Accessibility links

logo-print

საფრანგეთის მთავრობა რუსეთს საფრთხედ კი არა, პარტნიორად აღიქვამს“: ინტერვიუ პოლიტოლოგ ტომა გომართან


ფრანგი პოლიტოლოგი ტომა გომარი

ფრანგი პოლიტოლოგი ტომა გომარი

რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელებული დისკუსიის შემდეგ, ორშაბათს საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ აპირებს რუსეთს მიჰყიდოს მაღალტექნოლოგიური საბრძოლო გემი - ვერტმფრენმზიდი „მისტრალი“. ამ ცნობას განგაშით ხვდებიან შავი და ბალტიის ზღვების მიმდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. თუმცა, როგორც იუწყებიან, საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუკი რუსეთს დასავლეთის ქვეყნები პარტნიორის მსგავსად არ მოექცევიან, არც ის მოიქცევა პარტნიორის შესაფერისად. „მისტრალის“ ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ევროს უტოლდება. მისი გაყიდვის შემთხვევაში, ეს ყველაზე მსხვილი გარიგება იქნება, რომელიც ნატოს წევრ ქვეყანას რუსეთთან ჰქონია. „მისტრალის“ შესახებ გარიგების ფაქტი ემთხვევა წელიწადს, რომელიც საფრანგეთში რუსეთის წლად არის გამოცხადებული, რუსეთში კი - საფრანგეთისად. ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი კულტურული ღონისძიებები. რას ნიშნავს ამგვარი დაახლოება ორ ქვეყანას შორის და როგორი გამოხმაურება აქვს „მისტრალის“ გაყიდვის ამბავს პარიზში? - ამ შეკითხვებით მივმართეთ ფრანგ პოლიტოლოგ ტომა გომარს, რომელიც პარიზში მდებარე საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში რუსეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პროგრამას ხელმძღვანელობს.

ტომა გომარი: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ურთიერთობა უკვე დიდი ხანია არსებობს. რუსეთის მიმართ პოლიტიკის ქონა ფრანგულ დიპლომატიაში ერთგვარი ტრადიციაა, რუსეთისთვის კი საფრანგეთი მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყანაა, - თუმცა არა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც გერმანია, - ენერგეტიკული, კომერციული თუ კულტურული კავშირების თვალსაზრისით. ამჟამად პარიზში აშკარად არის გამოხატული რუსეთთან საქმის კეთების და სტრატეგიული დიალოგის ქონის სურვილი. მით უფრო, რომ ევროპაში ეს ორი ქვეყანა ძლიერ სახელმწიფოებს წარმოადგენს. ამდენად, წელს გრძელდება პროცესი, რომელიც უკვე გარკვეული ხანია მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლება: "მისტრალის" საკითხს რაც შეეხება - რატომ ყიდის საფრანგეთი ამ გემს? ეს, უწინარესად, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თუ კომერციული? ვიცით, რომ საფრანგეთის გემსაშენ ქარხნებს უმუშევრობის პრობლემა აწუხებს.

ტომა გომარი: მე ვიტყოდი, რომ ორივე ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. კომერციული განზომილება ნათელია - მით უფრო, რომ საფრანგეთში ეკონომიკური კრიზისია, თან რეგიონალური არჩევნებიც ახლოვდება. საფრანგეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამგვარი კონტრაქტის დადება ქვეყნის ინდუსტრიის სტიმულირებისთვის. ამას პოლიტიკური ფაქტორებიც ემატება - მოსაზრება, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობა უნდა განვითარდეს და ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ნატო ძალიან სერიოზულ კამპანიას აწარმოებს ავღანეთში; უსაფრთხოების თვალსაზრისით, გარკვეული გამოწვევები არსებობს შუა აზიაში - ახლო აღმოსავლეთსა და ირანზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამდენად, პარიზში ბევრი ფიქრობს, რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის განვითარება აუცილებელია. თუმცა ასევე ისმის ძალიან მწვავე კრიტიკაც ამ გარიგების მიმართ - საფრანგეთში ბევრი მიიჩნევს, რომ ამგვარი შეიარაღების მიყიდვა 2008 წლის ომის ერთ-ერთი მონაწილისთვის შეცდომაა. ეს დისკუსია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მაინც აშკარაა, რომ მთავრობა რუსეთს საფრთხედ კი არა, რთულ, მაგრამ მაინც პარტნიორად აღიქვამს.

რადიო თავისუფლება:
მაგრამ ეს ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს - რუსეთი კი ნატოს კვლავაც საფრთხის მატარებელ ფაქტორად მიიჩნევს, ეს სამხედრო დოქტრინის ბოლო ვერსიაშიც გაიმეორეს. ნატოს ერთი წევრის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი შეიარაღების მიყიდვა ქვეყნისთვის, რომელიც ნატოს საფრთხედ აღიქვამს, რას მოასწავებს ალიანსისთვის? რამდენად დიდი განხეთქილება შეაქვს ამას ნატოში ან, თუნდაც, ევროკავშირში?

ტომა გომარი: აქ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი. გეთანხმებით, რომ ნატოს ფაქტორი დიდწილად რჩება რუსეთში მიმდინარე სტრატეგიული დისკუსიების ცენტრად. თუმცა ეს ვითარება ნელ-ნელა შეიძლება იცვლებოდეს. ჩემი აზრით, უახლოეს თვეებში მოხდება ერთგვარი შერწყმა მედვედევის ინიციატივისა და ნატოს სტრატეგიული კონცეფციის. ჩემი აზრით, ნატო მივიდა დასკვნამე, რომ მისი მთავარი გამოწვევები თეირანსა და ქაბულში უფროა, ვიდრე ევროპის კონტინენტზე. ასევე მნიშვნელოვანია არგუმენტი, რომელიც ფრანგ ოფიციალურ პირებს ძალიან ხშირად მოჰყავთ - რომ თუ რუსეთს გემს საფრანგეთი არ მიჰყიდის, ამას ესპანეთი ან ჰოლანდია გააკეთებს. ეს ქვეყნები რიგში დგანან რუსეთისთვის გემების მისაყიდად. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, საკუთრივ რუსეთში არსებულ ვითარებას ეხება - ამგვარმა შეთანხმებამ შეიძლება პუტინს ან მედვედევს გაუადვილოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე ზეწოლის განხორციელება. ამ სექტორისთვის "მისტრალის" შესყიდვა სერიოზული პრობლემაა. ამ შესყიდვით ცხადი ხდება, რომ ამ სექტორს მსგავსი გემების წარმოება აღარ შეუძლია. ამგვარ ზეწოლას კი რუსეთის სამხედრო ისტებლიშმენტში შეიძლება ცვლილებები მოჰყვეს.

რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ - რომ ამ გემის შესყიდვა ერთგვარი ბიძგი იქნება ამ სექტორის მოდერნიზაციისთვის?

ტომა გომარი: მოდერნიზების და უფრო პროფესიონალური არმიის შექმნის პოლიტიკური სურვილი არსებობს, მაგრამ ამას სამხედრო უწყებების მაღალ ეშელონებში დიდი წინააღმდეგობა ხვდება. ეს ბრძოლა რუსეთში ჩუმად მიმდინარეობს, თუმცა რეალურად ასეა. ამას ის პრობლემაც ემატება, რომ რუსეთს იარაღის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ესაჭიროება თავისი შეიარაღების თანამედროვე სტანდარტებთან მისადაგება. ვფიქრობ, „მისტრალის“ შესახებ ამ გარიგებაზე საუბრისას ეს განზომილებაც უნდა გვახსოვდეს.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ამ საკითხისადმი შეერთებული შტატების დამოკიდებულებას - ვიცით, რომ თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა პრეზიდენტ სარკოზისთან საუბარში „მისტრალის“ გარიგების ირგვლივ შეშფოთება გამოხატა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, „მისტრალის“ რუსეთისთვის მიყიდვით საფრანგეთი აცხადებს, რომ აშშ-ისგან დამოუკიდბლად შეუძლია მოქმედება. სხვები კი, პირიქით, საფრანგეთის ნაბიჯს სწორედ აშშ-ის "გადატვირთვის" პოლიტიკასთან შეწყობის სურვილად მიიჩნევენ. თქვენი აზრი როგორია?

ტომა გომარი: "გადატვირთვის" პოლიტიკასთან დაკავშირებით ვაშინგტონში გაწბილება ნამდვილად შეინიშნება. გასულ გაზაფხულზე პრეზიდენტმა ობამამ კონკრეტული მიზნები დასახა; შემდეგ ევროპაში რაკეტების განთავსების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება; მოლაპარაკებები გრძელდება START-ის შემცვლელი ხელშეკრულებისა და ირანის ირგვლივ; თუმცა ამ პოლიტიკას ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომაც მას სულ უფრო მეტი ხალხი აკრიტიკებს - იქნება ეს ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებში, საქართველოში თუ საკუთრივ ვაშინგტონში. თუმცა, ამის მიუხედავად, ვაშინგტონში კარგად ესმით, რომ მათი მთავარი პრობლემები ირანს და ავღანეთს უკავშირდება და რუსეთთან დაძაბულობის შექმნას აშშ ახლა ვერ დაუშვებს. ეს უკვე მეტისმეტი იქნება. ამდენად, ჩემი აზრით, რაც უნდა იმედგაცრუება იყოს გადატვირთვის პროცესის ირგვლივ, არა მგონია, ახლო მომავალში ვაშინგტონმა რუსეთის მიმართ პოზიცია გაამკაცროს. რაც შეეხება საფრანგეთის და აშშ-ის ურთიერთობას, "მისტრალის" საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა, ჩემი აზრით, ის მთავარ თემას არ წარმოადგენს. გასათვალისწინებელია საფრანგეთის ნატოში სამხედრო დაბრუნების ფაქტიც - შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს გადამწყვეტი მომენტი იყო, დე გოლის შემდგომი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში არსებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპის დასასრული. ახლა საფრანგეთის სამხედრო უწყებები გადაწყვეტილების მიღებისას აშკარად ნატოს კონტექსტში მოქმედებენ. ამდენად, არა მგონია, რაიმე მნიშვნელოვანი დაძაბულობა შეიქმნას.

რადიო თავისუფლება: მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, პრეზიდენტ სარკოზის იქ მიიჩნევენ ფიგურად, რომელმაც დიდწილად განაპირობა 2008 წლის ზაფხულში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა - ის ამ დოკუმენტის ხელმომწერია. მას შემდეგ რუსეთს არ შეუსრულებია ამ შეთანხმების პირობები, განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას. ასეთ ვითარებაში რას ნიშნავს, მაგალითად, "მისტრალის" რუსეთისთვის მიყიდვის ამბავი - იმას ხომ არა, რომ სარკოზი აღარ აპირებს დაუბრუნდეს ომის საკითხს და რუსეთს ყველაფერი ეპატია?

ტომა გომარი: ეს კრიტიკა ისმის როგორც საფრანგეთში, ისე ზოგადად ევროპაში და შეერთებულ შტატებშიც - რომ შეიარაღების აგვისტოს ომის ერთ-ერთი მონაწილისთვის მიყიდვა დიდად ჭკვიანური ნაბიჯი არ არის. ამას უპირისპირებენ იმ პოზიციას, რომ რუსეთთან ურთიერთობას განვითარება ესაჭიროება, იმიტომ რომ ეს ერთადერთი გზაა ევროპის სტაბილურობის გასაუმჯობესებლად. შეუძლებელია თავი ისე მოგვქონდეს, თითქოს სტაბილურობა და უსაფრთხოება არსებობს, რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლად. კეთდება თუ არა ეს საქართველოს ინტერესების ხარჯზე? - ასეთი საფრთხე ნამდვილად არის. პრობლემა იმაშია, რომ ახლა საქართველოს მთავრობა ძალიან იზოლირებულია და მათთვის უაღრესად რთული იქნება დამაჯერებლად წარმოადგინონ რუსეთთან ურთიერთობის სხვაგვარად განვითარების პერსპექტივა.

რადიო თავისუფლება: თუმცა შეშფოთებას მარტო საქართველო არ გამოხატავს - ასევე იქცევიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან.

ტომა გომარი: დიახ, ასეა, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც ძალიან სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ, ისევე როგორც პოლონეთი. იმიტომ რომ ამ ქვეყნებისთვის რუსეთი კვლავინდებურად სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. არადა, სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის - გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის და ასე შემდეგ - რუსეთი აღარ წარმოადგენს საფრთხეს. ამ განსხვავებული აღქმის ირგვლივ როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის შიგნით აქტიური დისკუსია მიმდინარეობს და "მისტრალის" საკითხის პრობლემურობაც სწორედ ამით აიხსნება.

რადიო თავისუფლება: ესე იგი, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ნატოსა და ევროკავშირის წევრებს შორის სოლიდარობის ფაქტორმა არ იმოქმედა? ძველი წევრები ახლების ინტერესებს უგულებელყოფენ?

ტომა გომარი: არა, მე ასე არ ვფიქრობ. სოლიდარობა ნამდვილად არის. მაგალითისთვის, ბალტიის ქვეყნების საჰაერო ზონის პატრულირებას ნატო ახორციელებს, მათ შორის - ფრანგული თვითმფრინავებიც. ნატოში მოქმედებს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ მეხუთე მუხლი. ჩემი აზრით, აუცილებელია ევროკავშირის ახალმა წევრებმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღონ, თუმცა ისინიც უნდა ეცადონ რუსეთთან ურთიერთობა სხვაგვარი ფორმით განავითარონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG