Accessibility links

logo-print
პირველ ეტაპზე ოცდაორი ათასი აბონენტი გამრიცხველიანდება. ისინი იმ ქუჩების მცხოვრებლები არიან, სადაც წყლის სისტემის რეაბილიტაციის ოცდაშვიდმილიონიანი პროგრამის ფარგლებში წყალგაყვანილობა შეიცვალა.მრიცხველები მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცემა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის ფილიალის მენეჯერის ანდრო ლოსაბერიძის თქმით, უახლოეს დღეებში ტენდერი ჩატარდება იმ ფირმების გამოსავლენად, რომლებიც მრიცხველებს დაამონტაჟებენ.

ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟება იმ აბონენტებსაც შეუძლიათ, რომლებსაც წყლის სისტემის რეაბილიტაციის 27მილიონიანი პროგრამა არ შეეხოთ. ამ შემთვევაში მოსახლეობამ მრიცხველი თვითონ უნდა შეიძინოს. იუზა მოდებაძე ერთ-ერთია, ვინც პროგრამაში ვერ მოხვდა. მას მრიცხველის დამონტაჟება სურს, მაგრამ ამისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნია.მისი თქმით, ბაზრობაზე მრიცხველი 50 ლარამდე ღირს, რასაც ხელოსნისთვის მისაცემი 30 ლარი ემატება.

რადიო თავისუფლების რესპონდენტი ფიქრობს, რომ მრიცხველის დაყენების შემდეგ ნაკლებ გადასახადს გადაიხდის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ასა“–ს წარმომადგენელი ზაზა ხელაძე წყლის მრიცხველების შემოღებას რამდენიმე გარემოების გამო უჭერს მხარს. ის ამბობს, რომ მრიცხველი აბონენტს და წყალკანალს ურთიერთკონტროლს გაუადვილებს, ამასთან, მოსახლეობა წყლის ეკონომიურ ხარჯვას მიეჩვევა.

წყლის ტარიფი ქუთაისში სულადობის მიხედვით იანგარიშება და ერთ სულზე ორ ლარს და ორმოც თეთრს შეადგენს. გამრიცხველიანების შემდეგ გადასახადი მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. ტონა წყალი 24 თეთრი ეღირება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის ფილიალის გათვლებით, ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ ცხრა ტონამდე წყალს დახარჯავს. ამ გათვლებით, ფიქსირებულ და მრიცხველით ნაჩვენებ გადასახადს შორის სხვაობა არც ისე დიდი გამოდის.
XS
SM
MD
LG