Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოტობაიაში რუსეთის საოკუპაციო ჯარის ოჯახებისთვის კორპუსების მშენებლობას აჩქარებენ


ოტობაიაში განლაგებულმა რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა სამ ჰექტარზე გაშლილ სამხედრო ბანაკს, რომელსაც ფსბ-ს ოფიცერთა ოჯახებისთვის აშენებენ, სამი მეტრი სიმაღლის გალავანი შემოავლეს და კორპუსების მშენებლობაც დააჩქარეს, იტყობინება სოფელ მეორე ოტობაიის მკვიდრი, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა. ”სოფლის ტერიტორიაზე სულ ორ ადგილას არიან დაბანაკებული. ერთგან, როგორც უკვე გითხარით, გალავანია გაკეთებული. მეორე ადგილას კი დგანან და რას აპირებენ, ვერ გეტყვით”, ამბობს ოტობაიელი ქალბატონი.

სამხედრო ბანაკის მშენებლობა მიმდინარეობს ლეკუხონაშიც, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება. როგორც საბერიოელმა რესპონდენტმა გვითხრა,- იგი ლეკუხონაში გასულ კვირაში იმყოფებოდა, - სოფელში სამშენებლო ტექნიკა და მასალები შეტანილია და კორპუსების საძირკველი თითქმის ამოყვანილი. რესპონდენტმა გვითხრა, რომ ლეკუხონაში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში რუსი ოფიცერი ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ”ამბობენ, წელს ზაფხულში მშენებლობა უნდა დასრულდესო და რუსი ოფიცრები ოჯახებით იცხოვრებენო. ამჟამად ერთ-ერთი ოფიცერი ცოლ-შვილთან ერთად ჯახაიას ოჯახში ცხოვრობს. მისი სახლი ყოფილა საცხოვრებლად ვარგისი და ამიტომ. ჯახაიები კი ნათესავებთან არიან შეფარებული”, გვითხრა საბერიოელმა რესპონდენტმა.

რაც შეეხება აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას, რაც, აფხაზეთის დევნილი მთავრობის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას უკავშირდებოდა, ოტობაიელი ქალბატონის თქმით, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და მიუხედავად იმისა, მოქალაქეს აქვს თუ არა დე ფაქტო მთავრობის მიერ დაწესებული ფასიანი საშვი, რომელსაც გალის აფხაზური ადმინისტრაცია გასცემს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას 5 ლარის გადახდა მაინც უწევს, რადგან, მისივე თქმით, აფხაზი მესაზღვრეები თავიანთივე მთავრობის მიერ გაცემულ საშვებს უგულებელყოფენ. საბერიოელმა რესპონდენტმა კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წყოუში-საბერიოს გადასასვლელი, რომელიც დიდი ხანია დაკეტილია, მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვისაა თავისუფალი, რომელთა მონაცემები საგუშაგოზე განლაგებულ რუს მესაზღვრეებს სკოლის დირექტორმა გადასცა. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული პრობლემები დაადასტურა და აღნიშნა, რომ გასულ კვირაში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს 70-მდე მშვიდობიანი მოქალაქე თავისუფალია.
XS
SM
MD
LG