Accessibility links

logo-print

დანკან კენედი: ციგაობა სიკვდილს არ უნდა იწვევდეს


ნოდარ ქუმარიტაშვილის საბედისწერო რბოლა

ნოდარ ქუმარიტაშვილის საბედისწერო რბოლა

ვანკუვერში ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის შემდეგ საერთაშორისო მედიაში არ წყდება დისკუსია ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესახებ. შესაძლებელი იყო თუ არა ამ უბედური შემთხვევის თავიდან აცილება? არის თუ არა სათანადოდ დაცული უსაფრთხოების ზომები? რას მოასწავებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში სიჩქარის და ტექნიკური სირთულეების მუდმივი ზრდა?

ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხს დღეს ბევრი ეძებს. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრაიან უიტმორი დაუკავშირდა ამერიკელ სპორტსმენს, ყოფილ მოციგავე დანკენ კენედის, რომელსაც შეერთებული შტატების სახელით სამჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული ოლიმპიურ თამაშებში, ახლა კი ტელეკომოპანია NBC-ს სპორტული კომენტატორია. პირველი შეკითხვა, რომლითაც ჩვენმა რადიომ დანკან კენედის მიმართა, სწორედ სიჩქარის მუდმივ ზრდას და ამით გამოწვეულ საფრთხეებს ეხებოდა:

დანკან კენედი: ეს მიზანმიმართული პოლიტიკა არ ყოფილა - უბრალოდ, მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სპორტში, იქნება ეს ავტორბოლა, მოტორბოლა თუ ბევრი სხვა სახეობა, დადგენილი ლიმიტების მიუხედავადაც, სიჩქარე სულ უფრო და უფრო იზრდება. განსაკუთრებით სპორტის იმ სახეობებში, სადაც მიზიდულობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადენს, ეს ერთგვარად ლოგიკური პროცესი იყო - იმის დადგენა, თუ რამდენად შორს შეიძლებოდა წასვლა. ეს სპორტული აზარტით მოხდა. მაგრამ ახლა, ჩემი აზრით, მივაღწიეთ ეტაპს, როცა ეს აზარტი ზღვარს გადასცდა. კიდევ ერთხელ ვამბობ - არა მგონია, რომ ეს ვინმემ მიზანმიმართულად გააკეთა. სამწუხაროდ, სპორტი ამგვარი რთული გაკვეთილებით სწავლობს, რომ პროცესები შეიძლება მისაღებ ზღვარს გადასცდა.

სიჩქარის მაჩვენებლებთან ერთად, გამუდმებით იზრდება სპორტის ამა თუ იმ სახეობის ტექნიკური სირთულის ხარისხიც - რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ეს ვანკუვერში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს? - ეს იყო შემდეგი შეკითხვა, რომელიც ციგაობის ამერიკელ სპეციალისტს დავუსვით:

დანკან კენედი: ჩემი აზრით, უისტლერში ნაჩვენები სიჩქარეები ნამდვილად იყო ზღვარს გადაცილებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ტრასის ტექნიკურ მხარეზე , რაც, ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია. სიჩქარე მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია. ტრასა შეიძლება ძალიან სწრაფი იყოს, მაგრამ ტექნიკურად სირთულეს არ წარმოადგენდეს და წლები ისე გავიდეს, რომ ამ ტრასაზე არანაირი ინციდენტი არ მოხდეს. მაგრამ ეს რთული ტრასა იყო. ვფიქრობ, საციგაო სპორტი უნდა დაუბრუნდეს ტექნიკურად რთულ ტრასებს, ოღონდ სადაც ნაკლები სიჩქარე იქნება საჭირო.

დანკან კენედის ვკითხეთ, კონკრეტულად რაში მდგომარეობდა იმ ვირაჟის სირთულე, რომელმაც იმსხვერპლა ნოდარ ქუმარიტაშვილის სიცოცხლე:

დანკან კენედი: იმ კონკრეტულ ვირაჟზე, სადაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო აჩქარებისა და თავისუფალი ვარდნის ურთიერთმიმართებისას წარმოშობილი ძალა, თუკი სპორტსმენი იდეალურ ხაზს აცდენილი იყო. ვირაჟში შესვლა შესაძლებელია რბილად - იმ მოსახვევის შემთხვევაში ეს შესვლა მარცხნიდან უნდა მომხდარიყო. ჩვენ ამას ვირაჟში ნაადრევ შესვლას ვუწოდებთ. ამ შემთხვევაში ციგა მყარად მოძრაობს და აჩქარებისა და თავისუფალი ვარდნის ურთიერთმიმართებისას წარმოქმნილი ძალები შედარებით თანაბრად ნაწილდება. მაგრამ თუკი მოსახვევში გვიან შეხვალ, ანუ მარჯვენა მხარეს, მაშინ ეს ძალები ერთბაშად შემოგიტევს და ეს იმდენად ძლიერი და მოულოდნელია, რომ ციგის გაკონტროლება რთული ხდება.

რამდენად რეალისტურია მოლოდინი, რომ ამ უბედური შემთხვევის შემდეგ საციგაო სპორტში სიჩქარის მაქსიმალური მაჩვენებელი დაიკლებს? - ვკითხეთ კენედის.

დანკან კენედი: ამაზე ბევრი ვიფიქრე. სიმართლე გითხრათ, სიჩქარის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბობსლეისა და ციგაობისთვის ერთსა და იმავე ტრასას იყენებენ. უწინ საქმე სხვაგვარად იყო. ახლაც არის რამდენიმე ტრასა, - გერმანიაში, მაგალითად, - რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ციგაობისთვის არის განკუთვნილი. უწინ ცალ-ცალკე იყო საციგაო და ბობსლეის ტრასები. საციგაო ტრასებს ბევრად უფრო მჭიდრო კუთხეები ჰქონდა და მათზე სრიალი - ან ამ სრიალის ყურება - ძალიან აზარტული და საინტერესო იყო, სიჩქარე კი არ იყო ძალიან მაღალი. გერმანიაში მდებარე ტრასაზე, მაგალითად, მაქსიმალური სიჩქარე, მგონი, საათში 120 კილომეტრია. პრობლემა ამ მაღალი სიჩქარის ტრასებშია, რომლებსაც, ეკონომიის მიზნით, კომბინირებულად იყენებენ.

ამ უბედური შემთხვევის ირგვლივ, ალბათ, ყველაზე საკამათო გარემოება ფატალური დასასრულის სპორტსმენის მიერ დაშვებული შეცდომით ახსნას უკავშირდება, როგორც ეს ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა. თუმცა ბევრი - მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - აღნიშნავს, რომ როგორი შეცდომაც უნდა დაუშვას სპორტსმენმა, უსაფრთხოების ზომები დაცული უნდა იყოს და ეს მისი სიკვდილით მაინც არ უნდა დამთავრდეს. როგორია თქვენი აზრი ამის შესახებ? - ვკითხეთ დანკან კენედის:

დანკან კენედი: სპორტის ამ სახეობაში ეს არ უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ, პრეზიდენტი სააკაშვილი სწორია. საქმე ციგაობასთან გვაქვს და სხვა არაფერთან. ამას ყველა სახეობაზე ვერ ვიტყვით - ავტორბოლასა და მოტორბოლაში შეცდომის დაშვება ადვილი წარმოსადგენია სიკვდილით დასრულდეს. მაგრამ ციგაობაში სამ ათწლეულზე მეტია ასეთი რამ არ მომხდარა. ეს კონკრეტული უბედური შემთხვევაც საკმაოდ - ასე ვთქვათ - უჩვეულო იყო. არა, სიკვდილი ამ სპორტის საფრთხე არ უნდა იყოს. თუმცა, როგორც ვიცით, უკვე დაშვებულ შეცდომებზე ადვილია ლაპარაკი.

დანკან კენედის ვკითხეთ, მისი აზრით, ამ უბედური შემთხვევის შედეგად რამდენად გამკაცრდება საციგაო სპორტში არსებული უსაფრთხოების ზომები:

დანკან კენედი: რასაკვირველია, ასე უნდა იყოს - ამას სერიოზულად უნდა მოეკიდონ. სპორტის ეს სახეობა სიკვდილს არ უნდა იწვევდეს - მას ისედაც შეუძლია აზარტული და საინტერესო იყოს. სწორედ ამაზე უნდა დაიწყოს ყველამ ფიქრი. მესმის, რომ ყველას სურს ახალ-ახალი ტრასები მაქსიმალურად საინტერესო და აზარტული გახდეს, მაგრამ არავის უნდა ისინი საშიში ან საციგაოდ შეუძლებელი იყოს. საუბედუროდ, დღევანდელ ვითარებაზე დაფიქრების წინაპირობა ასეთი დიდი ტრაგედია გახდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG