გადაადგილების თემას მიეძღვნება. ასე კი „ტაიმ ნიუსი“ უბრალოდ სულელურად ჟღერს.

თუმცა „რეალ ტივი“ ”ხელი გავიქნიე ფეხი” ინგლისურის გამო არ არის აღსანიშნავი. ”რეალ ტივიზე”, ძირითადად, ოპოზიციის ლანძღვას ნახავთ. ამაში თავისთავად არც გასაკვირია რამე და არც მაინცდამაინც საშინელი. განსაკუთრებულია ”რეალ ტივის” მიერ ამ საქმისადმი ახლებური და შემოქმედებითი მიდგომა. ტიპური სიუჟეტი ამ არხზე ასეთია: აჩვენებენ ირაკლი ალასანიას საარქივო ჩანაწერებს და ყვებიან, რომ ის დილას ჩაისთვის წყლის ნაცვლად ობოლი ბავშვების ცრემლებს ადუღებს და საერთოდაც, ცუდი ადამიანია. თუმცა მხოლოდ ალასანიას არ სჯერდებიან. აი, ვთქვათ, გადაცემა აქვთ ეგეთი, „რეალური ზღაპარი“ ჰქვია, ანიმაციაა, რომლის ერთი სერიის სიუჟეტი ასეთია - სააკაშვილი ლომია და კარგი ნაძვის ხე აქვს. ოპოზიცია კი რაღაც ჩუხანი ცხოველების სასტავია, რომლებსაც ასევე ჩუხანი ნაძვის ხე აქვთ და ამიტომ გადაწყვეტენ, კარგი მოიპარონ. მოიპარავენ და უხარიათ. ამ დროს კი ლომი სააკაშვილი მაგიურ სიტყვებს წარმოთქვამს და ახალი, კიდევ უკეთესი ნაძვის ხე გაჩნდება.

ჭირი იქა, ლხინი აქა...

ერთხელ კიდევ ”რეალ ტივიზე” ასეთი სიუჟეტი გავიდა. ჟურნალისტმა ზოოპარკში სტენდი დადგა, რომელზეც ოპოზიციის ლიდერები იყვნენ გამოსახული. გამვლელებს ეკითხებოდა, რომელი ლიდერი რომელი ცხოველს ჰგავსო. ეს რომელიმე მიმდინარე ამბავთან კი არ იყო დაკავშირებული, არამედ უბრალოდ იმისთვის იყო, რომ ჟურნალისტს გემრიელად გამოეთქვა, ბესელია გველია, კუკავა კი მაჩვიო. სხვათა შორის, რესპონდენტებმა არ იცოდნენ, რომ იღებდნენ. მე ვინ მითხრა? არავინ, უბრალოდ შეხედეთ სიუჟეტს (თუ ვერ შენიშნეთ, ორი ხაზით მაღლა არის ბმული).

ამას გარდა, მანამდეც არიან შემჩნეულნი მსგავს კაიკაცობაში.

***

”რეალ ტივის” ამ სიუჟეტზე კომენტარის გაკეთება ექსპერტ არსენა ბუნალიშვილს ვთხოვე. არსენა ბავშვობაში ჩემი წარმოსახვითი მეგობარი იყო. ის არის ასაკით უფროსი, ყველაზე ძლიერია და ჰყავს მანქანა ”მუსტანგა”. ზოგადად, გადასარევი კაცია და, როგორც წარმომიდგენია, იდეალური კომენტატორი იქნება.

- გამარჯობა, არსენა. როგორ ხარ, რას შვრები, სად დაიკარგე...
- გაგიმარჯოს, ნიკო. მეც მომენატრე. დიდი ხანია, მინდოდა მეთქვა, რომ ბავშვობაში რომ მშობლებს სთხოვდი, სათამაშო შუქნიშანი მიყიდეო და გამყიდველმა რომ თქვა, გაფუჭებულიაო, გატყუებდნენ. ძვირი ღირდა ალბათ.
- მადლობა, არსენა. მეც სულ ამას ვეჭვობდი, მაგრამ არა უშავს. ის წითელი სათამაშოც მშვენივრად მიწევდა შუქნიშნის მაგივრობას. მოდი საქმეზე გადავიდეთ. რომელ ცხოველს შეადარებდი ამ სიუჟეტის ავტორს?
- ვირთხას.
- გარეგნული თვისებების გამო?
- არა, მისი ქცევის გამო.
- რას გულისხმობ?
- ნიკო, საქმე ისაა, რომ სიუჟეტის ავტორი აკრძალულ ილეთებს იყენებს. ჯერ ერთი, საერთოდ არაფერი აქვს სათქმელი. უბრალოდ, უნდა რომ საზიზღრობები ილაპარაკოს, მაგრამ ვითომ სინამდვილეში თვითონ არ აკეთებს და გამვლელებს ეფარება. თითქოს პასუხისმგებლობას ირიდებს თავიდან - აი, მე კი არ ვზივარ და ვიფურთხები, არამედ გამვლელებიო. დაახლოებით ისევე იქცევა, როგორც ახლა შენ. თან, თუ ამას დავუმატებთ, რომ გამვლელებმა, სავარაუდოდ, საერთოდ არ იცოდნენ, რომ უღებდნენ...
- მოიცა, ისევე, როგორც მე? მე რა შუაში ვარ?
- ნიკო, აბა, აღიარე, რაში დაგჭირდი ახლა? 27 წელზე მეტია, არც გაგხსენებივარ, ახლა კი უცებ „რეალ ტივიზე“ მეკითხები რაღაცას. თან ზუსტად იცი, რასაც ვიტყვი. შენც იმავეს აკეთებ, რასაც ისინი. ლანძღვა გინდა და მე მეფარები, თითქოს შენ კი არ უწოდებ ჟურნალისტს ვირთხას, არამედ მე.
- კი, მაგრამ, მე ხომ იუმორით...
- კიდევ, იცი რა? რა „რეალ ტივი“ აგიტყდა? რა, ახალს ამბობ რამეს? ვინმემ არ იცის, რა ნეხვიცაა? მაგრამ ადვილია, ხო? თავს უკეთესად გრძნობ, არა? დაახლოებით ისე, უცებ ყველა ნოღაიდელს რომ მიასკდა.
- მოიცა, ნოღაიდელი რა შუაშია?
- ნოღაიდელი კი არა, სხვის ხარჯზე თავის დამკვიდრებაა შუაში. ”რეალ ტივის” ლანძღვა ისევე ადვილია, როგორც ნოღაიდელისა. რაც არ უნდა ცუდი იყო, სულ რომ ბაგა-ბაღის წინ სუბუტექსს ყიდდე, გახედავ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და იტყვი, აი ასეთი ხომ ნამდვილად არაფერი მიქნიაო.
- არსენა, დედას გეფიცები, თავის დამკვიდრება არ მინდა. შენ ხომ მიცნობ, არა? საკუთარი თავივით არ მიცნობ? უბრალოდ მაგათი გალანძღვა მინდა.
- ვისი, ნიკო, მერაბიშვილის თუ დონაძის?
- არც ერთის! ვინც მანდ მუშაობს იმათი. დონაძე არ მჯდარა იქ ჭკვიანური სახით, ალასანიას ფიტულისგან ინტერვიუს რომ იღებდნენ. მერაბიშვილს არ ედგა იქ სტენდი და გამვლელებს ის არ ატყუებდა. ვინც მაგას აკეთებდა, პასუხი არ უნდა მოეთხოვოს? საზიზღრობებს არ აკეთებენ? ყოვლად გულისამრევი არ არის?
- შენ კიდევ სახალხოპასუხისმომთხოვნი მყავხარ და სინდისიერების ეტალონი!
- არა, უბრალოდ მეწერინება და, მგონია, რომ სასაცილო გამოდის.
- არ გამოდის სასაცილო. გირჩევნია წახვიდე და უაზრო ისტორიებს მოჰყვე, ან მუსიკაზე იანგლო.
- არსენა, გემშვიდობები, ინტერვიუსთვის გამოყოფილი დრო ამოგვეწურა. სასიამოვნო იყო შენი ნახვა.
- ეგეთი სასიამოვნო რომ ყოფილიყო ამ 27 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დარეკავდი. ჩემთან დარეკვას არც ბალანსის შევსება სჭირდება და არც ქსელში ჩართული ტელეფონი. ისედაც კარგად ვპასუხობ ხოლმე. ხოდა, იცი რას გეტყვი? წატი შენი...

***

ალასანიას ფიტულთან ინტერვიუს, რომელიც ცოტა მაღლა ვახსენეთ, აი აქ ნახავთ. თუ ფსევდოლიბერალური ღირებულებები ბმულზე მიწკაპუნების უფლებას არ გაძლევთ, მოკლედ გეტყვით, რა ხდება. ჟურნალისტი თამარ დარსაველიძე მანეკენის წინ ზის (ჟურნალისტი მეტისმეტი მომივიდა. მაგრამ ზის), მანეკენს სახეზე ალასანიას ფოტო აქვს აკრული. თამარი ეკითხება - რა დონის პოლიტიკოსად მიიჩნევთ საკუთარ თავსო. ალასანია მრავლისმეტყველად დუმს.

მე ინტერვიუს ეს ტექნიკა ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე მიმებაძა. ამიტომაც ავიღე წარმოსახვითი ინტერვიუ თავად თამარ დარსაველიძისგან. აბა, კარგი იყო, უარი რომ მტკიცა ინტერვიუს მოცემაზე? მართალია, არც მითხოვია, მაგრამ, მაინც...

სხვათა შორის, თავს უფლება მივეცი და ეს ტექნიკა კიდევ უფრო განვავითარე. ჩემი რესპონდენტი არ დუმს და კითხვებზე პასუხსაც ვაცემინებ.

- თამარ, რა დონის ჟურნალისტად მიიჩნევ თავს?
- არა მგონია, რომ რამე ისეთს ვაკეთებდე, „იმედსა“ და „რუსთავი 2-ზე“ რომ ვერ ნახავ. ჩვენ დღე და ღამე მოღალატეებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ რა, ვახო სანაიას „ქართველები ქართველების წინააღმდეგ“ უკეთესი იყო? ყოვლად უნიჭო მულტფილმიც გვაქვს, სადაც სააკაშვილი ლომია, მოსახლეობა ჭიანჭველები და ოპოზიცია კიდევ რუსეთის აგენტი ვირთხები, მაგრამ რა, იმავე იმედზე სააკაშვილის სახოტბო სიუჟეტები არ გინახავს? იმათ რა, სინდისი აწუხებთ თუ ჩვენსავით პროპაგანდისტი ანტიჟურნალისტები არ არიან? უბრალოდ ისინი უფრო გამოცდილები არიან და შეფუთვაც უკეთ იციან.
- კი, მაგრამ სინდისი არ გაწუხებს ხოლმე ან შენ, ან შენს თანამშრომლებს? თქვენ ხომ ასეთი... როგორ ვთქვა... ცუდები ხართ.
- იცი, არ მაწუხებს. საქმე ისაა, რომ მეც და ჩემი კოლეგებიც მართლები ვართ. რუსული ოკუპაციის პირობებში, როდესაც დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით...
- კარგი რა, რა შუაშია აქ საოკუპაციო ჯარი.
- არ არის შუაში?
- არა!
- მოდი, ასე გეტყვი. საქართველო არის დაყოფილი ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი ჩვენიანები არიან და მეორე ცუდიანები. მთავრობის მხარდამჭერებიც ასე ვაკეთებთ და ოპოზიციონერებიც ასე შვრებიან. ზოგი ამას უფრო ჭკვიანურად გამოხატავს, უცხო სიტყვებს იშველიებს, ან კისინჯერს დაიმოწმებს და ან კიდევ დერიდას. „ფეისბუკიც“ აქვთ და ბლოგებიც. ჩვენ კიდევ ამას უფრო უხეშად ვაკეთებთ და შეიძლება უფრო საზიზღრადაც, მაგრამ აზრი მაინც იგივეა. რომ ვართ თეთრები და ისინი არიან შავები და ამიტომ ჩვენი ქაქი არ უნდა შევიმჩნიოთ და იმათი კიდევ კედელზე წავუსვათ. ჩვენ, ”რეალ ტივი” ვართ ჩირქი. ადვილად დასანახები ვართ და ცოტა გულისამრევები. მაგრამ, ჩვენ უბრალოდ რეაქცია ვართ ინფექციაზე. ჩვენ რომ გავქრეთ სხვა გაჩნდება. დაავადება კი დარჩება.
- დიდი მადლობა წარმოსახვითი ინტერვიუსთვის.
- წატი შე სამშობლოს მოღალატე...

