Accessibility links

logo-print

ჰააგის სასამართლო საქართველოს არასამთავრობო სექტორის ანგარიშით დაინტერესდა

  • ნინო როდონაია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს არასამთავრობო სექტორმა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების დასადასტურებლად მუშაობა დაიწყო. ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ათასზე მეტი ადამიანის ჩვენებებს 5 ორგანიზაცია თვეების განმავლობაში აგროვებდა და როგორც სტატისტიკურად, ისე ფაქტების დაპირისპირების მეთოდოლოგიით ამუშავებდა. ამ მონაცემებს რამდენიმე სახის არაერთი სხვა მასალაც დაერთო და თავი ერთ ანგარიშში მოიყარა. მისი ერთ-ერთი ავტორის, ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლის თამარ გაბისონიას განმარტებით, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით მომზადებულ ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული ადამიანების მკვლელობის და დატყვევების, კონკრეტულ სოფლებში სახლების გაძარცვის და დაწვის ფაქტები. დასახელებულია ის, თუ ვის მიმართ ვინ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ასევე, გაანალიზებულია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნები და აგვისტოს ომის შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.

”მასალები, საბოლოო ჯამში, იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ ქართველების მიმართ მიზანმიმართული ეთნიკური წმენდა მოხდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ გაბისონიამ. ამ შეფასებას, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გარდა, კავშირი ”21-ე საუკუნე,” კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის და ადამიანის უფლებათა ცენტრები და „ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია“ იზიარებენ. მათი ერთობლივი ანგარიშის შინაარსით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი დაინტერესდა. ლუის მორენო ოკამპოს ინიციატივით, თებერვლის დასაწყისში მიწვეული იურისტის სტატუსით თინა ხიდაშელი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სახელით გიორგი ჩხეიძე და უჩა ნანუაშვილი ჰააგაში იმყოფებოდნენ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაინტერესებას უჩა ნანუაშვილი აგვისტოს ომის ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის ანგარიშის გამოქვეყნებას უკავშირებს. ”ტალიავინის დასკვნად” წოდებულმა დოკუმენტმა, როგორც ჩანს, ჰააგის სასამართლოს აგვისტოს ომის, მისი წინა და შემდგომი პერიოდის საკმაოდ მთლიანი სურათი დაანახვა. თბილისიდან მიწვეული ექსპერტებისგან ინფორმაციის მიღებით, ლუის მორენო ოკამპოს სურდა დარწმუნებულიყო, რომ აგვისტოს ომი მხოლოდ ხანმოკლე კონფლიქტი არ ყოფილა და რომ სამხედრო დანაშაულის ნიშნები მართლაც არსებობს. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პროკურორის დარწმუნება შეძლეს. მისი საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, თავდაპირველად დაგეგმილი საათნახევრიანი შეხვედრა, თითქმის სამ საათს გაგრძელდა. როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, პროკურორმა, ფაქტობრივად, სრული ინფორმაცია მიიღო.

მასალები, რომელიც 5-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიპოვა და თავი ერთ ანგარიშში მოუყარა, ძირითადად, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტებს ასახავს. თუმცა, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, უცხოელ პარტნიორებთან ერთად რამდენჯერმე შეძლეს ჩასვლა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ სოფლებშიც, სადაც მოიპოვეს ინფორმაცია ზოგიერთი დანაშაულის, მათ შორის ე.წ. კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიარაღებული კონფლიქტებისას სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და გენოციდის ფაქტებს იკვლევს. დამტკიცების შემთხვევაში, ჰააგის სასამართლო დამნაშავედ არა კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარეს, არამედ კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს აცხადებს. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, 5 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დოკუმენტირებული მასალა აგვისტოს ომისას სამხედრო დანაშაულის და ეთნოწმენდის ფაქტებს ადასტურებს. ”ჩვენ მიერ დაფიქსირებულია, ძირითადად, ოსი და, ზოგიერთ შემთხვევაში, რუსი სამხედროების დარღვევები. მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ოსური მხრიდანაც იყოს დაფიქსირებული ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნების დარღვევები. დამნაშავეები, ადრე თუ გვიან, ყველა მხრიდან უნდა დაისაჯონ. რამდენად შეძლებს ამას ჰააგის სასამართლო, სხვა საკითხია. თუმცა დაუსჯელობა კიდევ უფრო წაახალისებს იმ დანაშაულს, რომელიც ჩვენს რეგიონში მინიმუმ 20 წელია ხდება. კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი თუნდაც ერთი ადამიანის დასჯა, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. რამდენად მაღალჩინოსნებზე ავლენ და რამდენად შეეხება ეს პირველ და მეორე პირებს, ეს სხვა საკითხია და, ალბათ, გამოძიება დაადგენს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ საქმე აქამდეც მივიდეს ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას უჩა ნანუაშვილმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები საქართველოსა და რუსეთში ვიზიტებს გაზაფხულისთვის გეგმავენ. რაც შეეხება 5 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ ანგარიშს, რომლითაც ჰააგის სასამართლოს პროკურორი დაინტერესდა, ის თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG