Accessibility links

logo-print

რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დამატებითი მასალები შევიდა


12 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა (EHRAC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეებზე დამატებითი საბუთები მიაწოდეს. საუბარია 32 ჯგუფურ საქმეზე, რომლებიც 134 განმცხადებლის სახელით არის შედგენილი. დაზარალებული საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული არაერთი ვალდებულების დარღვევაში სდებენ ბრალს. რადიო თავისუფლება რამდენიმე დაზარალებულს ესაუბრა.

68 წლის ციცინო კუშაშვილის სახლი გორში რუსეთის ავიაციის სამიზნე 2008 წლის 9 აგვისტოს გახდა. დაბომბვამ იმსხვერპლა მისი ერთადერთი ქალიშვილის სიცოცხლე, ხოლო შვილიშვილმა, ფეხის უმძიმესი ტრავმის გამო, 4 თვე გაატარა საავადმყოფოში. ციცინო კუშაშვილს ეჭვი არ ეპარება, თუ ვინ არის დამნაშავე ამ ყველაფერში:

”ჩვენი თვალით დავინახეთ, რო თვითმფრინავები რუსეთისა იყო და რუსები ისხდნენ იმ თვითმფრინავებზე, რომლებმაც ბომბები ჩამოგვიყარეს... მე პოლიტიკაზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ მე რომ იმ სატანებმა მომიკლეს შვილი და შვილიშვილი ინვალიდი დამრჩა, ეს ვიცი. არ გაიხაროს პუტინმა და მედვედევმა, მაგას ვიტყვი ეხლაცა... რა მოხდა და რო დაიბომბა ჯერ სამხედრო ნაწილი, მეორე ბომბი ეზოში ჩამოვარდა და ქალები დაიხოცნენ, იქ მსხდომარეები. მესამე ბომბი ჩემს ფანჯარასთან ჩამოვარდა და ზუსტად მაშინ მოხვდა ჩემს შვილსა და შვილიშვილს ასკოლკები. შვილი იმწუთას დამიღუპა, ეგ ერთადერთი შვილი მყავდა ცხოვრებაში, ერთადერთი შვილიშვილი კიდე ამწუთშიც ინვალიდი მყავს... 5 წუთში ჩვენ გარშემო დაიხოცა ერთი 15 ადამიანი... 5 წუთში იმ ბომბებითა...”

”დამნაშავეები რუსები იყვნენ და არა ჩვენ... ამიტომ იმედი მაქვს, რომ სასამართლოში ჩვენ უნდა მოვიგოთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ციცინო კუშაშვილმა, რომელიც ერთ-ერთია იმ დაზარალებულებს შორის, ვინც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მათი ლონდონელი პარტნიორების დახმარებით რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლოში უჩივის. როგორც პროექტში ჩართული ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ აბაზაძე განმარტავს, რუსეთს საქართველოს მოქალაქეები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ:

”ესენია: ოჯახური ცხოვრებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემა, თავისუფალი გადაადგილება (ის, რომ ამ მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და იქ იცხოვრონ) და კიდევ მნიშვნელოვანი მუხლი აქ არის საკუთრების უფლების დარღვევა (ისინი ვეღარ სარგებლობენ თავიანთი საკუთრებით. აქ არ იგულისხმება მხოლოდ მათი გადამწვარი სახლები. მათ ჰქონდათ მიწა, ამუშავებდნენ და აქედან ჰქონდათ ძირითადი შემოსავალი და საარსებო წყარო). გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს რუსეთის ავიაციის დაბომბვის შედეგად მკვლელობის საქმეები და ასევე გვაქვს თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებული საქმეები.”

თავისუფლების უკანონო აღკვეთის კუთხით სტრასბურგში რუსეთს სოფელ თამარაშენის მკვიდრი 32 წლის დავით ძაძამიაც უჩივის. დედასთან ერთად, ის შეიარაღებულმა ოსებმა 2008 წლის 10 აგვისტოს სოფელ აჩაბეთში აიყვანეს ტყვედ, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს და იზოლატორში მოათავსეს. საშინელ ტყვეობაში დედამ - 12, ხოლო ვაჟმა 18 დღე გაატარა. დავით ძაძამია იხსენებს სასტიკ ცემას, დამცირებას და საშინელ უჰაერობას დაახლოებით 4-კვადრატულ მეტრიან საკანში, სადაც 16 ადამიანი იყო მოთავსებული:

”ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. იქ იყვნენ მოხუცები, კიდევ 10 წლის ბავშვი იყო, ქალებიც იყვნენ... ძალიან ცუდად გვექცეოდნენ - არ გვქონდა კვება, არ იყო წყალი და არანაირი ჰიგიენური საშუალებები... და იძულებით გვამუშავებდნენ ყოველდღე: გვამარხინებდნენ მიცვალებულებს, გვალაგებინებდნენ ქალაქს და გვატვირთინებდნენ რუსეთიდან შემოტანილ ჰუმანიტარულ ტვირთს... ”

სტრასბურგში მოგების იმედი დავით ძაძამიასაც აქვს. მატერიალური კომპენსაციის გარდა, ის ითხოვს ბოდიშს, რომელიც, მისი აზრით, რუსეთის მხარეს აუცილებლად აქვს მოსახდელი.

32 საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალგაზრდა იურისტრა ასოციაციამ და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა გასული წლის თებერვალში შეიტანეს, ხოლო პარასკევს, 12 თებერვალს, სასამართლოს დამატებითი არგუმენტაცია და მტკიცებულებები მიაწოდეს. აქვე აღვნიშნოთ, რომ მტკიცებულებების სახით ზოგიერთ შემთხვევაში ასევე გამოყენებულია ფრაგმენტები ევროკავშირის ინიციატივით წარმოებული საერთაშორისო გამოძიების დასკვნიდან, ეგრეთ წოდებული ”ტალიავინის დასკვნიდან.”

ხსენებული საქმეები უკვე მიღებულია წარმოებაში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება სტრასბურგის სასამართლოში ამა თუ იმ საქმის არსებითი განხილვა. სწორედ საქმის არსებითი განხილვის დროს უნდა განისაზღვროს იმ კომპენსაციის მასშტაბებიც, რომელიც რუსეთის ფედერაციას დაეკისრება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ამ პროცესს, დაახლოებით, 3 წელი მაინც დასჭირდება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებული სარჩელების მხოლოდ ნაწილს მოიცავს. ასოციაცია მეორე პროექტს ჰოლანდიაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია ”რუსეთის სამართლებრივ ინიციატივასთან” (RJI) ერთად ახორციელებს. ამ შემთხვევაში საუბარია 22 საქმეზე დაახლოებით 210 განმცხადებლის სახელით. საყურადღებოა, რომ ამ საქმეებიდან სამი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. ”ერთი საქმე შეეხება ცხინვალის დაბომბვის დროს იქაური პიროვნების დაღუპვას; მეორე საქმე შეეხება 15 წლის გოგონას მკვლელობას ცხინვალიდან ჯავის მიმართულებით მიმავალ გზაზე, ხოლო მესამე შეეხება ტყვეებს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ”, - განუმარტავს რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნათია კაციტაძე.
XS
SM
MD
LG