Accessibility links

შესრულდა ბორის პასტერნაკის დაბადებიდან 120 წლისთავი, XX საუკუნის უდიდესი პოეტისა, რომელიც განსაკუთრებულად იყო დაკავშირებული საქართველოსთან.

პასტერნაკი მოსკოვში დაიბადა, 1890 წლის 10 თებერვალს, მხატვრის, ლეონიდ პასტერნაკისა და პიანისტის, როზალია პასტერნაკის ოჯახში. 10 წლის ბორისმა მათ ოჯახში სტუმრად მისული რაინერ მარია რილკე გაიცნო, 13-ისა კი, რუსი კომპოზიტორის, ალექსანდრ სკრიაბინის გავლენით, მუსიკოსობაზე ოცნებობდა.

მისი პირველი პოეტური კრებული 1914 წელს გამოვიდა. მას 1916-ში მოჰყვა უმნიშვნელოვანესი პოეტური რკალი “ბარიერებს ზევით”, 1922 წელს კი პასტერნაკის შემოქმედების მწვერვალად მიჩნეული “დაი ჩემი - ცხოვრება” დაიბეჭდა, სადაც, ბევრის აზრით, თანამედროვეობის უდიდესი პოეტი გამოჩნდა. პასტერნაკმა თავისი ცხოვრების მანძილზე კიდევ რამდენიმე კრებული შექმნა, გამოაქვეყნა პოემები, იდევნებოდა რომანის გამო, წერდა მოგონებებს. ახმატოვასავით ან ჩუკოვსკივით, ისიც თარგმანებით ირჩენდა თავს (ამ თავის რჩენაში მას თითქმის სრული შექსპირი შემოეთარგმნა, ასევე შილერი, გოეთეს “ფაუსტი”, ფრანგი პოეტები, ბარათაშვილი).

ბორის პასტერნაკის პოეზია და პროზა განსაკუთრებული მოვლენაა XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში. პუშკინის, ლერმონტოვის, რილკეს კვალად ისიც ტოვებდა ხოლმე ლექსის საზღვრებს, რათა განსხვავებულად ეთქვა სათქმელი. ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი ამის შესახებ გვეუბნება: “მას მიაჩნდა, რომ პროზა არის პოეზია და პოეზია არის პროზა. აქედან გამომდინარე, ყველაზე საოცრად ეს პარალელიზმი გამოჩნდა “ექიმ ჟივაგოში”, სადაც იური ჟივაგოს ლექსების ციკლს აქვს შესაბამისი პარალელი პროზაში, ანუ ერთი და იგივე რაღაცა პროზითაც არის დაწერილი და პოეზიითაც, რაც ასევე საკმაოდ დიდი იშვიათობაა”.

ცალკე ისტორიაა ბორის პასტერნაკი და საქართველო. მან ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში, შემდეგ კი დევნის პერიოდში, 1959 წელს, მეორე სამშობლო ჰპოვა ჩვენს ქვეყანაში. იგი, საქართველოსთან და ქართველ პოეტებთან ურთიერთობით, შეიძლება ითქვას, მეორეჯერ დაიბადა (პირველი ვიზიტის შემდეგ გამოცემულ მის პოეტურ კრებულს ასეც ერქვა – “მეორე დაბადება”).

ზაზა შათირიშვილის აზრით, “შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ის, რა როლიც შეასრულა გოეთეს შემოქმედებაში იტალიამ და რა როლსაც ასრულებს მანდელშტამის შემოქმედებაში სომხეთი, საქართველო ასრულებს ასეთ როლს პასტერნაკის შემოქმედებაში, როგორც ბიოგრაფიულად, ისე პოეტიკის თვალსაზრისით”.

ბორის პასტერნაკს ეკუთვნის ქარველი პოეტების შესანიშნავი თარგმანები, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი მაინც მისეული ბარათაშვილია, უდაოდ კონგენიალური თარგმანი, რომელშიც ბარათაშვილის გარდა მეორე დიდი პოეტის ხმაც მოისმის:

Цвет небесный, синий цвет,
Полюбил я с малых лет.
В детстве он мне означал
Синеву иных начал.

И теперь, когда достиг
Я вершины дней своих,
В жертву остальным цветам
Голубого не отдам.

ანდა მერანი:

Стрелой несётся конь мечты моей,
Вдогонку ворон каркает угрюмо.
Вперёд, мой конь, мою печаль и думу
Дыханьем ветра встречного обвей.

Вперёд, вперёд, не ведая преград,
Сквозь вихрь и град, и снег, и непогоду.
Ты должен сохранить мне дни и годы.
Вперёд, вперёд, куда глаза глядят!

პასტერნაკს გაუმართლა ქართველ მთარგმნელებშიც. XX საუკუნის არც ერთი დიდი რომანი არ არის ქართულად ორჯერ თარგმნილი, „ექიმ ჟივაგოს” ორი განსხვავებული თარგმანი კი თითქმის ერთდროულად გამოვიდა საქართველოში, აკაკი ბრეგაძისა და ნოდარ ნონიაშვილის მიერ შესრულებული. სხვადასხვა დროს პასტერნაკის ლექსები თარგმნეს სიმონ ჩიქოვანმა, თამაზ ჩხენკელმა, მორის ფოცხიშვილმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ირაკლი სურგულაძემ, თედო ბექიშვილმა, ტარიელ ჭანტურიამ, ჯემალ აჯიაშვილმა, ანდრო ბუაჩიძემ, ბათუ დანელიამ და სხვებმა. პასტერნაკის, რილკესა და ცვეტაევას მიმოწერა ნაირა გელაშვილმა გადმოაქართულა, მისი “ადამიანები და გარემოებანი” კი გიორგი მარგველაშვილმა.

პასტერნაკი ოთხჯერ იყო საქართველოში ნამყოფი და აქ გატარებული დღეების შესახებ ჩვენ დეტალური ინფორმაცია გვაქვს. თავად მწერლის, ასევე სიმონ ჩიქოვანისა და სხვათა მოგონებების წყალობით თანმიმდევრულად შეგვიძლია აღვადგინოთ პოეტის მოგზაურობის დღეები. მაგალითად, პირველი, ყველაზე შთამბეჭდავი ვიზიტი, 1931 წლის ზაფხულში შედგა. 13 ივლისს მან რუსული და ქართული კლასიკური ლიტერატურიდან კარგად ნაცნობი მარშრუტი გამოიარა, ჩრდილო კავკასიიდან, დარიალისა და მლეთის გავლით (სხვათა შორის, სიმონ ჩიქოვანი წერდა, რომ პასტერნაკისთვის ლერმონტოვისგან გაცხადდა ქართული თემა, რომელიც პლასტიკურად იყო გადააზრებული შემდგომ ვრუბელთან). 14 ივლისს, გამთენიისას იგი უკვე ტფილისში იყო, საღამოს პაოლო იაშვილსა და სხვა ცისფერყანწელებს ხვდებოდა. მეორე დღეს მცხეთას ესტუმრნენ, მოინახულეს ჯვარი, აგვისტოში კი იგი კოჯორში ისვენებდა, სასტუმრო “კურორტის” მე-8 ნომერში. კოჯორიდან პოეტი აბასთუმანში გააქანეს, შემდეგ ბორჯომში და ბაკურიანში, სადაც მაშინ გიორგი ლეონიძე ისვენებდა, პაოლო იაშვილი კი ბოლოს ქობულეთში მასპინძლობდა პასტერნაკს.

ამ პერიოდიდან მოყოლებული, პასტერნაკის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა საქართველომ. ზაზა შათირიშვილის აზრით: “ალბათ არავის არ დაუწერია საქართველოზე ისეთი რაღაცეები, - რა თქმა უნდა, იყო მანდელშტამის Кое-что о грузинском искусстве, - თუმცა პასტერნაკი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული იყო. როცა ვეკითხებოდი ხოლმე ჩემს უფროს მეგობრებს, რა იყო მისთვის საქართველო, მაგალითად, ალექსანდრ პიატიგორსკის, იგი მპასუხობდა: ალბათ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ ქრონოტოპოსში, ანუ მოცალეობა და მჭვრეტელობა, შინაგანი გარინდებულობა, არისტოკრატიზმი და სიცოცხლის სიყვარული”.

მოგვიანებით, როდესაც რეპრესიებს მისი მეგობრები შეეწირნენ, პასტერნაკი ბოლომდე ერთგული დარჩა მათი და ცვეტაევასთან და მაიაკოვსკისთან ერთად, ტიციანსა და პაოლო იაშვილსაც ხშირად იხსენებდა ხოლმე დიდი გულისტკივილით.

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილამდე, ბალიშის ქვეშ, ჰქონდა ორი წერილი, ეს იყო რილკეს წერილი და ტიციან ტაბიძის წერილი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ “ექიმი ჟივაგოს” წერა მან დაიწყო ფურცელზე, რომელიც დარჩა ტიციან ტაბიძეს, - 1937 წელს, მოგეხსენებათ, ტიციანი დახვრიტეს – და აი ეს ფურცლები, რომლებიც ვერ გამოიყენა ტიციანმა, ვერ მოასწრო, აჩუქა ნინა ტაბიძემ, და ამაზე დაიწყო თავისი რომანის წერა, ეს ძალიან სიმბოლური აქცია იყო პასტერნაკისათვის” – ამბობს ზაზა შათირიშვილი.