***

რაც შეეხება სამშობლოს მოღალატეობას... დამეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ყველა ამ სიტყვებს გაიძახის, ცოტა მოუხერხებელი ტერმინია. გრადაციის საშუალებას არ იძლევა. ანუ, ვთქვათ, დავიწყეთ ნოღაიდელისგან და შევთანხმდით, რომ სწორედ ის არის მოღალატე. მერე გადავედით პავლიაშვილზე. მერე ჩამოვედით ცოტა ქვემოთ და ნანი ბრეგვაძეს ვუწოდეთ მოღალატე. მერე? მერე უკვე იმათზე გადავალთ, ვინც რუსულ პოპს უსმენს და, საერთოდ, არასახელმწიფოებრივად აზროვნებს. და ცოტა ხანში იმდენ მოღალატეს ვნახავთ, რომ ან საბჭოთა კავშირს დავემსგავსებით და ან კიდევ 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოს. იმიტომ, რომ მოღალატეების ძებნას კარგი არაფერი მოაქვს. ვინ არის და ვინ არ არის მოღალატე? თუ დიდხანს გააგრძელებ სამშობლოს გამყიდველების ძებნას, გამოვა, რომ მართალია, განსხვავებულ მოსაზრებას შემწყნარებლურად უნდა შეხედო, მაგრამ თუ ძალიან განსხვავებული გახდება, ეს უკვე სამშობლოს ღალატია. არსენა, რატომ დაბრუნდი, დაგრჩა რამე?
- არა, უბრალოდ ეს ბოლო ფრაზა მომეწონა. შენ მოიფიქრე?
- არა, ვუდი ალენმა.
- ეგრეც ვიცოდი. წავალ მე, მაინც აღარ გჭირდები, მაგრამ ერთს გკითხავ. ყველაფერს თავისი სახელი არ უნდა დავარქვათ? გაქვს “მოღალატეზე” უკეთესი ტერმინი?

მაქვს! უფრო სწორად, სხვის მოფიქრებულ ტერმინს განვავრცობ. ჩმორებიო, პრეზიდენტმა რომ თქვა. აი, სად გამოგვადგება კრიმინალური ტერმინოლოგია! თან გრადაციის საშუალებასაც გვაძლევს! ცოტა დახვეწა სჭირდება, მაგრამ სამუშაო ვარიანტი ასეთი იქნება - ყველაზე ცუდები იქნებიან ჩმორები. ასევე ცუდები, მაგრამ ოდნავ უკეთესები - განდილები ან სირჩოები. მერე მოდიან არიფები და ამათ მერე ძალათ კაიბიჭები. თან, მსგავსი ნომენკლატურა საშუალებას მოგვცემს, ავს ავი ვუწოდოთ და თან კარგსაც დავარქოთ სახელი. ესენი იქნებიან, კარგიდან უკეთესებისკენ - პატიოსანი ბიჭები, კაი ბიჭები, ძველი ბიჭები, განაბები და, ბოლოს ქურდები. ეს მხოლოდ სამუშაო ვარიანტია. ქურდული ჟარგონის ექსპერტი არა ვარ და შეიძლება ზოგ სიტყვას არასწორ დატვირთვას ვაძლევდე. ალბათ, ჯობს გივი თარგამაძეს ვთხოვოთ დახმარება. თან იდეოლოგიურად სწორად აზროვნებს, თან ქურდულიც იცის!

***

აი, ვისა აქვს მეტი საერთო ჟურნალისტიკასთან, ვიდრე ”რეალ ტივის”:

- პიარ ტექნოლოგებს
- ასენიზატორებს
- ბოზებს
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG