Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 16 თებერვალი 2010


”24 საათის” ინფორმაციით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე წარსადგენი ქართველი მოსამართლის ვინაობა ცნობილია. ავტორი წერს: ”მართალია, იუსტიციის სამინისტრო შერჩეული მოსამართლის ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელს, მაგრამ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის” გახდა ცნობილი, სანდრო გირგვლიანი საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ქართული მხარე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ადეიშვილს წარადგენს. ევროსასამართლოს წესების თანახმად, წარდგენილი კანდიდატურა თავად სასამართლომ უნდა დაამტკიცოს”, - წერს ”24 საათი”.

”რეზონანსი” წერს, რომ უახლოეს დღეებში 602 ადამიანს ქონებას გაუყიდიან. ”ახლად შექმნილ ”მოვალეთა რეესტრში” ქონებაჩამორთმეული ადამიანების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. 602 ადამიანის ქონება გასაყიდად მზადდება. ურჩი კრედიტორების მიმართ აღსრულების ახალი სისტემის ამოქმედებამ საზოგადოების დიდი ნაწილი უძრავი ქონების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი და განაგრძობს: ”ამ დროისთვის რამდენი ადამიანის ქონება გაიყიდა, სააღსრულებო ბიუროში არ ახმოვანებენ. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ აღსრულების ახალი სისტემის სრულად ამოქმედების შემდეგ უმწეოთა რიგებს მოსახლეობის კიდევ 10% შეემატება.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება ინტერვიუ ირაკლი კაკაბაძესთან. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა შეიცვალა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში, კაკაბაძე პასუხობს: ”საქართველო ავტორიტარულ ქვეყნად რჩება, სადაც პრეზიდენტსა და მის გარემოცვას ყველაფერი შეუძლია, ხოლო დანარჩენ მოქალაქეებს - პრაქტიკულად არაფერი, გარდა იმისა, რომ გული კუსტარული მედიასაშუალებებით მოიფხანონ. საქართველო დღესაც პოლიციური სახელმწიფოა, სადაც მთავრობა ადამიანების უმრავლესობას მუდმივად უსმენს და ატერორებს. სანდრო გირგვლიანის მკვლელები ხელისუფლებაში დღესაც არიან, ქვეყანას მართავენ ძმები ახალაიები, სანოძე, მათი ძმები. თანაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე საგრძნობლად გამდიდრდნენ”, - ამბობს ირაკლი კაკაბაძე ”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

”ახალი თაობა” პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ეკითხება: ”იმ მოსაზრებას რამდენად იზიარებთ, რომ ნოღაიდელი ხელისუფლებამ შექმნა, როგორც ოპოზიციონერი?”. ”მე ნამდვილად ვერ დავაბრალებ ვერც ერთს და ვერც მეორეს, მაგრამ ნოღაიდელი რომ არ ყოფილიყო და რაღაც ანალოგიური შეექმნა ხელისუფლებას, სწორს იზამდა. როდესაც ხელისუფლებას არა აქვს თვითონ რუსეთის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის არანაირი რესურსი, ყოველთვის უპრიანია გამოიყენო ვიღაც სხვა, რომელსაც შეუძლია ეს ურთიერთობა და ეს შენი პოლიტიკის ცვლილებად არ აღიქმება”, - ამბობს საყვარელიძე.

”ალიას” ”ხალხის პარტიის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი კობა დავითაშვილი რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ეუბნება: ”მე ვაპირებ შევხვდე რუსეთში საპარლამენტო ოპოზიციას და ხელისუფლების წარმომადგენლებს. სააკაშვილს ქურდული ლექსიკა დასჩემდა ამ ბოლო დროს. თან ქურდებს ებრძვის და თან გივის ალაპარაკებს ქურდებთან. ბატონი სააკაშვილისთვის შეიძლება დემეტრე თავდადებული ”ჩმორია” და მას ხალხი ეზიზღებოდა, რადგან ის ყაენს ეახლა, მან კი თავი მოაჭრა. მაგრამ ჩემთვის ის გმირია. ჩემთვის სააკაშვილია ”ჩმორი”, რომელიც გორში მიწაზე ფორთხავდა და ჰალსტუხს ღეჭავდა”, - ამბობს კობა დავითაშვილი ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ალიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ პარლამენტის ვიცე-სპიკერ, პროფესორ ფრიდონ თოდუასთან, რომელიც ამბობს: ”მე ვფიქრობ, რომ დღეს თუ არა, ხვალ ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა დავიწყოთ. აუცილებლად... როგორც ვიცი, თვითონაც არიან განწყობილი იმისთვის, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები, მაგრამ პირველ ნაბიჯს ჩვენგან ელოდებიან. მაგათ უნდათ, რომ ინიციატივა ჩვენგან იყოს... აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება და მე მგონია, რომ ეს აუცილებლად მოხდება. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. თუ იქნება საკითხი დაყენებული, რომ მე ჩავერთო ამ საქმეში, რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ და მთელ ჩემს კავშირებს გამოვიყენებ”, - ამბობს ფრიდონ თოდუა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG