Accessibility links

სასმელი წყალი კახეთში ჯერ კიდევ გასულ წელს ნომერ პირველ პრობლემად დასახელდა. გიორგი ღვინიაშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში, აცხადებს, რომ 2009 წელს პრობლემის მოსაგვარებლად რეგიონში 16 მილიონი ლარი გაიხარჯა.

ამის მიუხედავად, სასმელი წყლის პრობლემა კახეთის თითქმის ყველა რაიონში კვლავაც მწვავედ დგას. ზოგან თუ მოსახლეობას წყალი საერთოდ არ მიეწოდება, არის სოფლები, სადაც სასმელი წყლის ხარისხზე ჩივიან. მაგალითად, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, სადაც ადგილობრივებს წყლის ზიდვა კილომეტრებით დაშორებული ადგილებიდან უწევთ, ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად თანხა არაერთხელ გამოიყო, მაგრამ სოფელს წყალი კვლავაც არ მიეწოდება.

თანხები გაიხარჯა და პრობლემა დღემდე მოსაგვარებელია ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში. აქ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჭაბურღილის გაკეთება რამდენჯერმე სცადა, თუმცა კართუბნელებს პრობლემა მაინც არ მოუგვარდათ. ჭაბურღილიდან წყალი მხოლოდ დროებით ამოვიდა. არადა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქაც საკმაოდ სოლიდური თანხაა გახარჯული.

თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე ჩივიან დედოფლისწყაროს რაიონშიც. მოსახლეობასთან ერთად უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე მიანიშნებს მოძრაობა “სამართლიანი საქართველოს” დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა ჯამასპიშვილი:

"ვიყავი სოფელ მირზაანში, როდესაც წყლის რეაბილიტაცია ხდებოდა და სხვადასხვა უბნებში გაჰყავდათ წყალი, მაგრამ მილსაფარი იმდენად მაღლა იყო მიწაში ჩადებული, რომ ყოველ ყინვაზე იყინება წყალი."

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2010 წელსაც აქტიურად გრძელდება. უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე პასუხს კი შემსრულებელი კომპანიები აგებენ.
XS
SM
MD
LG