Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


„ფაინენშლ ტაიმსის“ მიერ დაბეჭდილ სტატიაში, სადაც განხილული იყო ეგრეთ წოდებული „ფერადი რევოლუციები“, საქართველო, უშუალოდ მასთან დაკავშირებული თემების გარდა, ამ რევოლუციების კონტექსტში იყო ნახსენები.

„ტიტების რევოლუციიდან 5 წლის გასვლის შემდეგ ყირგიზეთში ავტოკრატია დაბრუნდა და ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ ამ ქვეყანას კვლავ „არათავისუფალის“ შეფასებას აძლევს. საქართველოს, ქარიზმატული პროდასავლელი პრეზიდენტის მიუხედავად (ან იქნებ სწორედ ამის გამო), „ნაწილობრივ თავისუფლად“ აფასებენ და ამ ქვეყანას გაბრაზებული რუსეთიც ემუქრება. გამონაკლისი უკრაინაა - მას „ფრიდომ ჰაუსი“ „თავისუფალ“ ქვეყანას უწოდებსო“, წერს გაზეთი და შენიშნავს, რომ იანუკოვიჩის გამარჯვებამ უკრაინა თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების სიიდან ავტომატურად არ უნდა ამოაგდოს.

გაზეთს შესაძლებლად მიაჩნია, რომ „იანუკოვიჩს, რუსეთის მხრიდან მანიპულაციის ან არჩევნების გაყალბების გზით კი არა, რეალურად გაემარჯვა“, მაგრამ, წაიკითხავთ იქვე, „იანუკოვიჩის გამარჯვების გამო ჩუმი უკმაყოფილების ნაცვლად, უკეთესი იქნება ევროკავშირმა გამოასწოროს ისტორიული შეცდომა და, ბოლოს და ბოლოს, განაცხადოს, რომ უკრაინას და საქართველოს შეუძლიათ მის რიგებში გაწევრიანებას ესწრაფოდნენ. ეს საუკეთესო გზა იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის მიღწევები არსებულ ვითარებაშიც არ დაიკარგოსო“, - წერს გიდეონ რახმანი „ფაინენშლ ტაიმსის“ 9 თებერვლის ნომერში.

ახლა, რაც შეეხება „მისტრალს“ და რუსეთს. „ნიუ იორკ ტაიმსმა“ ამ თემას მიუძღვნა მცირე წერილი, სათაურით: „ გეიტსი რუსეთისთვის სამხედრო ხომალდების მიყიდვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს“. სტატიის პირველივე წინადადება შეიცავს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ორშაბათს საფრანგეთის ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ შეშფოთებულია მათი გეგმით, მიჰყიდონ რუსეთს „მისტრალის“ კლასის სადესანტო-საიერიშო ხომალდი, თუმცა, აშშ-ს მცირე საშუალება აქვს წინ აღუდგეს გარიგებას.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამ გარიგებას მოჰყვა განგაში, კერძოდ, საქართველოში, რომელსაც ომი ჰქონდა რუსეთთან და ხომალდებს მუქარად მიიჩნევს შავ ზღვაში გემის განთავსების შემთხვევაში.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ იუწყება ასევე, რომ რობერტ გეიტსს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ ერვე მორენთან ჰქონდა ეს საუბარი. იქვე მოყვანილია მორენის სიტყვებიც, რომ ცივი ომი დიდი ხანია დასრულდა და რუსეთი ახლა სხვა სახელმწიფოა. მისივე აზრით, თუკი მოსკოვი განიხილება პარტნიორად გლობალური სტაბილურობის მიღწევაში, საფრანგეთის მიერ მისთვის ხომალდების მიყიდვის საწინააღმდეგო არავის არაფერი უნდა ჰქონდეს. მასვე უთქვამს, საბჭოთა პერიოდის შიში გამოყოლილი აქვს ზოგიერთ სახელმწიფოს შუა და აღმოსავლეთ ევროპაშიო. გაზეთი იუწყება, რომ საფრანგეთი დათანხმდა რუსეთს მიჰყიდოს ერთი ასეთი ხომალდი, რომლის ღირებულება 750 მილიონი დოლარის ფარგლებშია, დანარჩენი ორის შესახებ კი მოლაპარაკება მიმდინარეობს.

თურქეთის გაზეთი „ჰიურიეთი“ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის, რუსეთთან დაახლოების გარშემო აქვეყნებს სტატიას და წერს: მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შერიგების შანსი ლამის ნულის ტოლია, რუსეთი, ჩანს, ცდილობს რიგით ქართველებთან კავშირი ყოფილ პრემიერთან, ამჟამად ოპოზიციაში გადასულ ზურაბ ნოღაიდელთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გზით დაამყაროსო. სტატიაში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ გააფორმა ნოღაიდელმა, „სამართლიანი საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერმა, შეთანხმება რუსეთის დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვთან. გაზეთი მკითხველს აცნობს ამ ფაქტის მიმართ რეაქციას საქართველოში და წერს, რომ მთავრობის და ოპოზიციის მომხრეებმაც მის საქციელს ღალატი უწოდებს. იქვე მოყვანილია ნოღაიდელის განმარტებაც, რომ ეს მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტია, რომელიც საფუძველია ხვალინდელი დღისა, როცა მტრობას მეგობრობა შეცვლის.

დაბოლოს, მინდა გაგაცნოთ ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობა, რომელიც ამ ქვეყნის გაზეთებშიც დაიბეჭდა და ეხება საქართველოს მოქალაქეს, თემურ ბორჩაშვილს, რომელმაც აქ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და ორჯერ მიიღო უარი. ცნობის მიხედვით, ბორჩაშვილს, რომელიც ეროვნებით ჩეჩენია და ყოფილი პრეზიდენტის, მასხადოვის, მრჩეველი იყო, მხარდაჭერას უცხადებს სენატორი იარომირ შტეტინა,

ახლა, რადგან ბორჩაშვილის ვიზას ვადა გაუდის, მას უნდა დაეტოვებინა ჩეხეთი. შტეტინა მბობს, რომ ის ან დაისჯება, ან შეიძლება მოკლან კიდეც რუსეთის ხელისუფლებმა. სენატორი თვლის, რომ ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საემიგრაციო სამსახური არ ეხმარება კავკასიელებს, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. შტეტინას პოზიციას მხარი დაუჭირა ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა. ცნობაში მოყვანილია ასევე შტეტინას განცხადება, რომლის თანახმადაც, საიმიგრაციო სამსახურმა კანონი დაარღვია. მან არ გამორიცხა, რომ ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახური, რომელიც პარტნიორია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა, ამ საქმის უკან იდგეს. აქვე წაიკითხავთ ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის იან შუბერტის ნათქვამს: „ჩვენ დემოკრატიული ქვეყნის დაზვერვის სამსახური ვართ და მივესალმებოდი, თუკი ბატონი შტეტინა არ იფიქრებდა, რომ ჩიტის ტვინი გვაქვს და გველეშაპის ბრჭყალები.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG