Accessibility links

logo-print

რა სარგებლობა მოაქვს ადგილობრივ თვითმმართველობას?


თბილისის საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულოს სხდომა

სამიოდე თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნები ჩატარდება. სწორედ დროა, ვიკითხოთ: რა საკანონმდებლო და პოლიტიკური ფონი აქვს ამ არჩევნებს, რა შანსები აქვთ პარტიებს და რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის რეალური ფუნქცია დღევანდელ საქართველოში?

ზოგადად, დემოკრატიის ერთ–ერთი მთავარი საყრდენი ადგილობრივი თვითმმართველობაა. ყველა ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული მართვის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს, ადგილობრივი თვითმმართველობა ძლიერია. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს ადგილობრივი ლიდერების ჩართვას პოლიტიკაში, მრავალპარტიულობას ლოკალურ დონეზე და გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეების რაც შეიძლება ფართო მონაწილეობას.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტი ყოველთვის სუსტი იყო და, დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტად სუსტდება. ამას საფუძვლად, კანონმდებლობასთან ერთად, არასახელისუფლო პარტიების სისუსტეც უდევს.

ოპოზიციური პარტიების სისუსტეს კი ბევრი მიზეზი აქვს. წლების მანძილზე, საპარლამენტო ბარიერი 7% იყო, რაც ძალიან უშლიდა ხელს ახალი პარტიების ჩამოყალიბებას. მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენები ბედავდნენ, პოლიტიკური პარტია შეექმნათ და პარლამენტში მოხვედრისთვის ებრძოლათ.

თუმცა, სწორედ 7%–იანი ბარიერის პირობებში ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც, მეტად აქტიური ლიდერის პირობებში, უპრობლემოდ გადალახა ბარიერი 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში. სააკაშვილმა დიდი მხარდაჭერა მიიღო მთელ საქართველოში, რითიც შექმნა პრეცედენტი, რომ სახელისუფლო პარტიის გავლენა რეგიონებზე, პრინციპში, დაძლევადია.

დღეს ბარიერი უკვე 5%–ზეა დაწეული, რაც პარლამენტში მოხვედრის შანსს გაცილებით რეალურს ხდის როგორც ძველი, ისე ახლად დაარსებული პარტიებისთვის. მაგრამ, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სერიოზულად აფერხებს ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას თბილისშიც და, მით უმეტეს, რეგიონებში. ეს არის პოლიტიკური ოპოზიციისთვის ფინანსური წყაროების მოძიების გადაუჭრელი ამოცანა, რაც პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების ნებას, რომ აკონტროლოს მსხვილი ფინანსური წყაროები და არ დაუშვას ოპოზიციური პარტიების გაძლიერება ქართული ბიზნესის მიერ გაღებული ფულით.

ამ პირობებში, პოლიტიკოსები იძულებულნი ხდებიან, დაფინანსების წყაროები სადღაც ქვეყნის გარეთ ეძებონ, რაც იწვევს სრულ ბუნდოვანებას ოპოზიციური პარტიების საარსებო თანხებთან დაკავშირებით. ჩნდება კლიშეები და საზოგადოების მხრიდან ოპოზციის მიმართ ნდობის ხარიხსი კლებულობს.

უსახსრობის პირობებში, პარტიებს არ გააჩნიათ საშუალებები, აამუშაონ რეგიონული ოფისები და, მით უმეტეს, შეინარჩუნონ ისინი არჩევნებს შორის პერიოდში. მაშინ, როდესაც ხელისუფლების პარტიული ვერტიკალი არა მხოლოდ კარგად არის აწყობილი, არამედ, ეფექტიანად მუშაობს ბიუჯეტის სახსრებით, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები თითქმის მთლიანად ნაციონალური მოძრაობის მიერ არის დაკომპლექტებული.

ეს რეალობა არსებით უპირატესობას ანიჭებს და უნარჩუნებს სახელისუფლო პარტიას. გაყალბებაზე რომც არ ვისაუბროთ, ნებისმიერ პოლიტიკურ მომენტში ნაციონალური მოძრაობა, თავის თვითმმართველ ერთეულებზე დაყრდნობით, მზად არის ნებისმიერი არჩევნების მოსაგებად.

პრობლემების ახალი წრე სწორედ იმას ეყრდნობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთ–ორ ადგილს თუ მოიპოვებს ხოლმე საკრებულოებში, ხოლო სახელისუფლო პარტია სერიოზულ დასაყრდენს იქმნის ყოველი მომდევნო არჩევნებისთვის.
ადგილობრივი ლიდერები, აქტიური ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკაში ჩართვა სურთ, ფაქტობრივად, არჩევანის გარეშე რჩებიან. მათთვის ერთადერთი შანსი სახელისუფლო პარტიის წევრობაა, რადგან საქართველოს რეგიონებში არსად ოპოზიცია ისეთი ძლიერი არ არის, რომ წარმატებულ ან წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანს რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრობის სურვილი გაუჩნდეს. შესაძლოა, ერთადერთ გამონაკლისად მივიჩნიოთ რესპუბლიკური პარტია აჭარაში.

მეორე მხრივ, იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა კანონმდებლობის დონეზეც სუსტი ფუნქციებით არის აღჭურვილი და ფინანსურადაც შორს არის დამოუკიდებლობისგან; როდესაც ადგილებზე მართვა არ არსებობს, საკრებულო ფორმალობად არის ქცეული და ყველა საკითხი თბილისში წყდება, გამოდის, ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი ფუნქცია არჩევნებში სახელისუფლო პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფაა. აი, ეს „სარგებლობა“ მოაქვს ადგილობრივ თვითმმართველობას დღეს – ისეთს, როგორიც ის არის.

შეიძლება ითქვას, რომ ფინანსების და რეგიონული ლიდერების გარეშე, შესაბამისად, ძლიერი ადგილობრივი ორგანიზაციების არარსებობის პირობებში და საკრებულოებში უსუსტესი წარმომადგენლობის ბაზაზე, ოპოზიციური პარტიები 2009 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც განწირულნი არიან მარცხისთვის.

ერთადერთი გამონაკლისი თბილისია, სადაც ვითარება არსებითად განსხვავებულია. ამიტომაც, გასაგებია ოპოზიციის განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი თბილისის მერის პოსტის მიმართ.
XS
SM
MD
LG