Accessibility links

logo-print

პაკისტანში შეიპყრეს თალიბანის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მეთაური


გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, პაკისტანში დააკავეს თალიბანის ერთ-ერთი გავლენიანი სამხედრო მეთაური, მოლა აბდულ ღანი ბარადარი. ყოველდღიური გამოცემის თანახმად, ბარადარი კარაჩიში პაკისტანისა და შეერთებული შტატების ძალების მიერ ერთობლივად ჩატარებული რეიდის დროს შეიპყრეს.

თალიბანის მეთაურის, მოლა აბდულ ღანი ბარადარის, დაკავების შესახებ ინფორმაცია „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ ორშაბათს გამოაქვეყნა - მას შემდეგ, რაც გაზეთის კორესპონდენტებს ეს ცნობა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს. გაზეთის თანახმად, ბარადარი თვის დასაწყისში კარაჩიში შეიპყრეს შეერთებული შტატების და პაკისტანის ძალების მიერ ჩატარებული ერთობლივი რეიდის დროს და მას ახლა ორი ქვეყნის სადაზვერვო უწყებების წარმომადგენლები უტარებენ დაკითხვას.

თალიბანი ინფორმაციას არაერთგვაროვნად გამოეხმაურა. მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ცნობა უარყო - განაცხადა, რომ ბარადარი კვლავაც ავღანეთში იმყოფება და აქტიურად გეგმავს ჯგუფის სამხედრო და პოლიტიკურ ნაბიჯებს. მაგრამ თალიბანის, სულ მცირე, ერთმა საველე მეთაურმა მედიასთან ეს ცნობა დაადასტურა.

მოლა აბდულ ღანი ბარადარს თალიბანის რიგებში ბარადარ ახუნდად იცნობენ. ის თალიბანის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელიც კი აქამდე შეუპყრიათ. მისი დაკავების ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ისლამაბადისთვის, რომელიც ჩართულია თავის ტერიტორიაზე მყოფი თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში.

ექსპერტების აზრით, 42 წლის ბარადარი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თალიბანის მოძრაობის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ სფეროებში. მისი გავლენა განსაკუთრებით ძლიერია სამხრეთ ავღანეთში, სადაც ამჟამად ავღანეთისა და ნატოს ძალები 2001 წლის - ანუ თალიბთა რეჟიმის დაცემის - შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ თალიბანის წინააღმდეგ.

ავღანელმა პარლამენტარმა მაულვი არსალა რაჰმანიმ, რომელიც ერთ დროს თალიბანის მინისტრთა კაბინეტში მუშაობდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბარადარი, თავისი გავლენის მიუხედავად, მაინც ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ვიდრე, მაგალითად, თალიბანის ლიდერი მოლა ომარი და მოძრაობის სხვა გავლენიანი წარმომადგენლები. ამდენად, პარლამენტარი ვარაუდობს, რომ თალიბანი ბარადარს სხვა ფიგურით ჩაანაცვლებს. მაგრამ რაჰმანი იქვე აღნიშნავს, რომ თუკი მისი შეპყრობის შესახებ ცნობები სიმართლეს შეესაბამება, ეს თალიბანისთვის დიდი დარტყმა იქნება:

„ის ერთ-ერთი ლიდერი იყო და დიდი ენერგია მოახმარა მოძრაობის ორგანიზებას. მას დიდი გამოცდილება ჰქონდა და ზედმიწევნით კარგად იცნობდა ავღანეთში მიმდინარე პროცესებს. მაგრამ მისი დაკავება არ ნიშნავს, რომ თალიბანის მოძრაობა დამთავრდა ან მათ წინააღმდეგ წარმოებული ომი და ბრძოლა დამთავრდა მხოლოდ იმიტომ, რომ თალიბანის ბევრი მნიშვნელოვანი ლიდერი ახლა ციხეშია“, - ამბობს რაჰმანი.

ანალიტიკოსების აზრით, ბარადარის შეპყრობა ნათლად მოწმობს, რომ ოფიციალურ ისლამაბადს ნამდვილად სურს ავღანეთიდან მის ტერიტორიაზე გადასულ თალიბანის ქსელებთან ბრძოლა. ეს გარემოება კი, ექსპერტების აზრით, ქაბულსა და ვაშინგტონს მნიშვნელოვან ძალას მატებს თალიბანთან ბრძოლის პროცესში.
XS
SM
MD
LG