Accessibility links

logo-print

გამოქვეყნდა საარჩევნო სიების მონიტორინგის პირველადი შედეგები


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიები მონიტორინგის პირველ შედეგებს აქვეყნებენ. ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნური გაზრდა ბინებში მიწერისა და არარსებული კორპუსების რეგისტრირების საშუალებით, ის ძირითადი ტენდენციაა, რომელზე ყურადღების გამახვილებასაც საარჩევნო სუბიექტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სთხოვენ.

ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც საზოგადოებას საარჩევნო სიების გადამოწმების ერთკვირიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა, ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” იყო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის, განმარტებით, განსაკუთრებული შესწავლა არც კი სჭირდება იმას, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში რატომ გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში 1 120 000 კაცით. ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში 3 500 000 ამომრჩეველია, მაშინ როდესაც 2003 წელს ეს მაჩვენებელი 2 342 000-ს შეადგენდა.

”მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ” ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი 7 თებერვალს დაიწყო. ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, სიების შერჩევითი შემოწმების სურათი თბილისის ისნის, სამგორის, საბურთალოს, დიდუბისა და ვაკის რაიონებში ასეთია:

”ჩვენი მონაცემებით, არის მთელი რიგი კორპუსები, რომლებიც არ არსებობს ბუნებაში. ეს კორპუსები რეგისტრირებულია სიებში და მასში მცხოვრებლებიც რეგისტრირებულნი არიან. არის ბინები, 2-3 ოთახიანი ბინები, სადაც რეგისტრირებულია 30-მდე ადამიანი თითო ბინაში. ეს მასობრივი შემთხვევებია. არის ქუჩა, რომელიც დღესდღეობით არ არსებობს. ბარნოვის ქუჩის ნაწილი, მრგვალი ბაღის იქით, უკვე აბაშიძის ქუჩაა, მაგრამ დღეს სიებში არის ორივე რეგისტრირებული, ანუ მრგვალი ბაღის იქით რეგისტრირებულია როგორც ბარნოვის ქუჩაც, ცალკე, და რეგისტრირებულია როგორც აბაშიძის ქუჩაც, ცალკე.”

სარჩევნო სიების ფორმირების სამუშაო პროცესზე დაკვირვების მსურველთათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყოვედღე 15-16 საათამდე ღია კარის დღეა გამოცხადებული. სიების მონიტორინგში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებთან ანალოგიური ტიპის შეხვედრები ყოველ შაბათ დღეს გაიმართება. ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმებისა და იდენტიფიკაციის სამუშაო პროცესის გამარტივების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიებს შესთავაზა სპეციალური სარეკომენდაციო ფორმებიც. ამ ეტაპზე ცენტრალური საარჩევნო კომისია მზადყოფნას აცხადებს, რეაგირება მოახდინოს პარტიების მიერ აღმოჩენილ ყველა შეუსაბამობასა თუ ცდომილებაზე, მაგრამ რესპუბლიკურ პარტიაში ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ცალკეული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას მოითხოვენ.

არარსებული მისამართები, არარსებული კორპუსები, ეგრეთ წოდებული მიწერილები, გარდაცვლილები, პატიმრობაში მყოფნი, საზღვარგარეთ მყოფნი და ასე შემდეგ - ესაა დარღვევათა ძირითადი კატეგორიები. ამას გარდა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, ყურადღებას ამახვილებს ერთ კონკრეტულ გარემობაზე. კერძოდ, მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9-დან 12 თებერვლამდე მონიტორინგის შედეგად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიიდან 7 000 ადამიანი ამოიღო. ვინ უზრუნველყო მინიმუმ ამ 7 000 მოქალაქის მონაწილეობა 2008 წლის არჩევნებში გაყალბებული სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე? ამ და სხვა დარღვევების შესწავლის მოთხოვნით, რესპუბლიკური პარტია საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს.

”დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ყველა ასეთი შემთხვევის, რომელზეც საუბარია 2008 წლიდან მოყოლებული. გაირკვეს ძალიან მარტივი ამბები - როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები საარჩევნო სიებში, როგორ ხდებოდა მათ მიერ არჩევნებზე ხმის მიცემა, რატომ და რა უფლებით არღვევდნენ კანონს საჯარო მოხელეები სამოქალაქო რეესტრში, როდესაც მათ მესაკუთრეთა მოთხოვნის საფუძველზე არ აძლევდნენ ამ ადამიანების სიიდან ამოღების უფლებას და ვისი დავალებით ხდებოდა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება”, - ამბობს თინა ხიდაშელი.

საარჩევნო სიების პარტიების მიერ გადამოწმების პროცედურა ოფიციალურად 5 თებერვლიდან დაიწყო. წინასწარი დათქმის თანახმად, პარტიებს ამისათვის ვადა 15 მარტამდე მიეცათ. 31 მარტამდე პერიოდში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პარტიების მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სიაში შესწორებები უნდა უზრუნველყოს. პროცესის ეფექტურობის მიზნით, ”ქართული დასი” პარტიათათვის განსაზღვრული ვადის გაზრდის ინიციატივით გამოდის:

”ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააგვიანა 10 დღით სიების გადმოცემა. ამას გარდა, ჯერ კიდევ არ არის საარჩევნო უბნების საზღვრები დადგენილი. ამიტომ ჩვენ მუშაობის დროს გვიჭირს იდენტიფიკაცია. ჩვენ მოვამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის ვადებმა უნდა გადაიწიოს 15 აპრილამდე.”

ამ ინიციატივით ”ქართული დასის” თავმჯდომარემ პარლამენტის ბიუროს მიმართა. თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კიდევ ერთხელ მიესალმება საარჩევნო სიების ოპტიმიზაციის კუთხით პარტიების მიერ გამოთქმულ ყველა აქტივობასა თუ შენიშვნას, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ამ დარღვევების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ჯერ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიუმართავს:

”ალბათ, სასურველია, რომ წერილობითი ფორმით ეს ოფიციალურად გააკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა, რათა მოგვეცეს საშუალება, რომ ჩვენ ეს ფაქტები გადავამოწმოთ და იგივე სამოქალაქო რეესტრთან,თუ ეს ყველაფერი დადასტურდება, რა თქმა უნდა, კორექტირება გავაკეთოთ. საერთოდ, საარჩევნო სიებში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის გარკვეული ხარვეზები, თუმცა მათი რაოდენობა, ჩვენი შეფასებით, არ აღემატება 1 პროცენტს, რაც სრულიად დასაშვებია.”
XS
SM
MD
LG