Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში ჩეხეთის მედია ბევრს წერდა ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის თანაშემწე თემურ ბორჩაშვილზე, რომლის ინტერესებსაც ცნობილი ჩეხი სენატორი იარომირ შტეტინა იცავს. ჩეხი კანონმდებელი ამტკიცებს, რომ თემურ ბორჩაშვილს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, საქართველოში დეპორტაციის შემთხვევაში სიკვდილის საფრთხე ემუქრება. კვირის ბოლოს რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა თავად თემურ ბორჩაშვილი, რომელიც ამჟამად ჩეხეთის საიდუმლო პოლიციას ემალება. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ აქვს საქართველოში დაბრუნების შიში, მან გაიხსენა ჩეჩნების დევნის ფაქტები საქართველოში, რის გამოც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ ენდობა:

„როცა ანტონიო, იტალიელი ჟურნალისტი, მოკლეს, იმ დღიდან მოყოლებული, მე გამიჩნდა შიში, რომ მომკლავენ. თანაც, საქართველოს სამხედრო ძალებმა დაიწყეს ე.წ. „ზაჩისტკები“ ჩეჩნებით დასახლებულ ჩვენს ადგილებში. მათ ჩემი ბიძაშვილი მოკლეს. ის ღამით სახლში ბრუნდებოდა თავის ჩეჩენ სტუმართან, ჯამალთან ერთად. ისინი ერთად დახოცეს, სრულიად უმიზეზოდ. შემდეგ კიდევ ორი ჩეჩენი მოკლეს და მათ გვამებთან ერთად მათი სახლიც გადაწვეს. ეს ყველაფერი ჩვენს სოფელში მოხდა, პანკისის ხეობაში. ამას აკეთებდა ქართული სპეცნაზი, რომელიც განუკითხავად მოქმედებდა 2003-2004 წლებში.“

თემურ ბორჩაშვილის მიერ ნახსენები ანტონიო იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო რუსოა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა 8 წლის წინ და მკვდარი იპოვეს გომბორის გადასახვევთან. ჩეხეთში მყოფი თემურ ბორჩაშვილი, ასლან მასხადოვის ყოფილი თანაშემწე, ირწმუნება, რომ ის იტალიელ ჟურნალისტთან მეგობრობდა და ხშირად ჩაუყვანია ჩეჩნეთში. რა მოხდა სინამვილეში 8 წლის წინ საქართველოში? ამის გასარკვევად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ცნობილი ჩეჩენ უფლებათდამცველ მექა ხანგოშვილს, რომელიც ამჟამად მთავარ სპეციალისტად მუშაობს რეინტერგაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში. მექა ხანგოშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში მართლაც იმყოფებოდა იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო რუსო, რომელიც მისი სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ კახეთში მოკლული იპოვეს:

„ალბათ, ეს იყო 2002-20003 წელი, ზუსტად არ მახსოვს. მაშინ კავკასიურ სახლში ჩატარდა „მწვანეთა“ მსოფლიო კონგრესი. ამ კონგრესზე პირველად გმოვიდა ანტონიო რუსო და განაცხადა, თუ როგორ იყენებდნენ რუსი სამხედროები აკრძალულ ქიმიურ იარაღს ჩეჩნეთში. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ანტონიო რუსო გომბორის გადასახვევთან იპოვეს მკვდარი.“

მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ იტალიელი ჟურნალისტი იმ ვიდეოკადრების ჩვენებას აპირებდა, სადაც ასახულია აკრძალული ქიმიური და საარტილერიო იარაღის გამოყენების შემთხვევები ჩეჩნეთში. თუმცა ჩეჩნეთის ცნობილი უფლებადამცველი და თავადაც ეროვნებით ჩეჩენი ქალი გაოცებულია, თუ რაში სჭირდება თემურ ბორჩაშვილს ჩეხეთში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად 7 წლის წინანდელი ამბები, მათ შორის, პანკისის ხეობაში 2004 წელს ჩატარებული პოლიციური სპეცოპერაცია, რომელიც აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო, მაგრამ ე.წ. „ზაჩისტკებთან“, რომელსაც რუსი სამხედროები ჩეჩნეთში აწყობენ, არაფერი აქვს საერთო:

„მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, აბსოლუტურად გაუმართლებელი. ორი ახალგაზრდა მაშინ ცოცხლად დაწვეს იმიტომ, რომ ერთ-ერთ ახალგაზრდას, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, მაგრამ მეუღლის გაუპატიურების მცდელობის გამო ეძებდნენ. შემდეგ მოხდა ძალინ ცუდი რაღაცა. როცა მათი აყვანა უნდოდათ, ეს პიროვნება არ დანებდა. მერე ცოცხლად დაწვეს ეს ორი პიროვნება და მთელი სახლი. მაგრამ ეს ოპერაცია არაფრით უკავშირდება თემურ ბორჩაშვილს. და მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ,რომ პანკისის ხეობა ახლა არის ყველაზე მშვიდი რეგიონი მთელი კავკასიის მასშტაბით.“

მაგრამ თემურ ბორჩაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში სიმშვიდე არ არის გარანტია იმ ადამიანების სიცოცხლისათვის, ვინც ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობას უკავშირდება. შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა ეშინოდეს მას საქართველოში ექსტრადიციისა, მაშინ როცა საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა, თემურ ბორჩაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოში მოქმედი რუსეთის სპეცსამსახურის აგენტებისა ეშინია:

„დიახ, მე მაქვს ქართული პასპორტი. მაგრამ რაც არ უნდა თქვან ქართველებმა, არ არის მართალი, თითქოს საქართველოში არ იყვნენ რუსეთის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები. მეტიც, თავად საქართველოს საიდუმლო სამსახურის შიგნითაც კი არიან ისინი. არიან და, თანაც, როგორ! რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური იქ მუშაობს და ამის შესახებ ყველამ იცის.“

რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც სტრუქტურულად პასუხს აგებს ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობაზეც. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა „კერძო პირის“ მოსაზრებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. საქართველოს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სპეციალისტმა მექა ხანგოშვილმა კი გვითხრა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დამოკიდებულება ჩეჩნეთის მიმართ რადიკალურად შეიცვალა:

„ამ აგვისტოს მოვლენებმა მკვეთრად დაგვანახვა ჩვენ ყველას, რომ თუ ჩვენ, კავკასია, ერთად არ ვიქნებით, ჩვენი გადარჩენა მართლაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.“

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ჩეჩნური რედაქციის ჟურნალისტი ამინა უმაროვა იზიარებს ამ მოსაზრებას, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს მიმართ ნდობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა ისეთი ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებები, როგორსაც ადგილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირველ წლებში:

“ჩვენ მაშინ ძალიან დაძაბულები ვიყავით და ვკითხულობდით, ნუთუ შევარდნაძე, რომელმაც ასლან მასხადოვს შეხვდა და მიიღო, გადასცემს ჩეჩენ ტყვეებს რუსეთს? მაგრამ ის, რაც არ გააკეთა შევარდნაძემ, შემდეგ სააკაშვილმა გააკეთა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა. ეს იყო მოსკოვში სააკაშვილის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე. მაშინ სააკაშვილს ძალიან სურდა ურთიერთობის განმტკიცება პუტინთან და იმასაც კი ამბობდა, რომ მოსწონდა მეთოდები, რომელთაც პუტინი ტერორიზმთან ბრძოლაში იყენებდა. და მან, სააკაშვილმა, გასცა ბრძანება, რომ რუსეთისათვის, როგორც საჩუქარი, გადაეცათ ეს ჩეჩნები.“

ამინა უმაროვას მხედველობაში ჰყავს ბეგხან მულკოევი და ჰუსეინ ალხანოვი, რომლებიც 2004 წლის 13 თებერვალს გაქრნენ - მას შემდეგ, რაც 6 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო:

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამი ჩეჩენი მებრძოლი გაათავისუფლეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ როდესაც ეს სამი ბიჭი გამოვიდა ციხიდან, ისინი უგზო-უკვლოდ გაქრნენ და დღემდე მათ შესახებ არაფერია ცნობილი. ამ დროს კი მათმა მშობლებამ იცოდნენ, რომ მათ შვილებს გაათავისუფლებდნენ. დათქმულ დროს ისინი მივიდნენ ციხის კარებთან. მათ უთხრეს, ჩვენ ერთი საათის წინ გავათავისუფლეთ ისინიო. ამის შემდეგ მათ თითქოს მიწამ უყო პირი. ეს 2004 წელს მოხდა.“

უფრო ადრე, 2004 წლის იანვარში, საქართველოს ხელისუფლებამ უპირობოდ გადასცა რუსეთის სამართალდამცველებს 5 ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც დაღესტნიდან შემოვიდნენ საქართველოში, მესაზღვრეებს ჩააბარეს იარაღი და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს. მაშინ ამ ფაქტმა ბევრი უფლებათდმაცველი აღაშფოთა. მუხანათობას უწოდებდნენ საქართველსო ახალი ხელისუფლება ასეთ საქციელს ჩეჩნეთის წინააღმდეგობის წარმომადგენლებიც. თუმცა, ახლა მათი დამოკიდებულება შეცვლილია.
ექვსი წლის წინანდელ საქართველოსა და დღევანდელს შორის მართლაც დიდი სხვაობაა. „მე იქ გასული წლის დეკემბერში ვიყავი და როდესაც თქვენს მიწაზე დავდგი ფეხი, თავისუფლება ვიგრძენიო,“-უთხრა რადიო თავისუფლებას ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის შვილმა, ანზორ მასხადოვმა. იგი გასულ კვირაში ნორვეგიიდან ჩამოვიდა პრაღაში, რათა დაემოწმებინა, რომ თემურ ბორჩაშვილი მართლაც იყო მამამისის, ასლან მასხადოვის, თანაშემწე.

თუმცა, საქართველოსადმი სიმპათიის მიუხედავად, ანზორ მასხადოვიც მიიჩნევს, რომ ბორჩაშვილის შიში რეალურია. „რუსეთის სპეცსამსახურებს არასასურველი ჩეჩენი მოღვაწის თავიდან მოშორება საქართველოს ტერიტორიაზე იოლად შეუძლიათო,“ - ამბობს ანზორ მასხადოვი, ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის, შვილი. და მართლაც, როდესაც საქართველოს დედაქალაქიდან 35 კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალები დგაგან, ხოლო კრემლი დღითი-დღე აძლიერებს „მეხუთე კოლონას“ საქართველსო პოლიტიკურ სპექტრში, - ძნელი ასეთ დროს თემურ ბორჩაშვილი, ასლან მასახდოვის ყოფილი თანაშემწე დაარწმუნო, დატოვოს ჩეხეთი და დაბრუნდეს საქართველოში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG