Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა


აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ოკუპირებულ რეგიონში მყოფი რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებმა იმატა.

11 თებერვალს დღის მეორე ნახევარში, რუსმა მესაზღვრეებმა ნაბაკევი-ხურჩის გადასასვლელთან ექვსი მიკროავტობუსის მძღოლი და მგზავრები დააკავეს, რომელთა ნაწილი გვიან ღამით, გალის აფხაზური სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ყველა დაკავებულს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებას უყენებს, ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ნაწილი კი ამდრომდე ტყვეობაში რჩება, - ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა.

კილანავას კიდევ ერთი ინფორმაციით, 12 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა, ამჯერად, სოფელ განახლებასთან, 2 მიკროავტობუსის მგზავრები დააკავეს და გალის აფხაზურ მილიციაში გადაიყვანეს. ”მოქალაქეების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩვენთვის უცნობია. ამ კვირაში რუსმა სამხედროებმა 70-ზე მეტი ადგილობრივი დააკავეს”, - ამბობს კილანვა.

სოფელ ნაბაკევის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ნონა თარბაია, რომელიც მგზავრების დაკავების ფაქტს შეესწრო, რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში ყვება, რომ სოფელში რთული სიტუაციაა. ”გუშინ ღამით და მთელი დღის განმავლობაში ყველა სამარშრუტო ავტობუსი, რომელიც ზუგდიდის რაიონში უნდა გადასულიყო, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დააკავეს. მგზავრები თავდაპირველად საგუშაგოზე გადაიყვანეს და ექიმები გამოგვიძახეს. მთელი დღის განმავლობაში ჩვენს თანამემამულეებს ვუვლიდით. ვთხოვე, რომ ქალები და ბავშვები მაინც გაეთავისუფლებინათ, მაგრამ მითხრეს, რომ რაღაც აქტები უნდა გაეფორმებინათ. აღარ შევეკამათე, თუმცა, საკმაოდ უსიამოვნო და ხმამაღალი საუბარი გვქონდა. დაახლოებით ღამის 10 საათის შემდეგ ყველანი გალში გადაიყვანეს და იქედან, ჯერჯერობით, არავინ დაბრუნებულა. აი ასეთი, საკმაოდ ცუდი სიტუაციაა”, - გვიხსნის ნაბაკეველი ექიმი.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ფიქრობენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების ე.წ. საზღვარზე დაკავება და მათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა, გასულ კვირაში დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ სოხუმში გამართულ სპეციალურ თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგია, სადაც სერგეი ბაღაფშმა გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას იმ ადგილობრივების დაკავება დაავალა, რომლებსაც დე ფაქტო მთავრობის მიერ გაცემული სპეციალური საშვი და აფხაზური პასპორტი არ ექნებოდათ, - გვიხსნის თორნიკე კილანავა. აღნიშნული დოკუმენტების მიღება, როგორც რადიო თავისუფლებას გალის რაიონის მოსახლეობამ შეატყობინა, რთულია, რადგან რაიონში გადაადგილებისთვის ტრანსპორტი არ არსებობს. ამიტომ მოქალაქეებს გალის ადმინისტრაციაში მისასვლელად ათობით კილომეტრის გავლა ფეხით უხდებათ.
XS
SM
MD
LG