Accessibility links

logo-print
სახალხო დამცველის ოფისში ბავშვთა უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის მთავარი მიზანი როგორც ერთმანეთს შორის, ასევე თავად სახალხო დამცველის ოფისთან კოორდინაცია და მომავალი თანამშრომლობის გეგმების ჩამოყალიბება იყო. რა მდგომარეობაა ბავშვთა უფლებების კუთხით საქართველოში, რამდენად ხშირად ირღვევა მათი უფლებები, როგორია არსებული კანონმდებლობა და კანონპროექტები - ეს იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გარკვევაც შეხვედრის ორგანიზატორის, სახალხო დამცველის ოფისთან ახლად ჩამოყალიბებული ბავშვთა და ქალთა უფლებების ცენტრის მუშაობის ძირითად მიზანს შეადგენს.

15 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მწვავე საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის კი უმნიშვნელოვანესი იყო ბავშვთა სიკვდილიანობის სიხშირე ”განსაკუთრებით პირველი ოთხი კვირის განმავლობაში და მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საქართველოში არ არის საკმარისი რაოდენობის სუნთქვითი აპარატები, ინკუბატორები, რაც თავისთავად ხელს უწყობს ჩვილების სიკვდილიანობას”, - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის მენეჯერი მაია ქურციკიძე.

ძალადობა ბავშვებზე - ეს ის თემაა, რომელზეც, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდის, ბავშვთა დახმარების ცენტრის წარმომადგენელი ქეთევან მარგალიტაძე ამბობს, გასულ წლებში ნაკლებად საუბრობდნენ და იმასაც კი არ აღიარებდნენ, რომ ასეთი ფენომენი საერთოდ არსებობს. თუმცა, მისივე თქმით, დღესდღეობით ამ კუთხით მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა: ცენტრს არაერთი ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი აკითხავს, რომელთანაც შემდგომ ფსიქოლოგები და პედიატრები მუშაობენ: ”საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა, უფრო მეტი გამოხმაურებაა ამ საკითხზე. ძირითადად, ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი მოზარდები მოგვმართავენ”, - აცხადებს ქეთი მარგალიტაძე.

რა ბედი ელით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ და მზრუნველობამოკლებულთა სახლებს ტოვებენ? სწორედ მათ დასახმარებლად შეიქმნა რამდენიმე ხნის წინ ასოციაცია ”ახალგაზრდა პარტნიორები”, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, თეონა მამუკიშვილი, თავად იყო მზრუნველობამოკლებულთა სახლის აღსაზრდელი. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ასოციაცია მუშაობს იმ ახალგაზრდების საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებიც ბავშვთა სახლებს ტოვებენ: ”ჩვენ განსაკუთრებით კარგად ვიცით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ნორმალური პირობები ჰქონდეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მზრუნველობამოკლებულთა სახლებს ტოვებენ. 18 წლის ასაკში ბევრ ახალგაზრდას არსად აქვს წასასველი, არ იციან როგორ მოიქცნენ.”

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც სახალხო დამცველის ოფისში შეხვედრაზე გამოიკვეთა, არის არასრულწლოვანთა მდგომარეობა და პრობლემები სასჯელაღსრულების სისტემაში. როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ფსიქოლოგი ლელა ცისკარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, აღნიშნული სისტემა ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანის გამოსწორებასა და შემდგომ მის საზოგადოებაში ინტეგრაციას. მისივე თქმით, კვლავაც დიდ პრობლემად რჩება განათლების ხელმისაწვდომობა. ლელა ცისკარიშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში საკანონმდებლო პრობლემაზეც საუბრობს: ”ძალიან ხშირად სასჯელი არაადეკვატურია დანაშაულთან მიმართებაში. იმ სამ და ოთხ წელში, რასაც ბავშვები სასჯელაღსრულების სისტემაში ატარებენ, თითქმის არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ბავშვი ფეხზე დააყენონ, მისი აზროვნება პოზიტიურისაკენ შეცვალონ. ფაქტიურად, მოზარდები თვითდინებას მიჰყვებიან და შეიძლება ითქვას, რომ ხდება მათი კრიმინალებად ჩამოყალიბება”, - აცხადებს ლელა ცისკარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვთა და ქალთა უფლებების ცენტრის დირექტორის ანა მარგანიშვილის თქმით, იგეგმება არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმის შექმნა; მისივე თქმით, მუშავდება სამწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც თითოეული არასამთავრობო ორგანიზაცია სრულფასოვნად იქნება ჩართული, რათა შეძლებისდაგვარად შემცირდეს საქართველოში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები: ”ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა და ბავშვთა უფლებებზე ვიმუშაოთ ერთად”, - ამბობს ანა მარგანიშვილი.
XS
SM
MD
LG