Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონას დანიის პარლამენტარები ესტუმრნენ


დანიის სამეფოს პარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები ერგნეთის საგუშაგოსთან
დანიის სამეფოს პარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები ერგნეთის საგუშაგოსთან
დღეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დანიის სამეფოს პარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ. იმ დროს, როდესაც დანიელი დეპუტატები ერგნეთში მდებარე ქართულ საგუშაგოს ათვალიერებდნენ, ცხინვალის მხრიდან სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. როგორც საგუშაგოსთან შეკრებილმა ერგნეთლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, სროლა ყოველ ღამით ისმის, მათი უსაფრთხოება გარანტირებული არ არის, უცხოელების სოფელში ჩასვლა კი მათთვის მხოლოდ მცირედი იმედია იმისა, რომ რეგიონში საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა.

სროლისა და აფეთქებების გამო შეშფოთება დანიელმა სტუმრებმაც გამოთქვეს. დანიის სამეფოს პარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარემ მაიკლ ასტრუპ იენსენმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი ერგნეთის საგუშაგოზე, სროლის ხმის ფონზე გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს ევროსაბჭოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის, ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარის გაყვანის და იქ ევროპელი დამკვირვებლების შეშვების თაობაზე.

დანიის პარლამენტართა დელეგაციას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კანდელაკი მასპინძლობდა. მისი თქმით, მაიკლ იენსენი იყო ევროსაბჭოში ის დეპუტატი, რომელმაც რუსეთის გარიცხვის საკითხი დააყენა. ამიტომ, მისი აზრით, უცხოელი დეპუტატების სტუმრობა რეგიონში მნიშვნელოვანია: ამის შემდეგ საქართველოს მოთხოვნების გასახმიანებლად შესაძლოა ყველა საერთაშორისო ფორუმი მისაწვდომი გახდეს.

ერგნეთში ჩასვლამდე დანიელ დეპუტატთა დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს და რეგიონის გუბერნატორს ვლადიმერ ვარძელაშვილს შეხვდა. გუბერნატორმა სტუმრებს დღეს რეგიონში არსებული ვითარება გააცნო.

დღის ბოლოს დანიის სამეფოს პარლამენტის დელეგაციის წევრები სოფელ წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.
XS
SM
MD
LG