Accessibility links

logo-print

პირველ ოტობაიაში ქართველების ოჯახზე თავდასხმის დეტალები


ენგურის ხიდი, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

ენგურის ხიდი, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

15 თებერვლის ღამეს გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ქართული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან. ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ცნობით, რუსმა და აფხაზმა სამხედროებმა ჯემალ აშოტიას ოჯახი გაძარცვეს და ქართული პასპორტები გაანადგურეს. ასეთსავე სურათს აღწერს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, თუმცა პირველი არხის რეპორტაჟში დაზარალებულის გვარი არა აშოტია, არამედ ფიფიაა. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას ტელეკომპანიებით გაშუქებული ფაქტი აღუწერა და განაცხადა, რომ დაზარალებულის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს ისევ და ისევ მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, რადგან ოჯახის წევრები ოკუპირებულ სოფელში რჩებიან.

განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის პირველი ოტობაიის მკვიდრი, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით. რესპონდენტის თქმით, სოფელში ფიფიების მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, მისი უფროსი მამაკაცი აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენელია და მათზე თავდასხმა არ განხორციელებულა. შუახნის მამაკაცს არც აშოტიების ოჯახზე თავდასხმის შესახებ სმენია. ოტობაიელმა მამაკაცმა უსაფრთხოების მიზნით ხმის შეცვლა ითხოვა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ლეკუხონაში არსებულ ვითარებას, რომლის შესახებაც რადიო თავისუფლება ორშაბათს იტყობინებოდა, იქ რუსი ოფიცრები ცოლ-შვილთან ერთად კიდევ ორი ადგილობრივი მკვიდრის სახლში დასახლდნენ, ოჯახის წევრები კი გააძევეს. ლეკუხონელი ქალბატონის ცნობით, რუსი სამხედროების ასეთმა ქმედებამ მასობრივი სახე მიიღო. იგი დარწმუნებულა, რომ საკუთარი სახლებიდან გაძევებული თანასოფლელების ბედს გაიზიარებს ყველა, ვისი სამოსახლოც ლეკუხონაში მშენებარე რუსულ სამხედრო ბანაკთან ახლოსაა.
XS
SM
MD
LG