Accessibility links

logo-print

სახლები და კომპენსაციები დევნილებს?!


კობა სუბელიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

კობა სუბელიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე სამინისტროს მიერ 2009 წელს გაწეული საქმიანობის პრეზენტაციით წარდგა. 13 გვერდიანი წერილობითი პრეზენტაცია და ამას დამატებული კიდევ რამდენიმე გვერდი, ფოტოილუსტრაციებით, დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. კობა სუბელიანის პრეზენტაციის დიდი ნაწილი ციფრებს უჭირავს.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 26 000 და 1990-93 წლებში დევნილად ქცეული 232 083 ადამიანისათვის 2009 წელს ხელისუფლებამ დაახლოებით 300 მილიონი ლარი გამოყო. თანხა, ძირითადად, საცხოვრებელი ფართების ასაშენებლად და მათი რეაბილიტაციისათვის დაიხარჯა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც 2009 წელს დევნილთა დასახმარებლად გადაიდგა, არის საცხოვრებელი ფართების დაკანონება. ამ ეტაპისათვის აფხაზეთიდან დევნილ 10 550 ოჯახს დაუკანონდა ფართი. მისივე თქმით, მიმდინარე და მომავალი წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება და რეაბილიტაცია იქნება:

”2011 წლისთვის ვფიქრობთ, რომ დავიწყებთ რეგიონებში კარკასების ბინებად გადაკეთებას და ქირით მცხოვრები დევნილების ბინებით დაკმაყოფილებას.”

კობა სუბელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მოსმენაზე დევნილთა გახმაურებული გასახლებების ფაქტებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამიერიდან არც ერთ დევნილს ქუჩაში დარჩენის საშიშროება აღარ ემუქრება.

კარალეთი, ლტოლვილთა დასახლება
კიდევ ერთი თემა, რომელიც 16 თებერვალს საკომიტეტო მოსმენაზე გამოიკვეთა, დევნილთათვის კომპენსაციების გაცემის შეფერხების საკითხი იყო. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ რამდენიმე ხნის წინ დევნილებმა კომპენსაციის მიღების მოთხოვნით აქციები გამართეს როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, ასევე პარლამენტის შენობასთან. აღნიშნული საკითხი სხდომაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ წამოსწია.

”რაც გაკეთდა, იმაზე თვალს არავინ ხუჭავს, მაგრამ ის, რაც უნდა გაკეთებულიყო და რაც დღესაც დაპირების დონეზე რჩება და გულისხმობს დევნილთათვის კომპენსაციების გაცემას, საინტერესოა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვაზე რა პასუხს გაგვცემს მინისტრი”, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდა დევნილი სოფელ კოხვიდან მერაბ კასრაძე, რომელმაც პირადად გააცნო მინისტრს მათ წინაშე მდგარი პრობლემები:

”არ გვაქვს დაფინანსება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან. ჩვენთვის განკუთვნილი თანხები ვერ მივიღეთ, 4-5 თვის წინ მივმართეთ სამინისტროს, მაგრამ ჯერ პასუხი არ ისმის.”

მინისტრის პასუხი წამოწეულ პრობლემებზე კი ასე ჟღერდა:

”ჩვენ ამ საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ და კომპენსაციის გარეშე არავინ დარჩება.”

დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გამოყოფა, ერთჯერადი კომპენსაციების გაცემა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება - ეს იმ მოთხოვნების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა გაახმიანა და რომლებიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გასულ წელს 175 წერილისა და საჩივრის სახით შევიდა. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტი დაინტერესებული მხარეა და დევნილთა უფლებებს იცავს, ის ჯერ კიდევ ვერ იქნება ბოლომდე კმაყოფილი იმით, რაც კეთდება, თუმცა, არც იმას უარყოფს, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს დევნილთა პირობების გასაუმჯობესებლად.
XS
SM
MD
LG