ეს სიმბოლური აქცია სულ მალე ნამდვილ ტანჯვად მოუბრუნდა მწერალს. რომანი “ექიმი ჟივაგო”, ნაწარმოები, რომელმაც კლასიკური რუსული პროზა დაასრულა, შეცვალა ქვეყანა და ადამიანები, ყველაზე დიდი “სამხილი” აღმოჩნდა 68 წლის პოეტის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, საუბარია პასტერნაკის ნობელის პრემიასთან დაკავშირებულ სკანდალზე, რომელსაც მაშინდელმა ოფიციოზმა ატომური ლიტერატურული ბომბი უწოდა. მას სპეციალურად გამართულ სხდომებზე იუდას, კაცთმოძულეს, ცინიკოსს, ცილისმწამებელს, მოღალატეს, გომბეშოს, ღორსაც კი უწოდებდნენ. იგი აიძულეს, უარი ეთქვა ნობელზე და “პრავდაში” გამოაქვეყნებინეს ერთგვარი მონანიების წერილიც, რომელშიც მის კალამს მხოლოდ ერთი პატარა აბზაცი ეკუთვნოდა, დანარჩენი კი, როგორც ფიქრობენ, მისმა მეგობარმა, ოლგა ივინსკაიამ, დაშინებულმა არიადნა ეფრონმა – ცვეტაევას ქალიშვილმა და ადვოკატმა გრიმგოლცმა შეთხზეს.

1958 წლის 29 ოქტომბერს თბილისშიც გაიმართა აღშფოთებულთა სხდომა, რომელიც მწერალთა კავშირის პირველმა მდივანმა, ირაკლი აბაშიძემ გახსნა და რომელზეც სიტყვებით გამოვიდნენ: ალიო მირცხულავა, ბესარიონ ჟღენტი, შალვა დადიანი, კარლო კალაძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, გრიგოლ აბაშიძე, რევაზ მარგიანი, იოსებ ნონეშვილი, გიორგი ნატროშვილი, კომპოზიტორები ანდრია ბალანჩივაძე, ალექსი მაჭავარიანი. პოეტის საქციელი დაგმეს (თუ დააგმობინეს) მისმა მეგობრებმაც, სიმონ ჩიქოვანმა და გიორგი ლეონიძემ. მათ “მხურვალედ დაუჭირეს მხარი” პასტერნაკის სსრ მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის იდეას, “ერთსულოვნად გამოთქვეს თავიანთი ღრმა აღშფოთება ბორის პასტერნაკის ანტიპატრიოტული მოქმედების გამო. აღინიშნა, რომ ბორის პასტერნაკი ფაქტიურად გადაიქცა საერთაშორისო რეაქციის რუპორად მის გააფთრებულ ბრძოლაში ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ, მშვიდობისა და პროგრესის წინაღმდეგ”.

თუკი 30-იან წლებში პასტერნაკთან გაცილებისას, სადგურში ადგენდა ერთ-ერთი თბილისური გამომცემლობა ხელშეკრულებას, 1959 წელს მას საქართველოში ყველა ჰონორარი შეუჩერეს, მათ შორის ერთი წლის წინ გამოცემული წიგნისთვის „ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები“.

ამის მიუხედავად, 1959 წლის თებერვალ-მარტის 10-დღიანი ვიზიტისას მას მაინც ბევრი რამ დარჩა მოსაგონარი. პირველ რიგში ეს იყო მეგობრობა ლადო გუდიაშვილის ქალიშვილთან, რომელიც მასზე 50 წლით უმცროსი იყო და რომელსაც იგი მოსკოვში გამომგზავრებისთანავე სწერდა: “...დაიხსომეთ, რომ თქვენ ჩემი საუკეთესო მეგობრების პირველ რიგში მოგიჩინეთ ადგილი და უფლება მოგეცით, შემიბრალოთ და იფიქროთ ხოლმე ჩემზე, როგორც ძალიან ახლობელ ადამიანზე”. თბილისიდან გამომგზავრებისას კი მან დაძრული მატარებლიდან გადმოსძახა ნინო ტაბიძეს: “ნინა! მე არსად მივდივარ, მე თქვენს სახლში დავრჩი, იქ მეძებეთ”.
XS
SM
MD
LG